ავტორი:

ევროპაში შესაძლოა, ტროპიკული ინფექციების აფეთქება ვიხილოთ, რომელიც კოღოების მეშვეობით ვრცელდება - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

ევროპაში შესაძლოა, ტროპიკული ინფექციების აფეთქება ვიხილოთ, რომელიც კოღოების მეშვეობით ვრცელდება - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ტროპიკული დაავადება, სახელად "ჩიკუნგუნია", რომელიც ძლიერი ტკივილით ხასიათდება, ახლა უკვე კოღოების საშუალებით ევროპის უმეტეს ნაწილში შეიძლება, გავრცელდეს.

  • კლიმატის კრიზისით გამოწვეული უფრო მაღალი ტემპერატურები ნიშნავს, რომ ინფექციების გავრცელების სეზონი წელიწადში მინიმუმ ექვს თვეზე მეტი ხნით უკვე გაიზარდა ესპანეთში, საბერძნეთსა და სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ხოლო ისეთ ტერიტორიებზე, როგორიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისია, წელიწადში ორ თვეს მიაღწია.

"ჩიკუნგუნიას" ვირუსი პირველად 1952 წელს ტანზანიაში აღმოაჩინეს და ის ძირითადად იმ ტროპიკულ რეგიონებში იყო გავრცელებული, სადაც წელიწადში მილიონობით ინფექცია ფიქსირდება. დაავადება ძლიერ და ხანგრძლივ სახსრების ტკივილს იწვევს, რომელიც მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანს და შეიძლება მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულებში ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს.

ბოლო წლებში შემთხვევების მცირე რაოდენობა ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა 2025 წელს საფრანგეთსა და იტალიაში ასეულობით შემთხვევის მქონე მასშტაბური აფეთქებებიც მოხდა.

“ევროპაში გლობალური დათბობის ტემპი დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი, ხოლო ვირუსის გავრცელებისთვის ქვედა ტემპერატურული ზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ახალი შეფასებები მართლაც შოკისმომგვრელია. დაავადების ჩრდილოეთისკენ გაფართოება მხოლოდ დროის საკითხია" - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრის მეცნიერი სანდიპ ტეგარმა.

კვლევებთან დაკავშირებით კომენტარი ცენტრის დოქტორმა სტივენ უაიტმაც გააკეთა:

"ოცი წლის წინ რომ გეთქვათ, ევროპაში "ჩიკუნგუნია" და "დენგე" გავრცელდებოდა, ყველას ეგონებოდა, რომ გიჟი იყავით, ეს ხომ ტროპიკული დაავადებებია. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ამის მიზეზი ინვაზიური კოღო და კლიმატის ცვლილებაა, დიახ საქმე მართლაც ასე მარტივად დგას" - ამბობს მეცნიერი.

დაავადების გადამტანს აზიური ვეფხვისებრი კოღო წარმოადგენს (Aedes albopictus), რომელიც დღისით იკბინება, ტემპერატურის ზრდასთან ერთად, კოღო ევროპის მასშტაბით ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება. ის უკვე დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, თუმცა ქვეყანაში ჯერ ფართოდ არ დამკვიდრებულა.

  • "ჩიკუნგუნიას" საწინააღმდეგო ვაქცინები არსებობს, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირია, დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებას კი კბენის თავიდან აცილებაა წარმოადგენს.

"კლიმატი ამ ყველაფერზე დიდ გავლენას ახდენს, ევროპას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გააკონტროლოს კოღოების შემდგომი გავრცელება, მდგარი წყლის მოცილება, სადაც კოღოები მრავლდებიან, ერთ-ერთი მნიშვნელოვან ბრძოლის საშუალებას წარმოადგენს" - აცხადებს დოქტორი დიანა როხას ალვარესი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ხელმძღვანელი.

კვლევამ დაადგინა, რომ ინფექციის გადაცემის “ზღვრული“ ტემპერატურა“ 13°C-14°C- შეადგენს. აქამდე ევროპის ცივი ზამთრები კოღოების აქტივობას აჩერებდა და დაავადებისთვის წლიდან წლამდე ერთგვარ ბუნებრივ ბარიერს ქმნიდა. თუმცა მეცნიერები უკვე ხედავენ, რომ სამხრეთ ევროპაში ვეფხვისებრი კოღოები მთელი წლის განმავლობაში აქტიურობენ, რაც ნიშნავს, რომ კონტინენტის დათბობასთან და ბუნებრივი ტემპერატურული ბარიერის გაქრობასთან ერთად "ჩიკუნგუნიას" აფეთქებები სავარაუდოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.

წყარო