უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 2022 წელს ის ხშირად უპირისპირდებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის გამო კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი ოფისის ჩხრეკა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ყოფილმა მთავარსარდალმა ზელენსკისთან დაპირისპირებაზე ღიად ისაუბრა.

როგორც ზალუჟნი იხსენებს, ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბ-ბინაში დაძაბული შეხვედრის შემდეგ, ის თავის კაბინეტში დაბრუნდა და რამდენიმე საათში იქ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ათობით თანამშრომელი მივიდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაპირველი გეგმა ზაპოროჟიეს ოლქის რუსული ჯარებისგან განთავისუფლება და შემდეგ აზოვის ზღვაში წინსვლა იყო. თუმცა, უკრაინული ძალები დიდ ტერიტორიაზე იყვნენ გაფანტულნი და საკმარისი რესურსები არ ჰქონდათ.
2023 წელს ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ის "მთავარი მეთაურის ერთ-ერთ სამუშაო ოთახში“ იყო განთავსებული, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.

AP-სთან ინტერვიუში გენერალმა განაცხადა, რომ იმ ოთახში სადაც მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ განიხილებოდა.
ზოგიერთმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდლის, როგორც ზელენსკის პოლიტიკური მეტოქის, პოტენციალის შეზღუდვის მცდელობად მიიჩნია.