დღეს, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წელს, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე დაიგეგმა, რაც ათეულობით წლის წინანდელ კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.
პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა - გურამ და დავით კაკულიებმა - განიზრახეს კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას შვილის, ნიკოლოზის მკვლელობა. მოტივი: მათი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას გამო შურისძიებაა, რომელიც 2001 წელს მოსკოვში მოკლეს. კრიმინალურ წრეებში გავრცელებული ხმების თანახმად, ამ მკვლელობის დამკვეთად სწორედ გია კვარაცხელია მიიჩნეოდა.
საქმეში ფიგურირებს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია. გამოძიების ვერსიით:

"გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ".
ამჟამად ბუსა ჟვანიაზე ძებნა ცხადდება, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ეს არ არის პირველი კრიმინალური ამბავი, რომელიც ბუსა ჟვანიას საქმეს უკავშირდება.
ბუსა ჟვანიას სახელი საზოგადოებისთვის აქამდეც არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მას ყოველთვის ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდად ახასიათებდა, მისი ცხოვრება არაერთხელ გადაიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებთან.
2020 წლის 2 აგვისტოს ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე საკუთარ სახლში დანით მძიმედ დაჭრა. ინციდენტის მიზეზად ეჭვიანობა დასახელდა - ბუსას ყოფილი შეყვარებული თოფაძეებთან სტუმრად იმყოფებოდა, რასაც ჟვანიას აგრესია მოჰყვა.
"ლევანიკო როგორ დაჭრიდა, ოთხგან აქვს დანა გარჭობილი, დღეს ძლივს ამოიღო ხმა. ორჯერ ზურგიდან აქვს დარტყმული, ორჯერ კისერში. სულ 4 ჭრილობა აქვს ბავშვს. სასწაულებრივად გადარჩა, მთელი ექიმები მაგას დავასიე. ჩემი შვილიშვილის ორი მეგობარი ბიჭი და ერთი ქალბატონი 2 საათამდე იყვნენ რესტორანში. მერე ყავის დასალევად ამოვიდნენ ჩვენთან, თითქმის ღამის სამი საათი იყო. ლევანიკო მეოთხე სართულზე იყო, ძირითადად იქ არის ხოლმე. ალალად გეუბნებით ყველაფერს. მერე ყავა დალიეს, მუსიკას უსმენდნენ. გადაწყვიტეს, წყნეთში წავიდეთო, რამდენიმეს იქ აგარაკი აქვს. ამ დროს ჩემმა მეუღლემ დაინახა, რომ სადღაც მიდიან (ერთი სართულით დაბლა ვართ), გავიდა და ნახა, ნასვამები იყვნენ. მარინამ აღარ გაუშვა, კარებში ჩადგა და უთხრა, აქ დარჩით, აქ მოისვენეთო და უკან აიყვანა.
ლევანიკოს ერთ-ერთ მეგობარს დაურეკავს იმ ბუსასთან, ვეღარ მივდივართ წყნეთშიო. იმას უთქვამს, მე მოვალო და ვინც კინაღამ მომიკლა შვილიშვილი, 10 წუთში მოვიდა. მერე ლევანიკოს ის მეგობარი ტიროდა, - ეს რა გავაკეთე, რატომ დავრეკეო. მოვიდა ეს ბუსაა თუ მუსა და მეოთხე სართულზე ამოვიდა. ამ გოგოსთან 2 თუ 3 წელი ჰქონია რაღაც რომანი, რამდენიმეჯერ უცდია მერე ურთიერთობის აღდგენა, ეს გოგო უარზე ყოფილა... რომ ამოვიდა, გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა, რა თქმა უნდა, გოგოს სამივე ბიჭი გამოესარჩლა. ჟვანია მთვრალი იყო, თან დანა ჰქონდა და ჩემს შვილიშვილს ოთხჯერ დაარტყა. სულ სისხლით იყო იქაურობა მოსვრილი.“ - ასე იხსენებდა მომხდარს პოლიტიკოსი გოგი თოფაძე.
ამ დანაშაულისთვის ბუსას 3 წელი მიესაჯა, თუმცა მან საპატიმროში წელიწადნახევარი გაატარა.
მიუხედავად პატიმრობისა, ბუსას დედა, ნინო ქადაგიძე-ჟვანია, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა პოსტებს შვილის წარმატებებზე. მისი თქმით, ბუსამ ციხეში ყოფნისას საერთაშორისო გამოცდა GMAT-ი უმაღლესი ქულებით ჩააბარა და მსოფლიოს ტოპ 3%-ში შევიდა. ბოლო ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგისტრატურა დაამთავრა და კომპანია "ამაზონში" მუშაობდა.
ჟვანიას სახელი კიდევ ერთ ინციდენტს უკავშირდება, რომელიც 2015 წელს ბათუმში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუსამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამის ყოფილ მეგობარსა და თანამებრძოლს, გია ბარამიძეს. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარამიძემ ზურაბ ჟვანიასადმი ერთგულებაზე დაიწყო საუბარი, რამაც ახალგაზრდა ჟვანია წყობიდან გამოიყვანა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდება გაცილებით მძიმეა, ვიდრე მის წარსულში არსებული ნებისმიერი სხვა შემთხვევა. თუ პროკურატურა ბუსა ჟვანიას ბრალეულობას დაამტკიცებს, მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის, მიუხედავად მისი აკადემიური თუ პროფესიული მიღწევებისა.
"ჩემმა შვილმა მაგისტრატურაც დაამთავრა..." - წერდა ნინო ჟვანია 2024 წლის ზაფხულში. დღეს კი მისი შვილი მკვლელობის ორგანიზებისთვის ძებნილად გამოცხადდა.
2005 წლის 3 თებერვლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაკარგა, მისი ოჯახი საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში მოექცა. ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამი შვილი მარტომ გაზარდა - ორი ქალიშვილი, ლიზა და ანა, და უმცროსი ვაჟი, ბესარიონი (ბუსა).

ექსპრემიერის ქვრივი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა დუმილს, თუმცა ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებდა შვილების წარმატებებს. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ბუსა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდაა და მომხდარ ინციდენტებს "ცხოვრებისეულ შეცდომებს" უწოდებდა.
ზურაბ ჟვანიას ქალიშვილები - ლიზა და ანა ჟვანიები ძმისგან განსხვავებით, კრიმინალურ თუ სკანდალურ ქრონიკებში არასოდეს ფიგურირებენ. მათ დასავლური განათლება მიიღეს. ლიზა ჟვანია აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ანა კი მეტწილად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. ორივე მათგანი მამის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებებზე ხშირად ჩნდება.
ოჯახის ახლობლები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მამის გარდაცვალება ბუსასთვის, რომელიც მაშინ ძალიან პატარა იყო, უდიდეს ტრავმად დარჩა. თუმცა, დღეს, როდესაც ექსპრემიერის ვაჟს უმძიმესი მუხლით ედავებიან, საზოგადოებაში კითხვები უფრო მწვავედ ისმის - როგორ აღმოჩნდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური პოლიტიკოსის შვილი კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრში?
იხილეთ ასევე: