ერთი წლის იყო, როცა მშობლებმა საქართველოდან შორს, საფრანგეთში წაიყვანეს. თუმცა, სტრასბურგის ქუჩებში გაზრდილმა ლუკა ქარუმიძემ მოახერხა ის, რაც ბევრი ემიგრანტისთვის გამოწვევაა - შეინარჩუნა ქართული ენა, ტრადიციები და სამშობლოსთან ის ემოციური კავშირი, რომელიც მხოლოდ ოჯახურ გარემოში იბადება. დღეს 25 წლის ლუკა კლასიკური ლიტერატურის მაგისტრია და ფრანგ მოსწავლეებს ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
როგორ მივიდა კლასიკურ ფილოლოგიამდე, რატომ გიჟდება მისი ფრანგი შეყვარებული ხაჭაპურზე და რას გრძნობს ქართველი მასწავლებელი, როცა კლასში თანამემამულე მოსწავლეს ხვდება? - გაიცანით ლუკა ქარუმიძე
- ლუკა, 1 წლის იყავით, როცა საფრანგეთში აღმოჩნდით. რამდენად რთული იყო ქართული იდენტობის შენარჩუნება სრულიად უცხო გარემოში?
- ჩემთვის რთული არ იყო, რადგან მშობლები სულ მესაუბრებოდნენ ქართულად. მიყვებოდნენ ისტორიას, მასწავლიდნენ წერა-კითხვას. დღემდე მესაუბრებიან იმ სტუმარ-მასპინძლობაზე, რაც საქართველოში იციან. ვიცი თბილისურ ისტორიები. ჩემი ძმა ჩემზე უფროსია და ისიც ხშირად მიყვებოდა, როგორი სამეგობრო ჰყავდა, როგორი ურთიერთობა იციან საქართველოში და თბილისში. შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გავიზარდე, ოჯახში ქართული გარემო შენარჩუნებული გვაქვს, ვსაუბრობთ ქართულად, ვამზადებთ ქართულ კერძებს, ვუყურებთ ძველ, ქართულ ფილმებს.

მშობლების დამსახურებაა, რომ შევინარჩუნე ქართული ენა. მახსოვს, დედ-მამა როგორ მასწავლიდნენ ქართულად წერას, გამართულად საუბარს. მეც მიხაროდა, როცა გამომდიოდა. საუბარი არ მიჭირს, რადგან ერთმანეთში ქართულად ვსაუბრობთ. ასევე მყავს ნათესავები საქართველოში და მათაც ხშირად ვეკონტაქტები. ჩემმა მშობლებმა რთული გზა გამოიარეს, მაშინ რთული პერიოდი იყო საქართველოში. სამშობლოს დატოვება და ორი შვილით უცხო ქვეყანაში გადმოსვლა არავისთვის არის ადვილი. თუმცა, მათი დამსახურებით ყველა სირთულე გადავლახეთ, ახლა საფრანგეთის მოქალაქე ვარ და ის პროფესია მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს.
- თქვენი პირველი მოგონება საქართველოზე , რა ასოციაციები გაქვთ, როცა თვითმფრინავი თბილისში ეშვება?
- პირველად რომ ჩამოვედი, პატარა ვიყავი. მახსოვს, დედამ მაშინ მითხრა, აი, ახლა შენი სამშობლოს მიწაზე დგახარო. რა თქმა უნდა ჩამოსვლა ემოციურია. აქაური ზღვაც და მთაც მიყვარს. ბუნებრივია, სხვა სენტიმენტებია, როცა იცი, რომ ამ ქვეყანაში დაიბადე.
- როგორ მოხდა, რომ პროფესიად მაინცდამაინც კლასიკური ლიტერატურა აირჩიეთ?
- ყოველთვის მიყვარდა კითხვა. დღემდე შენახული მაქვს ყველა წიგნი ბავშვობიდან და ახლაც, თავისუფალ დროს სულ ვკითხულობ. ვწერ ლექსებს ფრანგულ ენაზე. ეს პროფესია ჩემი არჩევანია, მომწონს საქმე, რასაც ვაკეთებ. დავიცავი მასტერის ხარისხი კლასიკური ლიტერატურის მიმართულებით Unistra-ში, ახლა Collège François Truffaut მყავს 11-დან 15 წლამდე მოსწავლეები, რომლებსაც ფრანგულს ვასწავლი. ერთ ქართველ ბავშვსაც ვამეცადინებ ფრანგულში.

- როგორია ფრანგი მოსწავლეების რეაქცია, როცა იგებენ, რომ მათი მასწავლებელი წარმოშობით ქართველია?
- საფრანგეთი საკმაოდ მრავალეროვანი ქვეყანაა, ამიტომ მოსწავლეებს ჩვეულებრივ არ უკვირთ, როცა იგებენ, რომ ქართველი ვარ. ცოტა გაოცებულ სახეებს ვხედავ, როცა მოსწავლეები არიან საქართველოდან ან მეზობელი რეგიონებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი).
- რა არის ის მთავარი მეთოდი, რითაც ფრანგ ბავშვებს მათსავე ენას აყვარებთ?
- უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. ბავშვები ამას ხედავენ და გრძნობენ.
- თქვენი შეყვარებული ფრანგია. როგორ უყურებს ის თქვენს "ქართულ მხარეს“? რა მოსწონს ყველაზე მეტად ქართულ კულტურაში?
- საქართველოზე ბევრი სმენია. იცის, რომ მრავალსაუკუნოვანი კულტურა გვაქვს. მოსწონს ჩვენი სტუმარმასპინძლობა და ქართული კერძები. ჩემი მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობენ, თვეში ერთხელ ვსტუმრობთ. ჩემები ცდილობენ ქართული კერძები დაახვედრონ. განსაკუთრებით ხაჭაპური უყვარს.
- თუ გიფიქრიათ მისი საქართველოში ჩამოყვანაზე და როგორია მისი შთაბეჭდილებები?
- სტრასბურგში მუშაობს, იურისტია. ძირითად დროს სამსახურებში ვატარებთ, მე მეორე სამსახურშიც ვმუშაობ, ასევე ფრანგულში ონლაინ ვამეცადინებ მსურველებს. საღამოს სახლში ვბრუნდებით და უკვე ერთად ვატარებთ დროს. სამომავლოდ გვინდა ჩამოსვლა, ალბათ ზაფხულის სეზონზე, თავადაც სურს ქართულ კულტურას გაეცნოს ახლოდან.
- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი, ხედავთ საკუთარ თავს ოდესმე საქართველოში მცხოვრებს თუ საფრანგეთი უკვე საბოლოო სახლია?
- ძალიან შორეულ გეგმებზე ვერ ვსაუბრობ. 25 წლის ვარ და ამ ეტაპზე ისევ სწავლის გაგრძელება მინდა, დოქტორის ხარისხი მინდა დავიცვა, რათა ჩემი კარიერა მაღალ საფეხურზე ავიყვანო.

- რომელ ენაზე ფიქრობთ და რომელ ენაზე ნახულობთ სიზმრებს?
- ვფიქრობ, ორივე ენაზე, გააჩნია ჩემს ოჯახთან ვარ თუ ფრანგ მეგობრებთან. სიზმრებს ვერ ვიმახსოვრებ.
- ქართული ხინკალი თუ ფრანგული კრუასანი?
- დილით კრუასანი, შუადღეს და საღამოს ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი.
- ყველაზე რთული ფრანგული სიტყვა, რომლის გამოთქმაც ბავშვობაში გიჭირდათ.
- bouilloire - ჩაიდანი.
- რას ეუბნებით ფრანგებს პირველ რიგში, როცა საქართველოზე გეკითხებიან?
- ვეუბნები, რომ ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან ძველი ქვეყანა, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური კულტურით, სადაც სტუმართმოყვარეობა, ღვინო და ტრადიციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. სხვათა შორის, უკვე ბევრმა იცის საქართველო შესახებ და ეს მახარებს.