ბოლო დროს არაერთი ქართველი მეფუტკრე ლაპარაკობს ახალ დაავადებაზე, რომელიც ფუტკარს ანადგურებს. როგორც ამბობენ, შექმნილმა ვითარებამ შეიძლება ფუტკარს მასშტაბური საფრთხე შეუქმნას. დაავადებას ტროპილელაფსოზი ჰქვია. ფუტკრის ამ საშიშ დაავადებას ტკიპა Tropilaelaps clareae იწვევს, რასაც ფუტკრის ოჯახები დასუსტებამდე და განადგურებამდე მიჰყავს.
გამომწვევი მიზეზი: ტკიპა Tropilaelaps clareae, რომელიც პარაზიტობს ფუტკრის ჭუპრებზე.
ნიშნები: ფუტკრის ბარტყის ჭრელი საფარი, დასახიჩრებული ფუტკრების გამოჩენა.
ბრძოლის მეთოდები: შესაბამისი პრეპარატების გამოყენება, ფუტკრის ოჯახების გაძლიერება.
ამ თემაზე მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტი როლანდ ზირაქიშვილი გვესაუბრება:

- ეს პრობლემა დაკავშირებულია ტროპილელაფსოზთან, რომელსაც შემოკლებით ტროპს ვეძახით. ეს არის ფუტკრის ბარტყის ტკიპა. მარტში მრავლდება და ბარტყით იკვებება და მასზე ავრცელებს იმ დაავადებებს, რითაც მერე საფუტკრეები მასობრივად იღუპება. ამის მიზეზები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან ვიცით და ეს არის ვარვატოზი (ფუტკრის ერთ-ერთი საშიში და გავრცელებული დაავადება, რომელსაც პარაზიტული ტკიპა იწვევს). ამიტომ მუდმივად ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. ვარვატოზი, როგორც აღვნიშნე, საქართველოში გასული საუკუნის 1976 წლიდან გამოჩნდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამიტომ მისი მართვა ვისწავლეთ. მართალია ზარალი იყო, მაგრამ ამ მართვის შედეგად მაინც შევძელით და პროდუქტიული საფუტკრეები შეგვენარჩუნებინა.
მას შემდეგ, რაც დედამიწაზე სერიოზული კლიმატური ცვლილებები დაიწყო, რასაც გარკვეული პროცესები მოჰყვა, ტკიპა-ტროპმა აზიური ტროპიკული ქვეყნებიდან ნელა-ნელა მცირე აზიაში დაიწყო გადმონაცვლება. ამდენად აზიის გავლით, ამ გზით საქართველოში შემოვიდა.
უკვე მესამე წელია, რაც ის ოფიციალურად დავარეგისტრირეთ და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეფუტკრეებთან ერთად, მის წინააღმდეგ ღონისძიებებს ატარებს. ეს იმისთვის, რომ მეფუტკრეობაში ზარალი მაქსიმალურად შემცირდეს.
მაგრამ მოგეხსენებათ, ყველაფერს დროს სჭირდება...
სანამ ოფიციალურად დავარეგისტრირებდით, მანამდე, რამდენიმე წელი არ ვიცოდით, კონკრეტულად რა ანადგურებდა იმ ყველაფერს და ტკიპა ვარვატოზს მივაწერდით, რომელიც გასული საუკუნიდან საფუტკრეებს სპობდა.
ვფიქრობდით იმას, რომ ამ ტკიპამ, სავარაუდოდ, სახე იცვალა და ამის გამო ამ პრობლემას ეფექტიანად ვეღარ ვმართავდით.
- სინამდვილეში ახლი სახეობა აღმოჩნდა?
- დიახ. ზარალი ამ დარგში ძალიან სერიოზულია, შეიძლება ითქვას, რომ საფუტკრეების ნახევარი უკვე განადგურებულია. პროდუქტიულობა, ფაქტობრივად, აღარაა, ანუ ხარჯები არის, პროდუქცია კი - არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეფუტკრე დიდ ზარალშია, ვეღარ აღადგენს საფუტკრეს და თავს ანებებს ამ საქმეს.

- ე.ი. ამ დაავადების გააქტიურების მიზეზი კლიმატის ცვლილები ყოფილა...
- ჩვენთან ტკიპამ იმიტომ გადმოინაცვლა, რომ თბილი ზამთრები მიდის. ამ პერიოდში ბარტყში ზამთრობს, ფუტკარი კვერცხის დებას არ აჩერებს. ეს კი ტკიპასთვის ხელსაყრელი პირობებია, რომ გამოიზამთროს და საფუტკრეები გაანადგუროს. ადრე, როცა ზამთარი შედარებით მკაცრი იყო ხოლმე, ფუტკარი კვერცხის დებას აჩერებდა, ტკიპაც იღუპებოდა, თვითონ ნადგურდება, რადგან სკაში ბარტყი არ იყო. ამ დათბობამ, კლიმატის ასეთმა ცვლილებებმა ტკიპას გავრცელება განსაკუთრებით სუბტროპიკულ რაიონებში გამოიწვია.
თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც პერიოდულად არის მშრალი სუბტროპიკული ზონა, მაგალითად, ლაგოდეხში, ალაზნის პირებზე ამის საშიშროება არსებობს, თუმცა ისე მასობრივად ვერ ანადგურებს საფუტკრეებს, როგორც დასავლეთ საქართველოში. მაგრამ შარშან აღმოსავლეთ საქართველოში ივნისში საფუტკრეები მასობრივად დაზიანდა და განადგურდა. მათ შორის თბილისის მიდამოებში, გორის, ქარელის რაიონებში, თიანეთის ზონაშიც კი აღინიშნა ეს პრობლემა.
- თიანეთი მთიანი რეგიონია...
- კი, მაგრამ ფუტკარს მეფუტკრეები ხომ გადააადგილებენ, რაც კიდევ უფრო აჩქარებს მის განვითარებას და ზამთრის პერიოდში მაქსიმალურად იღუპება. ასეთ მკაცრ ზონებში თითქმის აღარ რჩება, თან თიანეთში ხანგრძლივი ზამთარი იცის, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ მთიან რეგიონში. მოკლედ, ასე ხდება ფუტკრის მიგრაცია.
მეფუტკრეებს სამთაბაროდ მთიან რეგიონში იმიტომ გადაჰყავთ, რომ ალპური ზონის თაფლი აიღონ. რა დოსაც ამ ოჯახებთან ერთად ტკიპას გადაყვანაც ხდება. ზამთრის პერიოდში ნულზეა, გაზაფხულზე თითქმის არ შეინიშნება და ზაფხულში, როცა ფუტკრის გადაყვანა სამთაბაროდ მთიან რეგიონებში ხდება, ისევ მრავლდება და იწყებს დიდ ზარალის მოყენებას.

- აღნიშნეთ, რომ ეს ყველაფერი დარეგისტრირებულია, მიმდინარეობს საპრევენციო ღონისძიებები და ეს საკითხი არ არის მიყრუებული. თუკი, საპრევენციო ღონისძიებები ამ პრობლემას ვერ მოერევა და საფუტკრეებს გაანადგურებს, ეს ხომ ეკოსისტემას სერიოზულად დააზიანებს?
- რა თქმა უნდა, ფუტკარი, პირველ რიგში, არის ეკოსისტემის მთლიან ჯაჭვში ერთ-ერთი ძირითადი რგოლი. თუ ეს ჯაჭვი ჩაწყდა, ფუტკარი შემცირდება. თუმცა ის ველური არსებაა და რაღაც ფორმით მოსალოდნელია გადარჩეს კიდეც, მაგრამ ფაქტია, დიდი ზარალი მიადგება სოფლის მეურნეობას. თუმცა საქართველოს იმ ზონებში, სადაც ტკიპა ფუტკარს ანადგურებს, ეს გამოიწვევს რამდენჯერმე ხილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის - საკვები კულტურების მოსავლიანობის შემცირებას. შესაბამისად, რიგი დადგება პროდუქტებზე, როგორც იყო თავის დროზე, ტკიპა ვარვატოზის შემოსვლის შემთხვევაში და იმდროინდელ საბჭოთა ქვეყანაში სრული შიმშილობა დაიწყო. სამწლიანი რიგები იყო პურზეც კი, ხორცზე და რძის პროდუქტებზე იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მთლიანობაში ეკოსისტემას ქმნის. ასეთ დროს საშინელი პირობები იქმნება ადამიანისთვის და გარემოსთვისაც.
წარმოიდგინეთ, ეკოსისტემაში რამდენი მწერია, რამდენი ფრინველი, რომელიც კენკროვანებით, ტყის ხილით იკვებება, რომლებიც ბუნებრივად არსებობენ, ისინი მშივრები დარჩებიან და დაიღუპებიან.
მყარი ეკო ჯაჭვის არსებობის შემთხვევაში ბუნება დაცულია სხვადასხვა ტიპის ეროზიისგან, ჯაჭვის ჩაწყვეტისას კი ეკოსისტემის სრული რღვევა დაიწყება.

- რა მითითება-რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ მეფუტკრეებს?
- საქართველოში სამოყვარულო საფუტკრეები მეფუტკრეობის დარგის ძირითადი ბირთვია. სამოყვარულო იმას ნიშნავს, რომ უმეტესობას ეს საქმე გასართობად, როგორც ჰობი ისე აქვს. ეს არ არის მათი ძირითადი შემოსავლის წყარო. მთელ მსოფლიოშიც ასეა, მაგრამ საქართველოში მეტად დომინანტურია პატარა საფუტკრეები. ასეთ დროს მეფუტკრეები, ჩემი კოლეგები, როცა მოიცლიან, მაშინ საქმიანობენ საფუტკრეებში იმიტომ, რომ სხვა მიმართულებით არიან დასაქმებულები. წელიწადში რამდენჯერმე საფუტკრის მიხედვა ასეთი გამოწვევების პირობებში დაუშვებელია. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფუტკარი დასაღუპადაა განწირული. ფუტკარი ითხოვს აქტიური სეზონის დაწყებიდან, ანუ მარტიდან ინტენსიურ მკურნალობას. მუდმივად უნდა ჩატარდეს, პროფილაქტიკის მიზნით სხვადასხვა ბუნებრივი მჟავებით, ორგანული მჟავებით მკურნალობა. არის კიდევ სისტემატური ქიმიური საშუალებები, რომ ეს ტკიპა მინიმუმამდე შეამცირონ.
მისი 100%-ით, მასობრივი განადგურება თითქმის შეუძლებელია, იმიტომ, რომ ფუტკარი მიგრაციას ბუნებრივად განიცდის. განსაკუთრებით მამალი ფუტკარი სეზონურად ყველა სკაში შედის და მას არ ზღუდავენ ფუტკრები. ეს საფრთხის შემცველია. რომ ვუმკურნალოთ კიდეც, ყველაფერი ნულზე დავიყვანოთ, ერთი კვირის შემდეგ ჩემთან ისევ შემოიტანს სხვა საფუტკრიდან შემოსული მამალი ფუტკარი დაავადებას. თან ისე სწრაფად მრავლდება ეს დაავადება, რომ ერთ თვეში, ოჯახი იღუპება. ის ორ-სამჯერ მეტად სწრაფად მრავლდება, ვიდრე ტკიპა ვარვატოზი. ამიტომ ის მეთოდები, რომელიც ვარვატოზის საწინააღმდეგოდ გვქონდა გამოყენებული, ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის.
ცხრათვიანი აქტიური პერიოდის განმავლობაში საჭიროა შვიდთვიანი სრული კურსით მკურნალობა. ამას მოყვარული მეფუტკრეები ვერ აკეთებენ. ამიტომ მათი საფუტკრე განწირულია დასაღუპად. ამასთანავე, მათი საფუტკრეები დაავადების პოტენციური გადამტანებიცაა, რაც პროფესიონალური საფუტკრეებისთვისაც ძალიან ცუდია, ვიდრე არ მოხდება მათი საფუტკრეების განადგურება, ჩვენ, პროფესიონალური მეფუტკრეები ყოველდღიური დარტყმის ქვეშ ვართ. ჩვენი საფუტკრიდან მიღებული შემოსავალი, რა თქმა უნდა, სისტემატურად გვიმცირდება. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მოყვარული მეფუტკრეები ამ ყველაფერს.