ავტორი:

მოურინიო გააძევეს, რასისტული გამონათქვამების შესახებ ვინისიუსის მორიგმა ჩივილმა კი მატჩი 10 წუთით შეაჩერა - სკანდალი "ბენფიკა"-"რეალის" თამაშისას

მოურინიო გააძევეს, რასისტული გამონათქვამების შესახებ  ვინისიუსის მორიგმა ჩივილმა კი მატჩი 10 წუთით შეაჩერა - სკანდალი "ბენფიკა"-"რეალის" თამაშისას

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი "რეალ მადრიდსა“ და "ბენფიკას“ შორის 10 წუთით შეჩერდა მას შემდეგ, რაც "რეალის“ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ბრაზილიელმა ვინისიუს ჯუნიორმა მსაჯთან გააპროტესტა "ბენფიკას" მოთამაშის მხრიდან რასისტული შეურაცხყოფა.

  • ყველაფერი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, მას შემდეგ, რაც ვინისიუსმა თამაშის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მატჩი "ბენფიკას“ სტადიონზე გაიმართა. გოლის გატანის შემდეგ, ვინისიუსი მოედნის კუთხისკენ გაიქცა, ტრიბუნებისკენ შებრუნდა და გოლის გატანა თეძოების მოძრაობით აღნიშნა. შემდეგ კი, თანაგუნდელებით გარშემორტყმული, მოედანზე, თავის ნახევარზე დაბრუნდა.

რამდენიმე წამის შემდეგ, ვინისიუსი მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ "ბენფიკას" 20 წლის არგენტინელმა შემტევმა, ჯანლუკა პრესტიანიმ შეურაცხყოფა მიაყენა. მსაჯმა კი FIFA-ს პროტოკოლის შესაბამისად, მატჩი დაუყოვნებლივ შეაჩერა. თამაში გუნდებსა და მსაჯებს შორის 10-წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ განახლდა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ იფარავს პრესტიანი მაისურს პირზე, ვინისიუსს უყურებს და რაღაცას ამბობს.

მადრიდის "რეალის“ თავდამსხმელმა, ვინის თანაგუნდელმა, კილიან მბაპემ მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრესტიანიმ შეურაცხყოფა მიაყენა ვინისიუსს. მისი თქმით, პრესტიანიმ შეურაცხმყოფელი სიტყვები ხუთჯერ გაიმეორა და ეს სხვა მოთამაშეებმაც გაიგონეს.

"მე დიდ პატივს ვცემ "ბენფიკას“ და მათ მწვრთნელს [ჟოზე მოურინიოს], ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელი აღარ იმსახურებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ფეხბურთელი, რომელიც ევროპის უმაღლეს ტურნირში თამაშობს, არ შეიძლება ასე მოიქცეს“, - თქვა კილან მბაპემ.

  • თვითონ ჯანლუკა პრესტიანის მომხდარის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება "ბენფიკას" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, მან თქვა, რომ ინციდენტის ორი მთავარი მონაწილისგან ორი განსხვავებული ვერსია მოისმინა. მან ასევე ვინისიუსი გაკიცხა გოლის ზედმეტად პროვოკაციულად აღნიშვნის გამო.

აღსანიშნავია, რომ თავად მოურინიო მატჩის ბოლოს მოედნიდან გააძევეს, რადგან მსაჯის აზრით, ზედმეტად ემოციურად გააპროტესტა ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება, რომ არ მიეცა ვინისიუსისთვის მეორე ყვითელი ბარათი.

"ვინისიუსმა საოცარი გოლი გაიტანა და როდესაც ასეთ გოლს გაიტან, პატივისცემით უნდა იზეიმო. როდესაც ვინიმ რასიზმი ახსენა, მე ვუპასუხე, რომ ამ კლუბის ისტორიაში უდიდესი მოთამაშე, ეუსებიო შავკანიანი იყო. რასიზმი უკანასკნელი რამაა, რაშიც შეიძლება ეს კლუბი დაადანაშაულო", - თქვა ჟოზემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.