ნამდვილად ცუდი ფაქტი იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.
"ქართული პოლიცია არის ძლიერი და ორიენტირებული ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო და უზრუნველყოს მართლწესრიგი. ნამდვილად ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც კი ამის შესახებ გაიგო, დანაშაული მოხდა თუ არა, მოახდინა რეაგირება. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. დაკავებულია სამმართველოს უფროსის მოადგილე, გამოძიება გრძელდება და თუ ვინმეს კიდევ აქვს ამ დანაშაულში მონაწილეობა, შესაბამისი რეაგირება იქნება. კადრებში როგორც მახსოვს, 2-3 ადამიანია, აქედან ერთი დაკავებულია. გამოძიება გრძელდება, გამოკითხულია ყველა და მერწმუნეთ, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ძალიან სწორად იმოქმედებს“, - განაცხადა გელაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. ამასთან, მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა უარი განაცხადა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.
დაკავებულს გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.