ავტორი:

“ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს - სხეულის არეში მივიღე ჭრილობა, მათ შორის, გულ-მკერდის არეში“ - 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაშავებული დეტექტივი

“ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს - სხეულის არეში მივიღე ჭრილობა, მათ შორის, გულ-მკერდის არეში“ - 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაშავებული დეტექტივი

“ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების, ფილების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს“, - ამის შესახებ დეტექტივმა ირაკლი ლურსმანაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხვისას განაცხადა.

  • ლურსმანაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მისი თქმით, ათონელის სასახლესთან შეკრებილები ფიზიკურად საკმაოდ მომზადებულები და აგრესიულად განწყობილები იყვნენ. მოწმის ჩვენებით, დემონსტრანტები აირწინაღებითაც იყვნენ შეიარაღებული.

“ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების, ფილების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს და საითაც მივდიოდი - ღობისკენ, იმის საწინააღმდეგო მხარეს აღმოვჩნდი. აზრზე რომ მოვედი, სასახლის გვერდით ქუჩა რომ ჩადის, იქ ვიყავი. რამდენიმე ადამიანი მოვიდა, მათ შორის, ერთი გოგონა და ბიჭი მოვიდა, სთხოვდნენ გაჩერებულიყვნენ.

სხეულის არეში მივიღე ჭრილობა, მათ შორის, გულ-მკერდის არეში. ტანსაცმელი, ქურთუკიც და მაისურიც გაჭრილი იყო.

ფეხის უკანა მხარეს მივიღე დაზიანება, პირველ მცდელობაზე საფულემ შეუშალა ხელი, შემდეგ ჯერზე უკვე დაზიანება მომაყენა. შარვალი ორ ადგილას იყო გაჭრილი”, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

  • მისივე თქმით, კლინიკაში გადაიყვანეს, ჭრილობა დაუმუშავეს, რეკომენდაციები მისცეს და კლინიკიდან გაწერეს. დეტექტივის ჩვენების მიხედვით, მას მკურნალობისთვის 20 დღე დასჭირდა.

დეტექტივმა ერთ-ერთი ბრალდებული - გენადი კუპრეიშვილი ამოიცნო, რომელიც, მისი თქმით, ფიზიკურად გაუსწორდა.

„ეს ადამიანია უშუალოდ ის ადამიანი, როცა ვცდილობდი მასიდან გარიდებას და გოგო და ბიჭი მეხმარებოდა, ეს ადამიანი გვერდით გაიწია, გამატარა და უკნიდან ჩამარტყა“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

მას კითხვით მიმართა ბრალდებულმა კუპრეიშვილმა, თუ რა ნიშნებით ამოიცნო ის, რაზეც დეტექტივმა უპასუხა, რომ ეს პიროვნება „დაბალი ტანის იყო და მოკლე თმა ჰქონდა“. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მას ბრალდებული კვლავ ჩაეკითხა, ჰქონდა თუ არა წვერი, რაზეც ლურსმანაშვილმა უპასუხა, რომ „აღარ ახსოვდა, შეიძლება დაბალი წვერი ჰქონოდა“.

ბრალდებულმა კუპრეიშვილმა მას ისევ მიმართა კითხვით, ეკეთა თუ არა მას დროშა, რაზეც დეტექტივმა უპასუხა, რომ არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა. სასამართლოში ჩვენება მისცა, ასევე, ჰაბიტოსკოპმა ნუგზარ ტალახაძემ. მან ჰაბიტოსკოპური ექსპეტიზით, კონკრეტულ ჩანაწერში ბრალდებულ გენადი კუპრეიშვილის ყოფნა დაადასტურა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.