ავტორი:

რა სასჯელი ელის ზურაბ ჟვანიას ვაჟს - ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში?

რა სასჯელი ელის ზურაბ ჟვანიას ვაჟს - ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში?

საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა, კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.

“გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს.

ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

  • საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

იხილეთ ასევე: