მთავრობამ "უმაღლესი განათლების რეფორმის" ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება. შესაბამისად, როგორც სასწავლო პროგრამებს, ისე მისაღები სტუდენტობის რაოდენობას სახელმწიფო დაადგენს. 2026-2027 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 6650-ით განისაზღვრა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. დადგენილების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 21 300-ით განისაზღვრა. რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების რაოდენობა 3233 იქნება, საიდანაც 1013 თსუ-ისთვის არის განსაზღვრული, 660 სტუ-ის პროგრამებისთვის, ხოლო 60 - ილიას უნივერსიტეტისთვის. ამ რიცხვებიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება უკიდურესად ზღუდავს ილიას უნივერსიტეტს. სად მიიყვანს დაწყებული რეფორმა საქართველოს განათლების სისტემას, ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი:
- მოსაზრება, რომ ხელისუფლების წამოწყებული ე.წ. რეფორმა ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული, სრულიად საფუძვლიანია, ისევე როგორც შენონების გასხვისებასთან დაკავშირებული სრულიად ბანალური, მერკანტილური მოტივი, თუმცა მე ამ პრობლემას უფრო ფართოდ შევხედავდი.
დავიწყებ იმით, რომ რეჟიმის ფორმირების პროცესში ხელისუფლებას აქვს გარკვეული პრობლემები, რაც სხვადასხვანაირია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ახალ თაობასთან კონფლიქტი. ამ რეჟიმის ფორმირება ხდება პოსტსაბჭოთა მენტალიტეტზე დაყრდნობით, რაც სრულიად უცხოა ახალი თაობისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფერს თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, რუსი იმპერიალისტი იდეოლოგები ბოლო წლებში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, საქართველოში ყველაფერი სწორად მიდის, მაგრამ პრობლემაა ახალი თაობა, რომელიც სრულიად გაუცხოებულია ჩვენს წიაღთან, რუსული ენაც კი არ იცისო. მათი აზრით, ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ახალი მოდელით მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, ეს ე.წ. განათლების რეფორმა გარკვეულწილად შიდაპოლიტიკური მოტივებითაც არის განპირობებული, მაგრამ, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ფაქტორია. გარკვეული ქმედებები მეტყველებს, რომ ამ რეფორმების სტრატეგია სწორედ კრემლთან კოორდინაციაშია შემუშავებული.
ახლა შევეცდები ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. გავიხსენოთ, რით დაიწყეს ეს რეფორმა - გამოცხადდა 3 ინიციატივა: პირველი - განათლების საერთაშორისო ცენტრის გაუქმება, მეორე 11-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასვლა და მესამე - უმაღლესი განათლების სისტემის მოწყობა პრინციპით: "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი". რას იძლევა ეს სამი ინიციატივა? - ართულებს ცივილიზებულ სამყაროში განათლების მიღებას. მოგეხსენებათ, 11-წლიანი განათლება ცივილიზებულ სამყაროში არსად არ არის, ანუ 11-წლიან ატესტატს არსად არ იღებენ. ერთადერთი ქვეყანა არის რუსეთი, სადაც ის შეიძლება იყოს მოქმედი და ასევე დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში. პირველი ორი ინიციატივა სწორედ ამგვარი შედეგის მიღებას ემსახურება, ანუ გადაუკეტონ ქართველ ახალგაზრდებს ცივილიზებული, დასავლური განათლების მიღების გზები.
რაც შეეხება მესამეს, უნდათ შექმნან ხელოვნური დეფიციტი მოთხოვნად პროფესიებზე და საბოლოოდ იძულებული გახადონ ქართველო მშობლები და აბიტურიენტები, რომ უცხოეთში ეძებონ განათლების მიღების საშუალებები, თუმცა ვინაიდან ხელისუფლება მათ დასავლეთისკენ გზებს ყველანაირად უჭრის, ალტერნატივად რჩებათ მხოლოდ რუსეთისა და დსთ-ის ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტები.
- ობიექტურობა მოითხოვს შევნიშნოთ, რომ ამ მომენტისთვის ხელისუფლება ამბობს, თუ მოსწავლეს ექნება სურვილი, მას შესთავაზებენ 12-წლიან სწავლებასაცო.
- რეალურად როგორ განხორციელდება ეს შეთავაზება ან საერთოდ, განხორციელდება თუ არა, არავინ იცის. ვინმემ დაასაბუთა, რა მოტივით გადაწყვიტეს 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა? თუ ჩვენი მიზანია ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში, მაშ, რატომ ვამბობთ უარს ვიყოთ საერთაშორისო, გლობალური განათლების სისტემის ნაწილი? ყველაფერი, რასაც ახლა ამბობენ, რომ ვიღაცა 12 წელს ისწავლის, რეპეტიტორიუმს თუ რაღაც მსგავსს ქმნიან, ეს წყალზე ნაწერი ისტორიებია, რაც ან განხორციელდება, ან არა. მთავარი დამაზიანებელი და სახიფათო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ვიმეორებ, ილიას უნივერსიტეტი ნამდვილად არის კონკრეტული სამიზნე, მაგრამ პრობლემა გაცილებით გრძელვადიანი და გლობალურია. გააგრძელეთ კითხვა