დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნიდერლანდების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი რუსეთის სახელმწიფომ მოკლა - მისი გარდაცვალების მიზეზი სამხრეთ ამერიკული ბაყაყის ტოქსინი, ეპიბატიდინის შხამი გახდა.
ტოქსიკოლოგიის ექსპერტის, ჯილ ჯონსონის თქმით, ეპიბატიდინი ეკვადორული შხამიანი ბაყაყის კანიდან გამოყოფილი ბუნებრივი ნეიროტოქსინია.
ამბობენ, რომ ტოქსინი ეპიბატიდინი მორფინზე 200-ჯერ უფრო ძლიერია. სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ადგილობრივი ტომი მას ნადირობისას ისრებისა და სასროლი იარაღის მოსაწამლად იყენებს. ტოქსინი ნერვულ სისტემას აზიანებს, რაც დაბუჟებასა და დამბლას იწვევს.
ეს ძლიერი ქიმიური ნაერთი ნერვულ სისტემაში ნიკოტინის რეცეპტორებზე მოქმედებს. გარკვეული დოზირების შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს კუნთების კანკალი, დამბლა, კრუნჩხვები, გულისცემის შენელება, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი.
ბაყაყები ამ ქიმიურ ნივთიერებას კონკრეტული სახეობის საკვების მიღებით გამოიმუშავებენ, რაც იწვევს ალკალოიდების - ორგანული ნაერთის ტიპის - გამომუშავებას, სწორედ ეს ნაერთი წარმოქმნის ეპიბატიდინს. თუ ბაყაყის რაციონი შეიცვლება, მისი ეპიბატიდინის მარაგი ამოიწურება.
ეპიბატიდინი უკიდურესად იშვიათია და მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ რეგიონში, ისიც მხოლოდ მცირე რაოდენობით გვხვდება.
მოსკოვი ადრე აცხადებდა, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქვრივი, იულია ნავალნაია, მუდმივად ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი მოწამლეს. ლონდონში რუსეთის საელჩომ უარყო მოსკოვის კავშირი ნავალნის სიკვდილთან და განცხადებას "დასავლური ფაბულისტების სისუსტის“ და "ნეკროპროპაგანდის“ ტოლფასი უწოდა.
გავრცელებულ დასკვნას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. ის კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს.
“რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს და მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს,“ - განაცხადა მან.
"დაადგინეს, რომ ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, მოწამლეს ეპიბატიდინით - ნეიროტოქსინით, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ შხამად მიიჩნევა. ბუნებაში ეს შხამი ეკვადორული ისრისებრი ბაყაყის კანზე გვხვდება - იწვევს დამბლას, სუნთქვის გაჩერებას და მტკივნეულ სიკვდილს. პირველი დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქმარი მოწამლეს, და ახლა ამის მტკიცებულებაც არსებობს: პუტინმა ალექსეი ქიმიური იარაღით მოკლა.
მადლობელი ვარ ევროპული სახელმწიფოების ორი წლის განმავლობაში გაწეული გულმოდგინე მუშაობისა და სიმართლის გამოვლენისთვის. ვლადიმერ პუტინი მკვლელია და მან ყველა დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს".
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.
ალექსეი ნავალნი ორი წლის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.
იხილეთ ასევე: