თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მისი თქმით, პროკურატურას ბაჩო ახალაია ციხეში მტკიცებულების გარეშე ჰყავს მოთავსებული.
ვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და საერთოდ, დევნის შეწყვეტა. მარტივი მოცემულობა იყო, რომ ბრალდების მხარეს უნდა დაესახელებინა ერთი მტკიცებულება მაინც. ფიზიკურად არ არის მტკიცებულება. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, კავშირს ვერ ადასტურებენ. თვითონ, მოსამართლემაც კი ჰკითხა(ბრალდებას) კავშირის შინაარსი თუ იცითო და არა, არ ვიცითო, უბრალოდ, ამ კავშირის მიერ ის მოხდა, რაც მოხდაო და ეს ვარაუდიაო. ვარაუდი კი მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
სხდომის დახურვის საფუძველი არის მოწმის ვინაობის არგაცხადება, რომელიც მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თეორიულად, სრულად ვერ დაიხურება სხდომა, არიან მოწმეები, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ აქვთ საჯაროდ გაცხადების“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.