ავტორი:

მასშტაბური სპეცოპერაცია თურქეთში და დაკავებული მოდელები და "ინფლუენსერები" - რას ედავებიან მათ

მასშტაბური სპეცოპერაცია თურქეთში და დაკავებული მოდელები და "ინფლუენსერები" - რას ედავებიან მათ

უხამსი, სექსუალური შინაარსის პოსტების გამოქვეყნებისა და მისი სანახავად გამომწერებისგან თანხის აღების გამო, OnlyFans-ის მოდელებს თურქეთში პატიმრობა ემუქრებათ.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელიც სტამბულსა და თურქეთის კიდევ შვიდ ქალაქს მოიცავდა, პოლიციამ სულ მცირე 17 ეჭვმიტანილი დააკავა.

გამომძიებლების ინფორმაციით, დაკავების ორდერები ასევე გაცემულია ოთხ სავარაუდოდ ცნობილ თურქ ინფლუენსერზე — მერვე თაშქინზე, გიზემ ბაგდაჯიჩეკზე, ბურჯინ ეროლზე და სერპილ ჯანსიზზე. თუმცა მათი დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ქალები ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.

ზრდასრულთა ინდუსტრიაში პოპულარული პლატფორმა OnlyFans თურქეთში 2023 წლის ივნისიდან, მას შემდეგ აიკრძალა, რაც დაადგინეს, რომ იგი „საზოგადოებრივ მორალსა და თურქული ოჯახის სტრუქტურასთან შეუთავსებელ შინაარსს შეიცავდა“.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ დაადგინა, რომ OnlyFans - ზე წვდომა კვლავ ხორციელდებოდა შეცვლილი IP მისამართების გამოყენებით.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილები საჯარო სოციალური მედიის ანგარიშებზე სექსუალური სახის მასალას აქვეყნებდნენ და შემდეგ მომხმარებლებს “სპეციალური კონტენტის“ სანახავად ფულის გადახდისკენ მოუწოდებდნენ. გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილები არა მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ პლატფორმებზე აზიარებდნენ უხამსი შინაარსის შემცველ მასალებს, არამედ საკუთარ პოსტებზე იღებდნენ თანხას.

მიღებულ თანხებს შემდგომში ისინი, სავარაუდოდ მოძრავ და უძრავ ქონებაში, ასევე ბიტკოინში და ოქროში დებდნენ, ასევე ბანკებში ვადიანი ანაბრების გახსნისთვის იყენებდნენ.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი ამოიღეს, ასევე მოახდინეს 14 ავტომობილისა და 10 უძრავი ქონების კონფისკაცია.

წყარო