"სასულიერო პირებთან პირდაპირი კონფლიქტი არ მქონია, თუმცა განსხვავებული დამოკიდებულებები რა თქმა უნდა, შემხვედრია. ამას მშვიდად და პატივისცემით ვუყურებ, რადგან ჩემთვის რწმენაც და ხელოვნებაც ძალიან პირადი სივრცეებია. მნიშვნელოვანია, რომ ერთმა მეორის ჩახშობა არ სცადოს...“ - ამბობს მხატვარი სოფია მიდოდაშვილი, რომელიც შემოქმედებაზე ვრცლად გვესაუბრა და ცხინვალში გატარებული ბავშვობაც ემოციურად გაიხსენა...

- ჩემს მეხსიერება ცხინვალში გატარებული ბავშვობა ზღაპარივით შემორჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და ფერადი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ვცხოვრობდით დიდ, სამსართულიან სახლში, ულამაზესი ბაღით, რომელიც სავსე იყო ყვავილებითა და ხეებით. გვქონდა უზარმაზარი ეზო, სადაც ყოველთვის ბევრი ძაღლი გვყავდა. ბოლო სართულზე მქონდა დიდი ყუთი, სავსე უამრავი სათამაშოთი და კიდევ ერთი ოთახი, სადაც ჩემი სხვადასხვანაირი, ფუშფუშა, პრინცესული კაბები ინახებოდა. ამ კაბებს დედაჩემი და დეიდაჩემი აკერვინებდნენ ხოლმე და სულ მქონდა განცდა, რომ ნამდვილი პრინცესა ვიყავი გრძელი ოქროსფერი კულულებით ჩემს დიდ, ფერად სასახლეში. დღემდე ასე მახსოვს ცხინვალში გატარებული ბავშვობა. უზომოდ გამიმართლა. გავიზარდე ძალიან დიდ, თბილ და მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ჩემთვის უცხო იყო დასჯა, მკაცრი კრიტიკა და აღზრდი იმჟამინდელი, მძიმე მეთოდები. დედა და მამა თბილისში სწავლობდნენ და ხშირად უწევდათ წასვლა, მე კი ბებიასთან და პაპასთან ვრჩებოდი ხოლმე და ძალიან მიყვარდა მათთან ყოფნა. პაპა მოსამართლე მყავდა და მიყვარდა მის კაბინეტში ჯდომა, რომელიც პირველ სართულზე იყო და სადაც უზარმაზარი წიგნების ბიბლიოთეკა გვქონდა. ბებია ოსი მყავს და ძალიან მომწონდა მისი გაკეთებული ოსური ხაჭაპურები, რომლის გაკეთებასაც დღემდე ვთხოვ ხოლმე. მახსოვს, პირველად თბილისში რომ ჩამოვედი და კორპუსები დავინახე, ყველაფერი ნაცრისფრად მეჩვენებოდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმ რწმენით და იმედით ვცხოვრობდი, რომ აქ დროებით ვიყავი და ისევ იქ დავბრუნდებოდი.

სკოლაში ბავშვებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ როდესაც ცხინვალში დავბრუნდებოდი, ყველას დავპატიჟებდი და ჩემს ულამაზეს ბაღში საქანელებზე ვაქანავებდი. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლების რთული პერიოდი მე და ჩემს ძმას, პრაქტიკულად, არ გვიგრძნია, რაც მთლიანად ჩვენი მშობლების დამსახურებაა, თბილისი მაინც დიდი ხნის განმავლობაში შავ-თეთრი იყო ჩემთვის. თუმცა ოჯახი ამ რეალობასაც ისე გვაწვდიდა, თითქოს საინტერესო და ჯადოსნურ თავგადასავალში მოვხვდით და ნელ-ნელა შევეგუე. ჩემი ცხინვალი კი დღემდე ზღაპრულად და ჯადოსნურად მრჩება გონებაში. როცა მეკითხებიან ბავშვობის წლებზე, ზუსტად ასე ვხედავ საკუთარ თავს - ზღაპრიდან გადმოსულ გოგონას.

- ძალიან თამამია თქვენი შემოქმედება. საიდან გაქვთ ამდენი თავისუფლება, სტერეოტიპებს რომ ამსხვრევთ?
- ალბათ ჩემი თავისუფლება ძალიან ადრე დაიწყო. როცა დაახლოებით სამი-ოთხი წლის ვიყავი, მამა ძილის წინ ო. ჰენრის ნოველებს ხშირად მიკითხავდა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი აღქმა იმისა, რომ სამყარო შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვანაირი, ღრმა, უცნაური, ლამაზი, რეალობისგან განსხვავებული. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ხელოვნებით შესაძლებელია ბევრად მეტის გამოხატვა, ვიდრე სიტყვებით. რომ შეიძლება არა უბრალოდ რაღაცის ჩვენება, არამედ სრულიად ახალი სამყაროების შექმნაც. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც მასწავლიდნენ ფიქრს, გრძნობას და კითხვების დასმას. სადაც თავისუფლება არ აშინებდათ, არამედ მხარს უჭერდნენ. სადაც ნორმალური იყო საკუთარი თავის ძიება და საკუთარი ენის პოვნა. მე გავიზარდე პიროვნების პატივისცემის ატმოსფეროში, რაც ძალიან ძლიერად აყალიბებს ადამიანს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის ჩემს შემოქმედებაში ამდენი შინაგანი გულწრფელობა. მე არასოდეს ვაკეთებ რაიმეს უბრალოდ ფორმის ან ეპატაჟის გამო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ნახატის, ყოველი მონახაზის უკან იდგეს მნიშვნელობა, მდგომარეობა, აზრი, განცდა... ამიტომაც შემოქმედებაში ვერ ვახერხებ და არც მინდა მოლოდინებზე მორგება. მე არ ვფიქრობ იმაზე, "როგორ არის სწორი“ ან "როგორ არის მიღებული“. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან გულწრფელობა. ჩემი ნახატების არცერთი პერსონაჟი არ არის გამოგონილი. ისინი ჩემს გარშემო არსებული ადამიანები არიან, რომლებიც ქაღალდზე ისე გადამაქვს, როგორც მე ვხედავ და აღვიქვამ მათ. მე არ ვცდილობ სტერეოტიპების სპეციალურად დანგრევას. თუ ნამუშევარი თამამი გამოდის, ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში ასეთი იყო ჩემი შინაგანი აღქმა და პოზიცია.
- აგრესია, წინააღმდეგობა არ ყოფილა თქვენი შემოქმედების მიმართ, თუნდაც სასულიერო პირებიდან?
- სასულიერო პირებთან პირდაპირი კონფლიქტი არ მქონია, თუმცა განსხვავებული დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა, შემხვედრია. ამას მშვიდად და პატივისცემით ვუყურებ, რადგან ჩემთვის რწმენაც და ხელოვნებაც ძალიან პირადი სივრცეებია. მნიშვნელოვანია, რომ ერთმა მეორის ჩახშობა არ სცადოს. ზოგადად, ადამიანების მხრიდან რეაქცია სხვადასხვანაირი ყოფილა კრიტიკაც და წინააღმდეგობაც. ეს ბუნებრივია, როცა ხელოვნება ჩვეული ჩარჩოებიდან გამოდის. თუმცა ამას მე არასდროს აღვიქვამ პირად აგრესიად. უფრო ხშირად ეს არის შიში ახლისა და განსხვავებულის მიმართ ან სურვილი, რომ ყველაფერი მარტივად და სწრაფად ასახსნელი იყოს. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს რეაქციებს უფრო ადრეულ პერიოდში ჰქონდა ადგილი. დღეს საზოგადოებამ მიიღო ჩემი არტი და ჩემს ნამუშევრებს უკვე ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. უამრავი გამომწერი მყავს, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ახალ ნამუშევრებს. იშვიათად, ათასიდან ერთმა თუ შეიძლება დატოვოს ნეგატიური კომენტარი. უმეტესად კი მხოლოდ დადებით და პოზიტიურ გამოხმაურებას ვიღებ.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ნამდვილი ხელოვნება არ ანგრევს, მას დიალოგში შეჰყავხარ. და თუ ჩემი ნამუშევრები ამ დიალოგის დაწყებას ახერხებს, მაშინ ისინი ცოცხალია.
- პროფესიული სასწავლებლები დაამთავრეთ?
- დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასევე მაგისტრატურა სისხლის სამართლის მიმართულებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც სხვა მინდოდა და დავიწყე საკუთარი თავის სხვა სივრცეში ძებნა. ხატვის პროცესი ამ ყველაფრის პარალელურად უკვე დაწყებული მქონდა. უბრალოდ, მაშინ საკუთარი თავისა და სტილის ძიების ეტაპზე ვიყავი. ექსპერიმენტები ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცესია. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე დროს, ყოველთვის ღია ვიყო სიახლეების მიმართ და მუდმივად ვისწავლო. ამ ეტაპზე ვსწავლობ ასტროლოგიის სკოლაში, სადაც კიდევ დაახლოებით სამი წელი მომიწევს სწავლა. ესეც ჩემი შიდა ძიების და განვითარების ნაწილია.
- თუ მიგიღიათ მონაწილეობა გამოფენებსა და კონკურსებში?
- რა თქმა უნდა, მიმიღია მონაწილეობა არაერთ გამოფენასა და პროექტში, მათ შორის მქონდა პერსონალური გამოფენაც, რომელიც თავისი ფორმატით სრულიად განსხვავებული იყო - ეს არ ყოფილა ტრადიციული საგამოფენო სივრცე. ჩემი ნახატების პერსონაჟები გავაცოცხლე. ისინი მოძრაობდნენ დარბაზში, იყვნენ მაყურებლებთან ერთად და მთელი გამოფენის განმავლობაში შედიოდნენ მათთან კომუნიკაციაში. პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა პერფორმანსი. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი იყო შიბარი არტის პერფორმანსი, რომლის მთავარი გმირიც თავად მე ვიყავი, ბრიტანელ შიბარი არტისტთან ერთად. შიბარი იაპონური ხელოვნების ფორმაა და მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პრაქტიკა უსაფრთხოა მხოლოდ მაშინ, როცა მას პროფესიონალთან ერთად აკეთებ.

ამ გამოფენის შემდეგ დღემდე ხშირად მწერენ და მეკითხებიან, როდის მექნება შემდეგი პერსონალური გამოფენა. ალბათ იმიტომ, რომ ეს არ იყო ფორმატი "შემოდი, დაათვალიერე ნახატები და წადი“. სივრცეში მუდმივად რაღაც ხდებოდა. ემოციების, მოძრაობისა და განცდების მთელი ქარიშხალი ტრიალებდა, და მაყურებელი ამ პროცესის ნაწილი ხდებოდა.

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში ახალგაზრდა მხატვრისთვის?
- იმ ეპოქაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, იმის თქმა, რომ საქართველოში არ არის ხელსაყრელი გარემო ახალგაზრდა მხატვრებისთვის, ჩემი აზრით, უფრო თავის მართლება იქნებოდა. დღეს იმდენი პლატფორმა, აპლიკაცია და ონლაინ სივრცე არსებობს, რომ საკუთარი ხმა და ნამუშევრები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე შეგიძლია მიიტანო სახლიდან გაუსვლელადაც კი. დღეს უკვე საუბარი აღარ არის საზღვრებზე. წარმატებისთვის სხვა ფაქტორებია მნიშვნელოვანი. კონკურენცია ძალიან დიდია და მხოლოდ შექმნა აღარ არის საკმარისი. გარკვეული თვალსაზრისით, ხელოვნება ბიზნესადაც იქცა და, გინდა თუ არა, საჭიროა ამ რეალობაში ორიენტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არტისტი გარკვეულწილად იჩაგრება. ვფიქრობ, ყველას თავისი აღქმა აქვს წარმატების, რაც ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: მთავარი საიდუმლო საკუთარი თავის რწმენაა, უნარი არ დანებდე და ბოლომდე გჯეროდეს, რომ უნიკალური ხარ. მნიშვნელოვანია არასდროს გააცალკეო შენი არტი შენი პიროვნებისგან. ის, რასაც ქმნი, სწორედ იმიტომ არის ძვირფასი და განსაკუთრებული, რომ ამას ქმნი შენ.
- მხატვარი რომელმაც თქვენზე ზეგავლენა მოახდინა...
- ეს არის ლეონარდო და ვინჩი, მაგრამ არა მხოლოდ როგორც მხატვარი. ჩემზე მან გავლენა მოახდინა როგორც უნივერსალური მასშტაბის ადამიანმა. მე ყოველთვის მაოცებდა, რომ ის არასოდეს ყოფდა სამყაროს „ხელოვნებად“ და „მეცნიერებად“. მისთვის ეს იყო კვლევის ერთიანი სივრცე. მას შეეძლო შეექმნა ნახატი და ამავე დროს შეესწავლა ადამიანის სხეულის აგებულება, დაეპროექტებინა მფრინავი აპარატები, გამოეკვლია წყალი, სინათლე, მოძრაობა.... მასში იყო აზროვნების აბსოლუტური თავისუფლება, უნარი, შიშის გარეშე გასულიყო ერთი პროფესიის, ერთი ჟანრისა და ერთი განსაზღვრების ფარგლებს მიღმა. ალბათ სწორედ ამიტომ არის ის ჩემთან ყველაზე ახლოს. ის არ იყო მხოლოდ მხატვარი, ის იყო ცხოვრების მკვლევარი. ის იხედებოდა უფრო ღრმად, სვამდა კითხვებს და არასოდეს კმაყოფილდებოდა მხოლოდ ზედაპირით. მის ნამუშევრებში მე ყოველთვის ვგრძნობ არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ ინტელექტსაც, აზრს და სამყაროს მოწყობის გაგების ძლიერ წყურვილს. და ვინჩიმ მასწავლა, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს შემეცნების გზა. რომ მხატვარი არ უნდა იჯდეს ჩარჩოებში. რომ ცნობისმოყვარეობა სისუსტე არ არის, ეს უდიდესი ძალაა და რომ ადამიანს აქვს უფლება იყოს მრავალგანზომილებიანი, რთული და არ იყოს ვალდებული რომ ერთ სიტყვაში ჩაეტიოს. ალბათ ამიტომაც არის ის ჩემთვის არა უბრალოდ წარსულის გენიოსი, არამედ ცოცხალი ორიენტირი, შეხსენება იმისა, რომ ნამდვილი თავისუფლება იწყება იქ, სადაც საკუთარ თავს აძლევ უფლებას იფიქრო ფართოდ და გულწრფელად.
- როგორია თქვენი გეგმები?
- ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაზე მეტად პროცესში ყოფნა მომწონს. ბევრს ვხატავ, ვმუშაობ საკუთარ თავთან, ვაკვირდები ჩემს მდგომარეობებს და ვცდილობ არ დავკარგო ის განწყობა და შინაგანი ხმა, საიდანაც ჩემთვის ნამდვილი ხელოვნება იბადება.

დღეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სიღრმე, ვიდრე სიჩქარე და გულწრფელობა, ვიდრე ფორმალური შედეგები. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემთვის, რადგან ვემზადები ჩემი შემდეგი პერსონალური გამოფენისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ეს არის დიდი და ძალიან ცოცხალი პროცესი, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ მუშაობას, არამედ ემოციურ მზადყოფნასაც. მინდა, რომ ეს გამოფენა იყოს ნამდვილი გაგრძელება იმისა რაც დღეს ჩემში ხდება. ასევე ვმუშაობ კოლაბორაციაზე ჩემს შვილთან, რომელიც 14 წლის ასაკიდან წერს პოემებს და უკვე მეორე წიგნიც აქვს გამოცემული. მას საოცრად ემოციური და განსხვავებული ხედვა აქვს, საკუთარი სტილი, და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისია ჩვენ ორივეს ცხოვრებაში. ზოგადად, არ მიყვარს გეგმების ზედმეტად წინასწარ ჩამოყალიბება. მირჩევნია ნელა და შეგნებულად ვიმოძრაო, მოვუსმინო საკუთარ რიტმს და იმ ნიშნებს, რომლებიც გზად მხვდება. არ ვიცი, ეს ხელოვანი ადამიანის მინუსია თუ პლუსი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი იყოს გულწრფელი და შიგნიდან წამოსული და ალბათ ყველაზე მთავარია, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, მინდა, რომ არ დავკარგო საკუთარი ხედვა და ის თავისუფლება, რის გამოც ვქმნი. იმიტომ, რომ ზუსტად აქედან იწყება ჩემთვის ყველაფერი ნამდვილი და ცოცხალი.