ავტორი:

კონკრეტულად რა დანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა ელისო კილაძეს და ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, რა სასჯელი ემუქრება?

კონკრეტულად რა დანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა ელისო კილაძეს და ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, რა სასჯელი ემუქრება?

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავა, ხოლო ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე.

ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

"აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის, გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ. რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: