ავტორი:

"ტრაგედიის დღეს მის ქცევაში იყო რაღაც ისეთი, რაც კარგს არ მოასწავებდა... ახლა მის კვალს ჩემი შვილი, ანა აგრძელებს" - რას ჰყვება მამუკა ონაშვილის და საბედისწერო შემთხვევიდან 4 წლის შემდეგ

"ტრაგედიის დღეს მის ქცევაში იყო რაღაც ისეთი, რაც კარგს არ მოასწავებდა... ახლა მის კვალს ჩემი შვილი, ანა აგრძელებს" - რას ჰყვება მამუკა ონაშვილის და საბედისწერო შემთხვევიდან 4 წლის შემდეგ

ცნობილი ქართველი მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში, 2022 წლის აგვისტოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მამუკა ონაშვილი ყველას უყვარდა და მისი წასვლით არაერთ ადამიანს დასწყვიტა გული და მათ თბილი მოგონებებიც უხვად დაუტოვა. თუმცა მისი დის - მაიკო ონაშვილის მოგონებები მაინც განსაკუთრებულია...

როგორია ცხოვრება მამუკას გარეშე, როგორ იხსენებს მაიკო ონაშვილი უსაყვარლესს და მის ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმას, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მაიკო ონაშვილი:

- 3 წლით უფროსი ვიყავი მამუკაზე. გვყავს კიდევ და - მარიკა. მე და მამუკა ერთი დედმამიშვილები ვართ, მარიკა მამაჩემის მეორე მეუღლისგანაა.

როგორია მამუკას გარეშე ცხოვრება? - არც ვიცი, საიდან და როგორ დავიწყო, რა ვთქვა?! ცხოვრება მის გარეშე ფაქტობრივად ვერც წარმოგვედგინა. ის ჩვენთვის ყველაფერი იყო... ჩვენთვის მის გარეშე ყოფნა ტანჯვაა. არავინ თქვას, დრო მკურნალიაო - ეგ ტყუილია. პირიქით, რაც დრო გადის, დარდი და მონატრება უფრო მძაფრდება...

- როგორი იყო მისი განწყობა გარდაცვალებამდე - რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა ან იქნებ თქვენ გრძნობდით რამეს, - ოჯახის წევრები?

- ხომ იცით, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო... ახლა რომ ვუკვირდები, თითქოს რაღაცებს ვკითხულობ, - მის ქცევაში იყო ისეთი, რაც კარგს არ მოასწავებდა... იმ დღეს, როცა ეს ტრაგედია მოხდა, ვისთან ერთადაც ქეიფობდა, იმ ბიჭებმა თქვეს, ისეთი სადღეგრძელოები თქვა და ისე გვეხუტებოდა, ისე გვეფერებოდა, ეს მართლა თვალში საცემი იყოო... ჰო, იმ წუთას ამას ვერც ამოხსნი, აღიქვამ, ვერ ხვდები და მხოლოდ მერე ფიქრობ, აანალიზებ... არ ვიცი, შეიძლება ჩვენ, ადამიანები ვწერთ ამ წინათგრძნობასაც და შეიძლება არც არაფერი იყო, რა გითხრათ?!

- ერთ სახლში ცხოვრობდით?

- კი, წლების მანძილზე. ახლაც მის სახლში ვცხოვრობთ - მე, დედაჩემი და ჩემი შვილი. დედასაც ძალიან უჭირს, განადგურებულია. როგორია - ასეთი შვილის დაკარგა... მამუკა ყველას და ყველაფერს აერთიანებდა. ჩვენი ოჯახი მასზე იყო აწყობილი... ჩვენზე ძალიან დამოკიდებული იყო, უმეტესად - ჩემზე. ყველგან ერთად დავდიოდით, ერთად ვმოგზაურობდით, უცხოეთში სამუშაოდ რომ მიდიოდა, მეუღლე არ ჰყავდა და უჩემოდ არსად მიდიოდა. ჰოდა, ასე ვიყავით საზღვარგარეთ გახიზნულები - ხან რომელ ქვეყანაში, სან - რომელში.

- ფაქტობრივად მასზე ზრუნვა გქონიათ თქვენს თავზე აღებული...

- კი, ასე იყო... მთლიანად მასზე ვიყავი გადართული. რაღაცას რომ ვიტყოდი, მერე იმ ნათქვამს მეტად გაავრცობდა, ხუმრობაში გადაიტანდა... ჩვენი ის ხუმრობები, გაკრიტიკება, დიალოგი, სიტყვები, ფრაზები - რაღაცას რომ ვეტყოდი და სასაცილოდ მპასუხობდა, რომ აღარ არის, ამის გაფიქრება ძალიან მიჭირს. თითქოს ყელში ბურთი მაქვს ხოლმე გაჩხერილი. სულ ერთად ვიყავით... ვფიქრობ, ვის რა უთხრა, ვის დაველაპარაკო, - ჩემი ენა მხოლოდ მას ესმოდა და მისი კიდევ - მე.

- თქვენი ბავშვობაც უნდა გაგახსენოთ - მამუკამ მუსიკის მიმართ ინტერესი როდის გამოავლინა?

- უნიკალური ბავშვობა გვქონდა, ალბათ, როგორც ყველა ბავშვს იმ დროში. დედაჩემი დედისერთაა, მამაც დედისერთა იყო, ეს ორი ბავშვი ვყავდით და ჩვენზე გადაყოლილები იყვნენ. ბავშვობის წლებიდან და იმ პერიოდიდან, მშობლების დამსახურებით, დიდი სითბო მოგვყვება... მამუკას სიმღერის მიმართ ინტერესი თავიდანვე ჰქონდა, ამასთან, ძალიან კარგად ხატავდა, ხეზე ჭრა უყვარდა, რაც კარგად გამოსდიოდა - ბუნებით ხელოვანი იყო... სანამ „ჯარში“ წავიდოდა, ნოდარ ნიკოლაიშვილთან მღეროდა. იქიდან რომ დაბრუნდა, მისი ნატვრა იყო, პროფესიულ სცენაზე დამდგარიყო... აიღებდა გიტარას და ხან სად მღეროდა, ხან - სად. თავისი უფროსი მეგობრები - ზურა კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი და კიდევ ბევრი მხარში ძალიან დაუდგნენ და ფილარმონიის სცენაზეც გამოვიდა. მისი დებიუტი დიდ სცენაზე გოგი დოლიძის სიმღერით შედგა - „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“. დარბაზში ვიყავი და მაყურებელმა ასეთი კარგად ჩასუქებული მომღერალი სცენაზე რომ დაინახა, სადღაც 3000-მა კაცმა - მათი ერთხმად ამოძახება გაისმა... მე კი მანამდე ვფიქრობდი, თუ მსმენელმა მიიღო, სცენაზე დარჩება და იმღერებს-მეთქი (იმ პირველი გამოსვლის ვიდეოც არსებობს). სიმღერა რომ დაიწყო, დარბაზი გაისუსა, მე თვალები დავხუჭე, სიმღერა რომ დაასრულა, სერიოზული ტაში გაისმა... თან ისეთი იყო, რაღაც თავისებური ქარიზმა ჰქონდა. დარბაზის ყურადღებას სცენაზე პირველივე გასვლიდან იპყრობდა. ვიგრძენი, რომ უცებ შეიყვარეს...

- მამათქვენი - გენო ონაშვილი, როგორც ვიცი, მღეროდა...

- მამა უნიჭიერესი, კარგად მეტყველი კაცი იყო, ამასთან, საოცარი თამადა. მამუკაც კარგად თამადობდა და მერე მამა-შვილს ადარებდნენ ხოლმე... მაგრამ მამა მაინც უნიკალური გახლდათ, გამორჩეული ნიჭით, სუფრა სხვანაირად მიჰყავდა, მამუკამ კი ეს ყველაფერი გაათანამედროვა. გენო ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში ცეკვავდა. ხმაც უნიკალური ჰქონდა და სასწაული ხმის ტემბრი, რის გამოც „რერომ“ სოლისტობა შესთავაზა. სამწუხაროა, რომ სიმღერა ერთად არ ჩაუწერიათ, რაც დასანანია.

- მამუკამ მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ AMBEbI.GE-ს თავის გატაცებაზე - ხატვაზე მოგვცა. ინტერვიუში საუბრობდა, რომ ბოლო დროს აქტიურად ხატავდა და ხატვას დიდ დროს უთმობდა...

- კი, მთელ თავის გრძნობებს იმ ნახატებში დებდა. მერე ყიდდა კიდეც. ყოველი მისი გაყიდული ნახატი მენანებოდა და ახლაც მენანება... ნეტავ, შეიძლებოდეს იმ ყველაფრის უკან დაბრუნება...

- სწორედ იმ ინტერვიუში, თითქოს დეპრესიულიც იყო...

- კი, ნამდვილად... ჯერ ერთი მასზე პანდემიამ ძალიან იმოქმედა. გაჩერებული რომ იყო და ვერაფერს აკეთებდა, ამას განიცდიდა. იმ პერიოდში წონაში მომატება ისევ დაიწყო, მაგრამ თავის თავს ვეღარ ერეოდა. ფეხიც სტკიოდა - მენისკი აწუხებდა - ჩაგლეჯილი ჰქონდა და მუხლიც საოპერაციო. კონცერტები არ ტარდებოდა, თავს რეალიზაციას რომ ვერ უკეთებდა, ამაზე დიდად წუხდა. სამოტივაციოდ, რაღაცებს სულ ვუჩიჩინებდი, ვეუბნებოდი - ისე მიყურებ, მტერი მგონიხარო - მეტყოდა. მტერი კი არა მოყვარე ვიყავი, რომ არ მოდუნებულიყო, რას არ ვეუბნებოდი.

- მაგრამ მისი ცხოვრების ასეთ ფინალს მაინც არავინ ელოდა...

- საჭესთან ძალიან მოწესრიგებული იყო, მათ შორის, ნასვამიც დამჯდარა, მაგრამ იმდენად ფლობდა საჭეს, უსაფრთხოდ მიგიყვანდა... იმ საბედისწერო დღეს, როგორ ვიცით, თვითონ არ მჯდარა თავის მანქანაზე. რესტორანთან 30 მეტრში მდგარი მანქანის ახლოს გადმოყვანა მეგობარს სთხოვა. მერე ჩაჯდა და აღარ გადმოსულა და საჭესთან ის ბიჭი დატოვა. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანს თავის ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება ეს ტრავმა, მოუნელებელია... ბიჭი, რომელიც ცხოვრებაში სხვის მანქანაზე არ დამჯდარა, რა არის ბედისწერა, მაგ დღეს სრულიად შემთხვევით მოხვდა მამუკას მანქანის საჭესთან. რესტორნიდან როგორც კი გამოვიდნენ, იქვე მოხდა ის საშინელი ამბავი. ისე დაიმტვრა, რომ ჩემის ძმა იმას ჩიოდა, რამე ხომ არ მოუვიდაო?

- მამუკა მაგ შემთხვევიდან რამდენ ხანში გარდაიცვალა?

- მეორე დღეს. ავარიის შემდეგ გონზე იყო... მაგ დროს მე თბილისში არ ვიყავი, აგარაკზე გახლდით. მანამდე მე გამაცილა, დანიშნულების ადგილას მიმიყვანა. ვუთხარი, წადი რატომ გაჩერდი, ხომ ხედავ, რომ ჩავჯექი და მივდივარ-მეთქი. იმიტომ მიყურებდა, რომ აგარაკზე სულ ერთად მივდიოდით ხოლმე. მარტოს რომ მიშვებდა, ეტყობა, ეს აფიქრებდა. მოკლედ, კარგა ხანს იდგა და უყურებდა, მანქანა თვალს როდის მოეფარებოდა. ის დღე როგორ უნდა დამავიწყდეს?! ვიცოდი, რომ ბიჭები საქეიფოდ მიდიოდნენ და მამუკაც უნდა წასულიყო... და წავიდა... წარმოიდგინეთ, რომ არანაირი წინათგრძნობა არ მქონია... ავარია მომხდარი იყო, მე აგარაკზე ვიყავი და თურმე Facebook-ი აჭრელდა ამ ამბით. იქ ყოველთვის უამრავი საქმე მაქვს და ამის გამო სოციალურ ქსელში არც შევსულვარ...

მერე ხან ერთმა მისმა მეგობარმა დამირეკა, ხან - მეორემ, - რას შვრები, მაიკო, მამუკას ვურეკავთ და არ გვპასუხობსო. თურმე იმის გაგება აინტერესებდათ, ვიცოდი თუ არა მამუკას ამბავი. მერე ჩვენი საერთო მეგობარი ჩამოვიდა - ცოტა გაოცებული ვუყურებდი, - აქ რა გინდა, გიორგი-მეთქი? საბოლოოდ მან მითხრა, რაც მოხდა... ცოცხალია-მეთქი? ცოცხალიაო. ძალიან არ მინდა ხოლმე, რომ ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ რადგან ამ საკითხზე ვლაპარაკობთ, ვიტყვი... ერთ რამეს ვფიქრობ, მცხეთის საავადმყოფოში, სადაც მოხვდა, ძალიან დააგვიანეს გადმოყვანა, პერიტონიტი უკვე დაწყებული იყო... თუმცა ახლა ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, ალბათ ეს ყველაფერი ბედისწერაა... თუმცა ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის გაფიქრება, რომ დროული შველა შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორ შეიძლება ეს დაგავიწყდეს, - მოკლედ, ტანჯვით ვცხოვრობ.

- გეგმაში რა ჰქონდა, რის გაკეთება უნდოდა?

- სულ იმას ამბობდა, უნდოდა თავის ბენდი ჰყოლოდა, რომ ბედთან ერთად ემღერა, გაეკეთებინა სოლო კონცერტი... გარდაცვალების შემდეგ მამუკამ იმხელა დაფასება მიიღო - ქალაქმა და საქართველომ დაიტირა. დღესაც ვინმე რომ იგებს, მისი და ვარ, თვალი ცრემლით ევსება... ადამიანები უყვარდა, კონტაქტური იყო - გენაცვალე, გენაცვალე, გენაცვალე, - ადამიანებს სულ ასე ელაპარაკებოდა. დაინახავდა თუ არა ვინმე ნაცნობს, გენაცვალე, შემოგევლე, კოცნიდა, ეხვეოდა... ვეტყოდი, ადამიანი დაიღალა, რა არის ამდენი გენაცვალე-მეთქი?! პანდემიის დროსაც არ იშლიდა ადამიანებთან ჩახუტებას, კოცნას და თბილად შეხვედრას... მამუკა დიდი პატივისცემით დაკრძალეს პანთეონში, მახათაზე. ფილარმონიაში გრანდიოზული კონცერტი ირმა სოხაძემ და ნუგზარ კვაშალმა გაუკეთა. ახლა მის კვალს ჩემი შვილი ანა უსტიაშვილი აგრძელებს, ოღონდ, კლასიკური განხრით. კონსერვატორია აქვს დამთავრებული - ვატო კახიძის ორკესტრის სოლისტია. ბევრი იცნობს, კარგი მომღერალია... ასეთია ჩვენი ამბები...