Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზას სექტორში, დაახლოებით 350 აკრის ფართობზე, 5,000 ადამიანზე გათვლილი სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს.
ტერიტორია განიხილება, როგორც მომავალი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების (ISF) ოპერატიული სამხედრო ბაზა. თავად ISF ასევე მომავლის პროექტს წარმოადგენს და იგეგმება, როგორც მრავალეროვნული სამხედრო ძალა, რომელიც დაპირებული სამხედრო კონტინგენტებით დაკომპლექტდება. ტრამპის ჩანაფიქრით ISF ახლად შექმნილი “მშვიდობის საბჭოს“ ნაწილი იქნება, რომელსაც ღაზის "მართვა“ დაევალება.
პერიმეტრზე 26 ჯავშანტექნიკით აღჭურვილი სადარაჯო კოშკი და მცირე ცეცხლსასროლი იარაღის სასროლი პოლიგონი განთავსდება, მოეწყობა ბუნკერები და სამხედრო ტექნიკის საწყობი ოპერაციებისთვის. მთელ ბაზას ეკლიან მავთულხლართებს შემოარტყამენ.
წყაროს თქმით, რომელიც დაგეგმვის პროცესთან ახლოს დგას, რამდენიმე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიას, რომლებსაც საომარ ზონებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, ადგილზე ვიზიტის ფარგლებში უკვე აჩვენეს ტერიტორია.
გაურკვეველია, რა წესებით იმოქმედებს ISF საბრძოლო მოქმედებების, ისრაელის მიერ დაბომბვების განახლების ან ჰამასის თავდასხმების შემთხვევაში. ასევე გაურკვეველია, რა როლი ენიჭება ISF-ს "ჰამასის" განიარაღებაში , რაც ღაზის აღდგენის პროცესის დასაწყებად, ისრაელის ერთ-ერთი პირობას წარმოადგენს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში ე. წ. “ადამიანის ნეშტის პროტოკოლზე“ არის საუბარი.
"მშენებლობის ადგილზე თუ აღმოჩნდება სავარაუდო ადამიანის ნეშტი ან კულტურული არტეფაქტები, შესაბამის ტერიტორიაზე ყველა სამუშაო დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ადგილი უნდა იქნას დაცული და კონტრაქტის ოფიცერს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აღმოჩენის შესახებ, შემდგომი მითითებების მისაღებად" - წერია დოკუმენტში.
სიტუაცია აშკარად გაურკვეველია, იმის გათვალისწინებით ,რომ ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 10,000 პალესტინელის ცხედარია დაკრძალული.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლებმა სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული ყველა კითხვა “მშვიდობის საბჭოს“ მიმართულებით გადაამისამართეს.
თავად ტრამპის ადმინისტრაციამ გაჟონილ დოკუმენტებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის დაადასტურა რომ, "ადგილზე აშშ-ის სამხედროები არ იქნებიან".