ემიგრაციაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ბირთვულ რაკეტებს ევროკავშირის საზღვართან ახლოს გადააქვს.
გაზეთ The Telegraph-თან მიცემულ ინტერვიუში სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ ბელარუსი რუსეთს უკრაინაში ომის ესკალაციაში ეხმარება და ევროპას მოუწოდა, "უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს იმას, რაც ბელარუსის ტერიტორიაზე ხდება".

"ვხედავთ, როგორ აძლიერებს ბატონ ლუკაშენკოს რეჟიმი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნას. ისინი აპირებენ ბირთვული იარაღის, რუსული რაკეტების ბელორუსში განთავსებას" - თქვა ციხანოუსკაიამ.
"დაახლოებით 300 ბელარუსული საწარმო ეხმარება მოსკოვს წარმოებაში, მათ შორის ახალი საწარმოების აშენებაში და დრონების დამზადების პროცესში. როგორც ჩანს, ისინი ესკალაციისთვის ემზადებიან" - განაცხადა ოპოზიციონერმა.

დეკემბერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომლებიც, მათი მტკიცებით, აღმოსავლეთ ბელარუსში მდებარე ავიაბაზაზე ბირთვული ქობინით აღჭურვილი სარაკეტო სისტემის განთავსებას ასახავს.
ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში 10 საშუალო რადიუსის, ბირთვულქობინიანი ჰიპერბგერითი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა “ორეშნიკი“ განთავსდება.
მსგავსი დისლოკაცია მნიშვნელოვნად შეამცირებდა იმ დროს, რომელიც კრემლს ევროკავშირის ტერიტორიაზე დარტყმის მისაყენებლად დასჭირდებოდა.