ნანახი მაქვს, რომ თავიდან 4-5 ადამიანი გადმოხტა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ 8 ოფიცერმა ვერ შეაკავა 4 ადამიანი 2 - მეტრიან მონაკვეთში, ვერ აჯობეთ ფეხებისა და ხელების ქნევაში? - ასე მიმართა 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულმა იური ლომიძემ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმეს, ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელს, გიორგი წეველიძეს.
":მინდა პატივისცემა გამოვხატო თქვენი წოდების მიმართ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სოციალური ქსელების მეშვეობით, გუმანით ხვდებოდით, რომ ეს იყო სავარაუდო რევოლუციის მცდელობა.
საკმაო გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ვიცოდე, თუ რომელიმე დანაყოფი იცავს შენობას და მის დასაცავად სხვები მოვლენ, თავდაპირველ დამცველის განკარგულებაში გადადიან ისინი. ყველა თავისით არ ივლის და თავისით არ მიიღებს გადაწყვეტილებებს. მაინტერესებს, იცავს თუ არა ერთი უწყება? თქვენ ითხოვდით დახმარებას?
თქვენთვის პრეზიდენტის სასახლის დაცვა ნიშნავს იმას, რომ თვითონ შენობის ზღურბლი არ უნდა გადალახოს თუ ეზოსაც თქვენ იცავთ? რამე განსხვავება არის უშუალოდ, შენობაში ან ღობეში შევლას, ამ დარღვევას შორის? ეზოში შესვლა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე სასახლეში? თქვენი შეფასებით, მომიტინგეებმა ღობის რყევა რა მიზნით დაიწყეს? მეც მაქვს ნანახი, რომ თავიდან 4-5 ადამიანი გადმოხტა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ 8 ოფიცერმა ვერ შეაკავა 4 ადამიანი 2 - მეტრიან მონაკვეთში, ვერ აჯობეთ ფეხებისა და ხელების ქნევაში? ვერ მოვისმინე ეს აღწერა. რომ იდგნენ და აპირებდნენ შემოსვლას, შესაბამისი ზომები რატომ არ გამოიყენეთ? სპეცსამსახურები ისევე იქნევდნენ ფეხებსა და ხელებს, როგორც აქციის მონაწილეები. უნიათოდ თუ კარგად, თქვენი შეფასებაა. რა საიდუმლო გეგმაა ისეთი, რომ სამმა ადამიანმა 8 კაცმა ვერ შეაკავოთ?“ - განაცხადა ლომიძემ.
"4-5 ადამიანს არ შემოუღწევია სასახლემდე. ჯერ ღობეზე დადგნენ, როგორც შევძელით შევაკავეთ. შემდეგ უკვე მოემატა ნაკადი. განვუმარტავდით, რომ არ გადმომხტარიყვნენ“, - განაცხადა მოწმემ.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.