ძალა არის გამოსაყენებელი ყველა მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ, ვინც იარაღგარჭობილი ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს, სცემს და წიხლს ურტყამს, ყველასთვის ხელია დასამტვრევი. აქ დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი შეხედულება - მოიტანონ ერთი მტკიცებულება და ხელები ამიწევია! - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"საღი აზრის ფარგლებში თუ მაინც და მაინც დახურვა გინდათ, დახურეთ. დახურეთ ის ნაწილი, სადაც სახელები და გვარები უნდა წაიკითხოთ... საქმეზე არის საჯაროობა. არ არის წვრილმანი ქურდობის საქმე. საქმის დახურვის ინტერესს ბევრჯერ აღემატება საჯაროობის ინტერესი. პროკურატურის, სასამართლოს რწმენა საზოგადოებას ისედაც არ აქვს“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
"საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა, რადგან ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულების კულტურა. თქვენ ვისი მემკვიდრეებიც ხართ, საშინელი ხალხი ხართ, საშინელი! ჩვენ მართლმსაჯულების სისტემის არცერთი მიმართულებით არ გვაქვს ცივილიზებული კულტურა. ჩვენ გვყავდა მხოლოდ ვიღაცის მოსამსახურე მართლმსაჯულება, ყოველთვის - მეფის რუსეთიდან დაწყებული კომუნისტების ჩათვლით. არცერთ ეტაპზე ჩვენ სანდო, პატივსაცემი სასამართლოს ტრადიცია არ გვაქვს. არ იცოდით?“ - მიმართა ახალაიამ მოსამართლეს.
თავის მხრივ მოსამართლემ მას შეკითხვა დაუსვა: "თქვენ როცა ხელისუფლებაში ბრძანდებოდით მაშინ, როგორი იყო სასამართლო?“
ბაჩო ახალაიას თქმით კი, წინა ხელისუფლებამ სასამართლოში კორუფცია გაანადგურა.
"ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვბრძანდებოდით, ბატონო ჩემო... "კანონიერი ქურდების“ ჩაწყობილ საქმეებს რომ არეგულირებდით, ამას წავაცალეთ თავი. რომ მკითხეთ ამიტომ გპასუხობთ. ჩვენ დროს, ჩვენ გავანადგურეთ საშინელი კორუფცია, აღებ-მიცემობა. ადამიანები იყვნენ, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ.... "კანონიერი ქურდები" წყვეტდნენ დავას სასამართლოში. ჩვეულებრივი, ჩვენი ყველაზე ცნობილი მოსამართლეები, მერაბ ტურავათი დაწყებული, ყველა მექრთამე იყო. ყველამ კარგად იცის საშინელ პირობებში მიმდინარეობდა სასამართლო სხდომა. ეს მოვსპეთ, მაგრამ მეტის გეკეთება შეუძლებელი იყო. ჩვენ წინ წავწიეთ სასამართლო. მეტსაც გეტყვით, 2012 წელს პირველი მე დამიჭირა ხელისუფლებამ. მაშინ იყო ეპოქალური შანსი, როცა ხელისუფლება იცვლებოდა სასამართლო ტრანსფორმაციის სხვა ეტაპი დაწყებულიყო... [ადრე] სასამართლოში არაფერი იყო, ხელფასი არ იყო, შუქი არ იყო სასამართლოში "პლიტებით" თბებოდნენ. საშინელი კორუფცია იყო“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა კეთილსინდისიერი მოსამართლის ყოლა.
"სასამართლოს დამოკიდებულება არ არის ამოცანა, ეს მიღწეული ეტაპია. კეთილსინდისიერი მოსამართლეა საჭირო, კეთილსინდისიერი, პატიოსანი გაბედული ხალხი, რომელმაც იცის, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც კი დამოუკიდებელი მოსამართლის არჩევანია, სამწუხაროდ. ამიტომ როცა მეკითხებით, როგორი იყო, გეტყვით - ამასთან შედარებით, რაც დღეს არის, ბევრად უფრო დიდი პროგრესის მატარებელი იყო იმ პერიოდში. კორუმპირებულიდან კვალიფიკაციის მატარებლისკენ, კი ბატონო არასრულყოფილი, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო( სასამართლო 2012-წლამდე)“, - განაცხადა ახალაიამ.
მისი თქმით, დღეს კი სასამართლოში წინ გადადგმული ნაბიჯი არ არსებობს.
"ქართულ ლიტერატურაში გვყავს კაკო ყაჩაღი, ჩვენ არ გვყავს მოსამართლე რომელიც ქართულ კულტურის ან ლიტერატურის რაიმე პოზიტიურ სახეს წარმოადგენს. გვყავს "კანონიერი ქურდები“ მაგრამ მოსამართლე არ გვყავს. მე კი არ ვიგონებ ამას, ბატონო ჩემო. მისაბაძი მაგალითი არ არის მოსამართლე ან პროკურორი. ეს ჩემი ბრალი კი არ არის, ეს არის 200 - წლიანი რუსული (მმართველობის ბრალი)... თავისუფლების წართმევამდეც არ გვქონდა (სასამართლო) ბატონო ჩემო, ქართულ ისტორიაში არ არის სამართლიანი სასამართლო, ერთი-ორი მეფე თუ შექმნიდა რაღაც კვაზი სამართლიან სასამართლოებს და როცა დაფუძნდა, თავიდანვე დაფუძნდა რუსული“, - განაცხადა ახალაიამ.
რაც შეეხება მის ბრალს, ახალაიას თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს საზოგადოებისთვის, ამიტომ მოსამართლეს მიმართა, რომ სხდომა გახსნილ რეჟიმში წარიმართოს. მისი თქმით, 4 ოქტომბერზე მასთან მიმართებითაც იმ საქმის წარმოება მიმდინარეობს, რაც სხვების შემთხვევაშიც, უბრალოდ თვითონ "ზემოდან არის დამატებული".
"გახსენით პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება... საქმეში უნდა არსებობდეს რაიმე მტკიცებულება, უნდა იყოს აუდიო, ვიდეო ჩანაწერი, ფოტო - აბსოლუტურად არაფერი არ არის ბუნებაში. ამ პროცესში შეიძლება გამოჩნდეს ის, რომ ქართული სახელმწიფო ვერ უსმენს "სიგნალს“, "ვოთსაფს“ და ვერცერთ აპლიკაციას "სმარტფონში". ამათ ჩემი მისალმება, არანაირი საუბარი არ მოუსმენიათ. ამათ არ აქვთ შესაძლებლობა მე მომისმინოს "სიგნალზე“, "ვოთსაფზე" და მოუსმინონ ნებისმიერს საქართველოში. გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, აი აქ, ერთი მტკიცებულება მოიტანონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ. ერთი ცალი მოიტანონ.
ეს პროცესი დაიწყო გაზაფხულზე, თუ ზაფხულში, არ მახსოვს. დაიწყო შემდეგი თანმიმდევრობით - ახალაიას მაკეტი აქვს სახლში და პარლამენტში შევა, თუ რაღაცას აპირებსო. ეს იყო კობახიძის მთავარი ხაზი. შემდეგ ამან გადაინაცვლა იმაში, რომ ტროტილი თუ რაღაც იპოვეს ტყეში. ახლა ბოლოს გადაინაცვლა იმაში, რომ ახალაია ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, ჩემთვის უსაყვარლეს ხალხს", - განაცხადა ახალაიამ.
მისი თქმით, ის თვლის რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასამხობია.
"მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად, ნებისმიერი ფორმით და გზით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და გზა...
ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ და დავამხოთ ნებისმიერი გზით. საუბარია იმაზე, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძეს მე რაღაცა... მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია. საუბარია ძალადობის გამოყენება, თუ რაღაცა - ძალა არის გამოსაყენებელი ყველა მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ, ვინც იარაღგარჭობილი ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს, სცემს და წიხლს ურტყამს ყველასთვის ხელია დასამტვრევი.
აქ დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი შეხედულება. მე არ ვთვლი ეს არის ჩემი მხოლოდ უფლება, ეს არის ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულება, დაამხოს რუსი დიქტატურა. ყველა შენობა გვეკუთვნის ჩვენ, თქვენ, ყველას. პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყრელია ყველა თვითმარქვია უზურპატორი. წიხლით არის გამოსაყრელი. ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება...
კაცობრიობის ისტორიაში დიქტატურა არ წასულა მშვიდად, თავისი ნებით...მე მეშინია როცა დიქტატურაში ვცხოვრობ, თქვენც უნდა გეშინოდეთ. ყველას, საღი აზრის მქონე ადამიანს, დიქტატურის ეშინია. შიში არის ბუნებრივი, უშიშარი არავინ არსებობს. ბრალდებულს ვეძახით იმას, ვინც შიში პირობებში მაინც მოქმედებს.... ამიტომ გეუბნებით, არსებითად, ფილოსოფიურად, მე ღიად მწამს, რომ ეს კაცი დასამხობია. გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან. (ჩემ წინააღმდეგ) მოიტანონ ერთი მტკიცებულება და ხელები ამიწევია!“ - განაცხადა ახალაიამ.