უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში მედიის და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა "მკვლელობის გეგმა ჩაუშალეს“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერთობლივი კონტრდაზვერვის ოპერაცია, სახელწოდებით, "ენიგმა 2.0“ – მოლდოვას გენერალური პოლიციის ინსპექციის საგამოძიებო ეროვნულ ინსპექტორებთან ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.
ოფიციალურმა კიევმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში 10 ადამიანი დააკავეს.
ისინი მოსკოვის დავალებით უკრაინელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების მკვლელობას გეგმავდნენ. დაკვეთილი მკვლელობების შესრულებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ ასეულობით ათასი დოლარის ჯილდოს. მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ლიკვიდაციისთვის - 100 000 დოლარს.
გამომძიებლების თქმით, ჯგუფი უკრაინელი ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეების, სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მაღალი თანამდებობის პირების და დაზვერვის მთავარი დირექტორატის (HUR) მოქმედი ოფიცრების, მათ შორის უცხოური ლეგიონის წევრების, მკვლელობებს გეგმავდა.
"უკრაინელი და მოლდოველი სამართალდამცავების ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოვლინდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც უკრაინელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების მკვლელობას გეგმავდა“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალები, ყუმბარები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და ციფრული მოწყობილობები. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიდების დროს უკრაინაში შვიდი ადამიანი დააკავეს, ხოლო კიდევ სამი - მოლდოვაში. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
ამ ქსელის სავარაუდო ორგანიზატორი მოლდოვის 34 წლის მოქალაქეა, რომელიც ადრე სასჯელს რუსეთში იხდიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ჩამოაყალიბა დაჯგუფება, რომლის მთავარი მიზანიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და 2022-2023 წლებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების ერთ-ერთი სამიზნე ანდრეი იუსოვი იყო - იგი უკრაინის სამხედრო ძალებში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობს და რუსეთთან პატიმრების გაცვლას უწევს კოორდინაციას.