ავტორი:

"შვილებს ვუყვარვარ, ალბათ კარგი მამა ვარ..." - როგორ იქცა დავით კვირცხალია "გრიშად" და ვის უხდის მადლობას: მსახიობის "სახალხო ინტერვიიუ"

"შვილებს ვუყვარვარ, ალბათ კარგი მამა ვარ..." - როგორ იქცა დავით კვირცხალია "გრიშად" და  ვის უხდის მადლობას: მსახიობის "სახალხო ინტერვიიუ"

"დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემი მოკრძალებული შემოქმედება ეტყობა, რაღაც ყურადღებას იპყრობს, რაკი თქვენთან ვარ... გპირდებით, რომ საუბრისას გულწრფელი ვიქნები და არაფერს არ გავალამაზებ“, - ამბობს რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია, რომელიც Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი გახლდათ. მსახიობმა უპასუხა მისთვის დასმულ შეკითხვებს. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ნათია:

- მოგესალმებით, ბატონო დავით. მოგვენატრა თქვენი პერსონაჟი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები“. თქვენ არ გენატრებათ?

- რა თქმა უნდა, ჩემი პერსონაჟი მენატრება მით უფრო, რომ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარში მაგ როლმა თავისებური წარმატება მომიტანა. ამ სერიალის გაგრძელება, მგონი, არ გამოვა. თან უკვე გავჭაღარავდი, წლები მომემატა, იქ ჩემზე უმცროსები ვინც იყვნენ, გაიზარდნენ, დაქორწინდნენ. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ ვფიქრობ, თუ ვინმეს აზრად მოუვა, მაინც შეუდგეს ამ მოღვაწეობას, ალბათ უკვე ახალი ხალხით და ახალი ძალებით მოუწევს.

წარმატებული პროექტი იყო იმ მხრივ, რომ საქართველოში მსახიობი არ დარჩენილა, ამ სერიალში არ ეთამაშა. საქართველოს ყველა თეატრიდან იყვნენ მასში მსახიობები დაკავებული, თან ერთმანეთზე უკეთესები. რაც მახსოვს, ერთი ჩავარდნილი ადგილი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ზოგი მეტად წარმატებული იყო, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ სერიალი ერთ დონეზე მიდიოდა, რაც პირველ რიგში ეს ქეთი დევდარიანის, გიორგი ლიფონავას, თენგო მეგრელიშვილის დამსახურება - მერე ყველასი, ვინც იქ იყვნენ... თავიდან რომ მივედი, ვიცოდი, რომ ეპიზოდური როლი უნდა მეთამაშა, მაქსიმუმ 2 დღე დაგაკავოთო, - მითხრეს. უარი ამ კარგ პროექტზე რატომ უნდა მეთქვა და მივედი. ამის მერე მოეწონათ ის, რაც გავაკეთეთ და ისევ დამირეკეს. შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან დაინტერესდა და თან მაყურებელს მოეწონაო. მოკლედ, მადლობა ყველას ამ შემოთავაზებისთვის. იცით, რატომ? ახლა ჩემი ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, ნაკლებია შეთავაზება... ახალგაზრდა რომ ვიყავი, ხან ერთი როლზე მაკავებდნენ, ხან - მეორე. ახალგაზრდული როლები თითქმის ყველა ნათამაშები მაქვს და თან სად? - რუსთაველის თეატრში, რაც დიდი ბედნიერებაა. ჰოდა, ამ ასაკში ეს "გრიშა კაკაჩია“ რაღაც ღვთის ბოძებული საჩუქარი იყო და რომ გაამართლა, ეს კიდევ უკეთესი.

ზურაბი:

- გრიშა კაკაჩიას პერსონაჟმა საოცრად პოპულარული გაგხადათ. ამ როლის თამაში თქვენგან რას მოითხოვდა?

- კი, მართლაც პოპულარული გამხადა. რომ გითხრათ, არ მსიამოვნებსო, მოგატყუებთ. ძალიან მსიამოვნებს და მადლობა ყველას, ვინც მაგ პერიოდში გვერდში მედგა. გადასარევი პარტნიორები მყავდა იგივე ლამარა - მარინა დარასელია, კვაზი - ჩემი ზურიკო ანთელავა, ლაურა რეხვიაშვილი - ყველა ერთმანეთზე უკეთესი მსახიობია. ისეთი თბილი მოგონებები უკავშირდება ამ სერიალში მონაწილეობა, ვერ გადმოგცემთ. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. თუ ინატრებ, ისეთი დრამატურგი უნდა ინატრო, როგორიც ქეთი დევდარიანია. რაღაც ისეთს აღვივებდა შენს გულსა და სულში, რომელიც არც გახსოვდა და თითქოს ახლა აღმოაჩინე... მერე საოცარი რეჟიმი გვქონდა. აქტიური მუშაობა იყო, წინსწრებით ვწერდით სერიებს. ყოველ კვირას სამი სერია უნდა გქონოდა. მობილიზებული, საქმიანი ჯგუფი იყო - ყველამ ზედმიწევნით იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.

ჩემს პერსონაჟს კი ასე მივუდექი - მინდოდა ის ქართული ხასიათი ყოფილიყო. მყავდა ბიძა, რომელიც არ იყო მდიდარი კაცი, მაგრამ დამაჯერებელი იყო თავის მოქმედებებში, საოცარი მანერები ჰქონდა და ყველას მდიდარი ეგონა. მისი ხასიათის თვისებები გამომადგა სახის შესაქმნელად, თუმცა გრიშა კაკაჩია შეძლებული კაცია, გაუგებარი შემოსავლების პატრონი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მამოძრავებელი და მაპროვოცირებელი ბიძაჩემი იყო და კიდევ რამდენიმე ადამიანი...

ლამარა:

- მართალია, რომ ცხოვრებაში ხალხს კაკაჩიასავით მდიდარი ეგონეთ?

- როგორ არა, მაგაზე ბევრი რამ შემიძლია ვთქვა. თუ მეგრელი ადამიანი მხვდებოდა, უფრო თამამად მელაპარაკებოდა, მაგალითად, მაღაზიაში თუ შევიდოდი, ახლა ეს ნივთი არაა თქვენი მოსაწონი. ერთხელ მაღაზიაში ახალგაზრდა ბიჭი უცებ გაოცებული მიყურებდა. რა იყო-მეთქი? თქვენ ამ მაღაზიაში რა გინდათო? "ლარიანში“ ვიყავი შესული... კი, ბევრი რამ იყო. ერთხელ ერთმა ბიჭმა მთხოვა, ვიდეო გადამეღო, შეყვარებული ჰყავდა გერმანიაში და მისთვის უნდა გაეგზავნა. თუ შეიძლება ახლოს მოვალ, ხელს გადაგხვევთო...

დოდი:

- სამეგრელოში დაიბადეთ და გაიზარდეთ... თქვენთვის ის უძვირფასესი კუთხეა... რა მოგცათ სამეგრელომ პირადად თქვენ განსაკუთრებული?

- სამეგრელო ნამდვილად დიდებული კუთხეა. მიყვარს მეგრელი ხალხი, საოცარი სტუმარმასპინძლობა, სიყვარული იციან. ისეთი მოფერებაც ახასიათებთ, გულს გაგითბობენ. ისე თბილად შეგხვდებიან, უნდა იცოდე, რომ ამით მართლა პატივს გცემ და შენ მათი ხარ. საქართველოს ყველა კუთხე ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ გული სამეგრელოსკენ მექაჩება, იმიტომ, რომ ჩემი წარმოშობა იქიდან არის...

გრიშა:

- როგორც გავიგეთ, ერთხელ რუსთაველის თეატრში "საბრალდებო დასკვნაში“ ზაზა ნაკაშიძის როლს რომ თამაშობდით, უეცრად ცუდად გახდით და თეატრმა თქვენთვის "სასწრაფო“ გამოიძახა. რა მოხდა?

- გამიკვირდა ეს შეკითხვა, ეტყობა, ამ სპექტაკლს ეს ადამიანი ესწრებოდა... მოკლედ, "საბრალდებო დასკვნაში“ ზაზა ნაკაშიძეს ვთამაშობდი. მოქმედება საპატიმრო საკანში ხდებოდა, სადაც 10 კაცი ვიყავით. როგორია? ვგრძნობ, რომ ცუდად ვარ, მაგრამ სპექტაკლს ხომ ვერ დავტოვებ, სანამ ფარდა არ დაიხურება. არადა, გრძნობას ვკარგავ, გული მერევა. მახსენდება, რომ სპექტაკლამდე ძალიან ცოტა სოკო გავსინჯე. ცუდად ყოფნა რომ ვიგრძენი, მივხვდი, სოკოს ბრალი იყო. საკუთარ თავზე მეტად ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი, ჩემებს რამე ხომ არ დაემართათ, ნეტავ, როგორ არიან-მეთქი... მსახიობებს სცენაზე ყველას ვანიშნებდი, რომ სწრაფად დაესრულებინათ... ბატონი გოგი გეგეჭკორი მიყურებს, - რა ხდებაო? ჩუმად გადავულაპარაკე, არ ვარ კარგად, სოკოთი ვარ მოწამლული-მეთქი. მსახიობებმა დააჩქარეს და ანტრაქტი მალე გამოცხადდა. "სასწრაფო“ გამოიძახეს, ექიმები მოვიდნენ, რომლებიც სპექტაკლის გაგრძელებას მე მიშლიდნენ. არ დავუჯერე, მაშინ ჩაიშლებოდა, არადა, დარბაზი მაყურებლით იყო სავსე. მაგ სპექტაკლზე ყოველთვის ბევრი მაყურებელი დადიოდა. მოკლედ, როგორღაც გავაგრძელე, ვითამაშე. ექიმები არ გაუშვეს და კულისებში იყვნენ. გადასხმა გამიკეთდა და სანამ ფეხზე არ დავდექი, არ მომცილდნენ. ბოლოს სახლში ცხონებულმა კახი კავსაძემ თავის მანქანით წამიყვანა.

ლაკო:

- მსახიობის ცხოვრებაში ზოგჯერ ისიც შეიძლება მოხდეს, რომ მას სპექტაკლზე მისვლა დაავიწყდეს... ვიცით, რომ ასეთიც იყო თქვენს კარიერაში, ხომ?

- კი, ყოფილა, როგორ არა, რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ. კვირაობით ორ სპექტაკლს ვთამაშობდით - დღე და საღამოს. ბატონ გოგი გეგეჭკორთან ერთად ვიყავი სპექტაკლში "ძველის სამრეკლო ანუ დავით აღმაშენებლის ქვა“. ასევე თამაშობდნენ: ზაზა ლებანიძე, ზეინაბ ბოცვაძე - აღარ არიან ცოცხლები და აცხონოს ღმერთმა მათი სული. თამაშობდა ასევე ლია გუდაძე - კარგად არის და ღმერთმა დიდხანს ამყოფს. მოკლედ, ერთ დღესაც კვირაა, სახლში ვარ და მგონია, რომ სპექტაკლი საღამოსაა, მშვიდად ვარ. უეცრად კარზე ზარია, გავიხედე, ბატონი გოგი გეგეჭკორი დგას. თან მეზობლები ვიყავით. გავაღე კარი - სად ხარ კაცო, შენო?! მივხვდი, რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა. სპექტაკლზე რატომ არ მოხვედიო?! ახლაც კი, რომ ვიხსენებ, ცუდად ვხდები. სპექტაკლი არ ჩაშლილა, სხვა მსახიობს მისცეს პიესა და ის კითხულობდა. სხვა გამოსავალი არ იყო. მაყურებელს ხომ არ ეტყოდნენ, დათო კვირცხალიას დაავიწყდა სპექტაკლზე მოსვლაო. ამას ვერც ეტყოდნენ და ვერც გაიგებდა მაყურებელი. მეორე დღეს მე თვითონ მოვითხოვე, რომ დამსაჯეთ-მეთქი... მადლობელი ვარ რუსთაველის თეატრის, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ მისცეს. მე დავრჩი თეატრში.

დავითი:

- სახასიათო როლების შესრულებისას დიდებულ მსახიობს ბორის წიფურიას გამსგავსებთ. სხვებისგან თუ გსმენიათ მსგავსი შეფასება და ერთ სპექტაკლში თუ ყოფილხართ დაკავებული რუსთაველის თეატრის სცენაზე?

- დიდ პატივს ვცემდი ბატონ ბორის წიფურიას, იმიტომ, რომ უნიჭიერესი მსახიობები და უნიჭიერესი ადამიანი იყო. ის იმ თეატრალურ ელიტას მიეკუთვნებოდა, რომელიც მაშინ ბრწყინავდა რუსთაველის თეატრში. ორ-სამჯერ ვყოფილვარ სპექტაკლში მისი პარტნიორი. ერთად ვიყავით თუნდაც იმ "საბრალდებო დასკვნაში“ ის გოგოლს თამაშობდა... მერე, როდესაც ცირკის დირექტორი გახდა, იმ როლზე მე ჩავანაცვლე. დუბლიორები ვიყავით გოგოლის როლზე. მაგაზე არ მიფიქრია, რომ ვინმე მამსგავსებს მას. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ მამსგავსებენ. ეს არ არის პრობლემა იმიტომ, რომ ბატონი ბორისი ერთ-ერთი უნიჭიერესი კაცი იყო, რომელიც მეტი ყურადღების ღირსია. კარგია, რომ ახლა გაიხსენა მეგობარმა.

თეიმურაზი:

- დათო კვირცხალია ხშირად თამაშობდა სანაქებო სიძის როლს... ცხოვრებაშიც ასეთი კარგი სიძე და მეუღლე ხართ?

- სულ თავის ქება არ გამოდის, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა - სიდედრს ძალიან ვუყვარდი, გიჟდებოდა ჩემზე. სხვათა შორის, სიმამრსაც. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ჩემს ცოლსაც განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამოუთქვამს ჩემ მიმართ. ისე, ახლა ოჯახში ხან - ჯახია, ხან - სიამტკბილობა. შვილებს ვუყვარვარ, ალბათ კარგი მამა ვარ. მიხარია მათთან ყოფნა და ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი, კარგი მამობა გამეწია.

დათო:

- XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იყო რუსთაველის თეატრის მოქმედი და წარმატებული მსახიობი, უდიდესი შრომის შედეგია... როგორ ფიქრობთ, იღბლიანი ხართ?

- კი, იღბლიანი ვარ, რადგან გადასარევი პედაგოგის ბატონ მიხეილ თუმანიშვილის აღზრდილი ვარ. ის იყო იმ 70-იან წლებში რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი და მისი მონდომებით, ასევე ხელდასხმით რუსთაველის თეატრში სხვა მსახიობებთან ერთად მეც მიმიყვანეს. უპრეცედენტო შემთხვევა იყო. 5 ახალგაზრდა მსახიობი მივედით, ეს ძალიან ბევრი იყო ამ თეატრისთვის. ყველამ გაამართლა... გამოდის, რომ იღბლიანი ვარ, რადგან მოხვდე მიხეილ თუმანიშვილთან, მერე რუსთაველის თეატრში და ამ თეატრში დაკავებული იყო საინტერესო როლებით.... დიდი მადლობა იმ შემოქმედებისთვის, რომელიც რუსთაველის თეატრმა დამაკისრა. დღემდე ვარ რუსთაველის თეატრში. ასაკით უკვე საპიენსიო ვარ, მაგრამ თეატრს სჭირდება როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი მსახიობები. თუმცა ახალგაზრდებიც ძალიან ნიჭიერები არიან და მოხუცის როლსაც კარგად თამაშობენ... მოკლედ, ჩემი ბედით უკმაყოფილო არ ვარ…

იური:

- ხომ არ გაიხსენებთ იმ შემთხვევას, როგორ ვიმგზავრეთ ცხენისწყლის ხიდიდან მარნის გადასახვევამდე "ტაჩკით“...

- ჩემი ძმა ცხოვრობს სამტრედიაში და მშობლები კიდევ სოფელ მარანში ცხოვრობდნენ, ცხენისწყლის ხიდთან ახლოს. 90-იანი წლებში, როცა მანქანები იშვიათად დადიოდა (ან არ ჰქონდათ ან დამალული ჰყავდათ, რადგან ყაჩაღობა და კონფლიქტები იყო), მშობლების სანახავად ჩავედი. მივედი სადგურთან, 5 კილომეტრია მარნამდე, მანქანა არ არის. ვიღაცამ მასწავლა, რკინიგზის სადგურის უკან დგას ცხენიანი "ტაჩკა“ და მის პატრონს მგზავრები ასე დაჰყავსო. ჰოდა, მივედი იმ კაცთან და "ტაჩკას“ აწერია "სამტრედია-აბაშა,“ ქვემოთ მიწერილი აქვს "მარანში არ ვაჩერებ“...

ბესო:

- თქვენთვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობი ვინ არის?

- ბატონი გოგი გეჭკორი. ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად მიმაჩნია... სხვა თვისების მქონე კაცი იყო. ბატონ ეროსის ვერ ავუვლი გვერდს, სცენაზე მასთან მითამაშია. ცხოვრებაშიც ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა... ეს უფროსი თაობა მივლიდა, რადგან თეტარში პატარა ბიჭი მივედი, 19 წლის, მეორეკურსელი. ასე მოვხვდი იმ კორიფეების გარემოცვაში...

ზოგადად ვინმეს გამოყოფა მიჭირს, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი სერგო ზაქარიძეს...

ინა:

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ შინ "გრიშას“ გეძახიან... მართლა ასეა? გაგვაცანით თქვენი პირადი ოჯახი...

- მყავს ორი ქალიშვილი - ელენე და რუსუდანი. რუსუდანს ყავს ორი გადასარევი შვილი - ქალ-ვაჟი, ვისი დანახვაც საოცრად მიხარია. აი, იმდენი პროცენტით მიხარია, რამდენი პროცენტითაც ვღიზიანდები, როცა რაღაც მათ ქცევაში არ მომწონს. და როცა რაღაცას ვიტყვი, გრიშას მამსგვსებენ... ერთხელ ვიდრე ჩემს შვილს დავუძახებდი, სხვა ოთახში იყო, დავურეკე, ტელეფონი იქვე იდო და დავინახე ჩემს ნომერზე "გრიშა“ დაეწერა. მამა, დათო, ან დავით კვირცხალია კი არა, "გრიშა“. არ მწყინს, მაშინაც გამეცინა და ახლაც მეცინება.

ნიკა:

- როგორია თქვენი სურვილები?

- დიდი მადლობა, რომ ჩემი პერსონით დაინტერედით, რომ გაინტერესებთ ჩემი შემოქმედება და შესაბამისად კითხვები დამისვით, რისთვისაც დიდი მადლობა. რაც არ უნდა ვიკეკლუცო, რაც არ უნდა თავი მოგაწონოთ, თავი დავიფასო, ან ამბიციები გამიჩნდეს, მსახიობი არაფერია მაყურებლის გარეშე. მაყურებლის გარეშე ჩემი პროფესია ნულია, თუ არ მეყოლება თქვენნაირი მაყურებელი, რომელიც მკითხავს, რომელიც დამიწუნებს ან მოვეწონები... მადლობა, რომ არსებობთ, ღმერთმა კარგად მიმყოფოს თქვენთან თავი.