აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ირიბად გამოეხმაურა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რასისტულ ვიდეოს და აღნიშნა, რომ “მორიდება“ და “წესიერება“, რომლითაც ოდესღაც საჯარო მოხელეები ხელმძღვანელობდნენ, დაიკარგა.
შეურაცხმყოფელ ვიდეოში გამოყენებული იყო კლიპი, სადაც ბარაკ ობამა და მისი მეუღლე, მიშელ ობამა, მაიმუნების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. კოლაჟზე, სხვადასხვა ცხოველების ფორმებში წარმოდგენილი აშშ-ის საჯარო პირები ცეკვავენ სიმღერის - „The Lion Sleeps Tonight“-ის ფონზე და ბოლოს ლომის ფორმაში გამოცხადებულ დონალდ ტრამპს თავს უხრიან.
კადრმა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. შავკანიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ტიმ სკოტმა, ვიდეოს „თეთრ სახლში ყველაზე რასისტული რამ“ უწოდა.
პოდკასტის წამყვანი ბარაქ ობამასთან საუბარში აღნიშნავს, რომ იმიგრაციისა და საბაჟო სამსახური (ICE) „შიდა ტერორისტებად“ გადაიქცნენ, ხოლო შემდეგ სანდალური კადრის შესახებ ჰკითხა:
“რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა კადრი, სადაც თქვენი სახე, მაიმუნის სხეულს დაადო...“ - მიმართა მან ყოფილ პრეზიდენტს.
ობამა პასუხობს: “მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამერიკელების უმეტესობა ამ საქციელს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს. სავარაუდოდ ეს ყურადღების გადატანისთვის იყო გამიზნული. სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში ერთგვარი ჯამბაზების შოუ მიმდინარეობს.“
თავდაპირველად “თეთრმა სახლმა“ ვიდეოსთან დაკავშირებულ საყოველთაო რეაქციას „ყალბი აღშფოთება“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოსტი იფიციალური გვერდის თანამსრომელმა გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ კი ვიდეო წაიშალა.
თავად ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ „არ უნახავს“ ვიდეოს ის ნაწილი, სადაც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნების ფორმებში იყვნენ წარმოდგენილნი. ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებდა თუ არ ბოდიშის მოხდას, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას "შეცდომა არ დაუშვია."
ინტერვიუს დროს ბარაკ ობამამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა: მან დადებითად შეაფასა საიმიგრაციო ოპერაციების წინააღმდეგ მშვიდობიანად ორგანიზებული საპროტესტო აქციები, შეეხო საარჩევნო ოლქების ხელახალი დანაწილების თემას და ასევე ახსენა საკუთარ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც მომავალ წელს ჩიკაგოში გაიხსნება.