ავტორი:

დიპლომატიური სკანდალი აშშ-სა და ბელგიას შორის - 3 ებრაელი მამაკაცის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დაპირისპირების მიზეზი გახდა: რა დეტალებზე წერს მედია

დიპლომატიური სკანდალი აშშ-სა და ბელგიას შორის - 3 ებრაელი მამაკაცის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დაპირისპირების მიზეზი გახდა: რა დეტალებზე წერს მედია

ბელგიასა და აშშ-ს შორის დიპლომატიური დავა მწვავდება - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევოსმა აშშ-ის ელჩი ბილ უაითი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

მიზეზი კი შემდეგია - აშშ-ის ელჩმა ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა, ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს "ძალიან უხეში“ უწოდა და განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მინისტრმა უარი თქვა მისთვის ხელის ჩამორთმევაზე, ასევე ფოტოს გადაღებაზე.

ამერიკელ დიპლომატსა და ბელგიის ხელისუფლებას შორის უთანხმოების მიზეზი გახდა სამი ებრაელი მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება.

  • აშშ-ის ელჩმა ბელგიას მოუწოდა შეწყვიტოს "სასაცილო“ და "ანტისემიტური“ გამოძიება იმ მამაკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის გარეშე წინადაცვეთის ჩატარებაში.

წინადაცვეთა ბელგიაში ლეგალურია, თუმცა მისი ჩატარება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი პირობების დაცვით და შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალის მიერ.

"ნებისმიერი ვარაუდი, რომ ბელგია ანტისემიტური ქვეყანაა, ცრუ, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ბელგია კატეგორიულად გმობს ანტისემიტიზმს.

ბელგიელ მინისტრზე პირადი თავდასხმები და სასამართლო საკითხებში ჩარევა ფუნდამენტურ დიპლომატიურ ნორმებს არღვევს. ელჩი სამშაბათს დაუყოვნებლივ დავიბარეთ შეხვედრაზე“, - განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბელგია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, დიალოგი "უნდა ეფუძნებოდეს ინსტიტუტებისა და სუვერენიტეტის პატივისცემას“.

ამავე განცხადებაში სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაგმო ანტისემიტიზმი და რასიზმი.

წყარო