ავტორი:

ბიტკოინების ომი: ივანიშვილის გარემოცვიდან ციხემდე და... შემდეგ - როგორია გიორგი ბაჩიაშვილის თავისუფლების ფასი

ბიტკოინების ომი: ივანიშვილის გარემოცვიდან ციხემდე და... შემდეგ - როგორია გიორგი ბაჩიაშვილის თავისუფლების ფასი

მას წლების განმავლობაში მოიხსენიებდნენ ბიძინა ივანიშვილის "პერსონალურ ფინანსისტად", მასთან და მის ოჯახთან დაახლოებულ ადამიანად. ამბობდნენ, რომ ის ივანიშვილს ლამის "შვილივით უყვარდა". პრემიერის ყოველი შეცვლისას ჩნდებოდა ვარაუდები, რომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი სწორედ ის იქნებოდა, თუმცა... ყველაფერი თავდაყირა მას მერე დადგა, რაც გაირკვა, რომ მას ივანიშვილი დიდი ოდენობის კრიპტოვალუტის ქურდობაში ადანაშაულებდა...

ა.წ. 18 თებერვალს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, ცნობილი გახდა, რომ "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც 11- წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის მერეც გლდანის საპატიმრო დატოვა. ბაჩიაშვილმა ციხეში თითქმის 9 თვე გაატარა. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში და საზღვრის უკანონო კვეთაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით მაინინგში ინვესტიცია განახორციელა და 24 661.85 ბიტკოინი გამოიმუშავა, საიდანაც 8 253.13 ბიტკოინი მიითვისა. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - 11 წლით. ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა "კრიპტოვალუტის საქმეზე“, რომელშიც დაზარალებულად ბიძინა ივანიშვილია ცნობილი. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს სამოქალაქო საქმის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ადვოკატ ლევან მახარაშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა "სრულიად აღიარა ყველა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი, რის შემდეგაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ერთწლიან პირობით მსჯავრზე. მას ასევე დაეკისრა სასჯელის სახით სახელმწიფოსთვის 50 000 ლარის გადახდა. ბაჩიაშვილის საზღვარგარეთ მყოფი მშობლების წინააღმდეგ კი შეწყვეტილია სისხლის სამართლებრივი დევნა“.

მისივე თქმით, "შეთანხმება სამოქალაქო ნაწილში თანხასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არის მიღწეული და ეს პირობები კონფიდენციალურია“.

მიუხედავად ამისა, სანდო წყაროს ცნობით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების სანაცვლოდ, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის ფასის ბიტკოინი გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის სტატუსით, Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში ფიგურირებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ წელს მან ჩვენება შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სინგაპურის სასამართლოში მისცა. გამოცემის მასალებში მისი გვარი პირველად 2016 წელს გამოჩნდა.

გასულ წელს ბაჩიაშვილი ბერძნული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე მდებარე მისი ვილის გაძარცვის ფაქტი გახდა, საიდანაც ბერძნული მედიის ცნობით, 90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, ძირითადად სამკაულები იყო წაღებული.

  • ივანიშვილის რჩეული და პირადი ფინანსისტი

ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ის 2011 წლიდან იყო მიიჩნეოდა ბიძინა ივანიშვილის "პირადი ფინანსისტად“ და ნდობით აღჭურვილ პირად. 2005 წელს ბაჩიაშვილმა მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის (BBA) ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში, იმავდროულად მუშაობდა საქართველოს ბანკში. 2010 წელს გიორგი ბაჩიაშვილმა წარმატებით დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა (MBA) პრესტიჟულ Institut Européen d’Administration des Affaires (INSEAD)-ში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ფონტენბლოში მდებარეობს.

საფრანგეთში სწავლის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილმა მუშაობა ჯერ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Booz & Company-ის მოსკოვის ოფისში დაიწყო, ხოლო შემდეგ სამუშაოდ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის და ქონების მმართველი კომპანია Unicor Management Company-ის უძრავი ქონების განყოფილებაში გადავიდა.

გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილს პირველად 2012 წლის ნოემბერში შეხვდა, როდესაც ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. მალე იგი "საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ დანიშნა. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე იყო ივანიშვილსა და მის პირად ბანკირებს შორის მეკავშირე. ბაჩიაშვილი თან ახლდა ივანიშვილს ეკონომიკურ შეხვედრებზე და რჩევებს აძლევდა მას უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებების დროს. 2013 წელს, ივანიშვილის ინიციატივით, "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ დაარსდა, რომლის დირექტორად გიორგი ბაჩიაშვილი დაინიშნა. ფონდი რეგისტრირებულ იქნა კაიმანის კუნძულებსა და ლუქსემბურგში. გიორგი ბაჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2019 წლამდე იკავებდა. შედეგ, 2023 წლამდე იგი ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ბაჩიაშვილის თქმით, მას დიდი წვლილი მიუძღვის შვეიცარიულ ბანკთან “Credit Suisse” ივანიშვილის დავის წარმოების და წარმატებით დასრულების საქმეში. 2015 წლიდან 2023 წლამდე, მთელი 8 წლის განმავლობაში, ბაჩიაშვილი ინტენსიურად მუშაობდა ივანიშვილის ადვოკატებთან ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაზე. იგი ამარაგებდა მათ დოკუმენტური მტკიცებულებებით. მანვე ივანიშვილის სასარგებლოდ ჩვენება მისცა ორ ყველაზე მნიშვნელოვან სასამართლო პროცესზე.

ბაჩიაშვილი ივანიშვილთან მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. იგი ხშირად ესწრებოდა დახურულ შეხვედრებს, სადაც ივანიშვილისთვის და მთავრობისთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილებოდა. მაგალითად, მის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში იგი საუბრობს ივანიშვილის შეხვედრებზე საქართველოს იმდროინდელ გენერალურ პროკურორთან, როდესაც ივანიშვილი არცერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ იმყოფებოდა. ბაჩიაშვილი ასევე ლაპარაკობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა კლანის ლიდერად წოდებულ მიხეილ ჩინჩალაძის პირდაპირ ურთიერთობებსა და კავშირებზე ივანიშვილთან, რომლისგანაც, ბაჩიაშვილის მტკიცებით, ჩინჩალაძე პირდაპირ დავალებებს იღებდა. ბაჩიაშვილის ბოლოს გავრცელებული ინტერვიუებიდან ჩანს, რომ მას ასევე სთავაზობდნენ სენსიტიურ საქმეებში ჩართვას, ისეთებში, როგორიც არის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის საკუთრების შეძენა, რაზეც მან უარი განაცხადა.

  • ბრალდება და 2.5-მილიონიანი გირაო

გიორგი ბაჩიაშვილს სამ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული: "კრიპტოვალუტების მითვისების“, "მტკვარი ჰესის“ და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებზე. გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული.

პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.

"მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 000 ლარი.ა.

  • გაქცევა

2025 წლის 4 მარტს "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოდან გაქცევა მოახერხა და მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. მალევე საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა. გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ივანიშვილი ბოლო წლების განმავლობაში დაუპირისპირდა და პროკურატურაში უჩივლა, აცხადებდა, რომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა (ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები).

საქართველოდან იძულებითი წასვლის შესახებ ბაჩიაშვილმა "ფეისბუქზე“დაწერა.

მისი თქმით, მიიღო "სანდო ინფორმაცია“ მისი უსაფრთხოებისათვის შექმნილი "რეალური საფრთხეების“ შესახებ. "ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია“, - წერდა ბიზნესმენი.

  • ოხანაშვილის სპეცოპერაცია და იძულებით ჩამოყვანა

2025 წლის 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი სუს-მა საქართველოში დააბრუნა და საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 2025 წლის სექტემბერში 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

როგორც "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ამბობდა, თვითმფრინავის ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში "მოტაცებით ჩამოიყვანეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. "ყველა ნორმის დარღვევით, თავზე "მეშოკწამოფარებული", უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი - ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“, - თქვა ბაჩიაშვილმა.

26 მაისს, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. სათაურით: "ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“.

სტატიაში ბაჩიაშვილი საქართველოდან გაქცევის ახალ დეტალებზე საუბრობდა, ასევე, ბიძინა ივანიშვილზეც.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ 26 მაისს, "წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი", - რომელიც დააკავეს.

ამის შემდეგ, ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა მალევე განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში "იძულებით დააბრუნეს“. მასში არ იყო დაკონკრეტებული, როგორ და რა გზით ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი.

იმჟამად ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმაზე, რომ საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ბაჩიაშვილის ჩამოყვანაში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დაეხმარნენ, თუმცა ეს მხოლოდ მოარულ ხმებად დარჩა...

  • თავდასხმა პენიტენციურ დაწესებულებაში

2025 წლის 14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ციხეში ბაჩიაშვილის ცემის შესახებ.

ვრცელ წერილში ბაჩიაშვილი წერდა, რომ 11 ივლისს საკანში მას ფიზიკურად გაუსწორდა მისთვის უცნობი პირი.

მისივე თქმით, მანამდე, 8 ივლისს, ის დაიბარა მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები.

11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა "ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს მერვე დაწესებულებაში. მომდევნო დღეს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თავდაპირველი განცხადებით, ეს იყო "მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“. თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო უწყებებმა განაცხადეს, რომ ბაჩიაშვილის ცემა "იმიტირებული“ იყო.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის მშობლებს, 2025 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებულის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა როგორც პროკურატურის განცახდებიფან გუშინ გახდა ცნნობილი, რეს საქმეც შეწყდა...

P.S.

გიორგი ბაჩიაშვილის მოულოდნელ და კანონთან შეუსაბამო გათავისუფლებას საზოგადოებაში ბევრი კითხვა და ათასგვარი შეფასება მოჰყვა. ექსპერტი გია ხუხაშვილი ბაჩიაშვილის გათავისუფლებას "ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიან ისტორიად“ აფასებს. "ახალგაზრდა კაცია, როდემდე უნდა მჯდარიყო ციხეში?! ხვდებოდა, რომ ხელისუფალი არასდროს გამოუშვებდა. ახალ და ახალ საქმეებს "შეუკერავდა“. შესაბამისად, გარიგებაზე წავიდა. ბაჩიაშვილის დაპატიმრების მიზანი თავიდანვე ხომ არ ყოფილა ციხეში ჩასმა ან პოლიტიკური დევნა, მოტივი იყო ძალიან ბანალური - ფული, როგორც ჩანს. ფული "აახიეს“, რითაც მისი ციხეში ყოფნის საჭიროება გაქრა. იმედი ჰქონდა, რომ საკითხი სხვანაირად დარეგულირდებოდა. იმედი გადაეწურა, სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო და გატყდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.