საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.
„ჩვენ არ გვქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარვუდგენთ შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ამასთან, რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძის დანიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექცია იმ მოცემულობის შესაბამისად იმუშავებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები თუმცა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
„ალექსანდრე წულაძე გამოცდილი ადამიანია, იყო განათლების მინისტრი და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ არის პოლიტიკური წესით ელჩის ან ელჩთან გათანაბრებული პირის განმწესების პრაქტიკა და არსებობს არაპოლიტიკური ნიშნით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები - ამ მოცემულობის გათვალისწინებით იმუშავებს სექცია რუსეთის ფედერაციაში,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ერთი მხრივ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. მეორე მხრივ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის განცხადებით, განწყობილნი არიან საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები განავითარონ.