თბილისში ახალგაზრდა ქალს, ლატვიის 24 წლის მოქალაქეს, ეველინა სმირნოვას ეძებენ. ამის შესახებ ცნობილი მისი ძმისგან გახდა, რომელმაც facebook ჯგუფში - Expats in Tbilisi დაწერა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კვირას, 15 თებერვალს დაიკარგა, ხოლო პოლიციას იმავე ღამეს მიმართეს.
როგორც ambebi.ge - ს შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. "ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება ახალგაზრდა ქალის მოსაძებნად", - ამბობენ უწყებაში.

დაკარგულის ძმა პოსტში იმასაც აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალმა ტელეფონი სასტუმროში დატოვა.
"ჩემი და, ეველინა თბილისში დაიკარგა. ბოლოს კვირა დღეს ნახეს, უცხო მამაკაცს ესაუბრებოდა. პოლიცია უკვე ჩართულია, გთხოვთ, მითხარით თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ. 24 წლის, 170 სანტიმეტრი, ტელეფონი სასტუმროში დატოვა. საუბრობს რუსულად ან ინგლისურად. მე საქართველოში არ ვარ, ყველა დეტალი არ ვიცი", - დაწერა დაკარგული ქალის ძმამ.
ახლობლების თქმით, ეველინა სმირნოვა პროფესიით კოსმეტოლოგია და რიგაში ცხოვრობს.