“საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 თვეში, მაქსიმუმ აპრილში, გვექნება დაზუსტებული მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით, 2 თვეში, მაქსიმუმ, გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 - ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი - საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ერთის გამოკლებით, სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციას განაპირობებს.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, თუ როგორია საერთო მოცემულობა - „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მლნ 914 ათასი ადამიანი, აქედან მაქსიმუმ 257 ათასი არის უცხოელი. რატომ ვამბობთ მაქსიმუმს, „საქსტატს“ არ აქვს დაზუსტებული მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 25 ივნისს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება კონკრეტულ შემთხვევებში. მაქსიმალური რაოდენობა არის 257 ათასი. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და, ასეთ პირობებში, რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციული პროცესების მართვა. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არის, ასევე, გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში, დღეს, სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული, ასეთი ინტერესი არ არის. და რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო“, - განაცხადა პრემიერმა.