მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს პროკურატურაც. უწყების ცნობით, ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.