ავტორი:

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა.

  • არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე.

მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს მსახიობებმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა.

მათ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში იდენტური ტექსტი გამოაქვეყნეს.

"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი. დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ" - წერენ მსახიობები.

ყველა მათგანის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თეატრის ფასადიდან აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.

ახალი თეატრიდან წამოსულ მსახიობებს კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. ვახო ჩაჩანიძე ჩაჩანიძე ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის გვერდით დადგება ყოველთვის, ვინც უსამართლობის მსხვერპლია.

"ვინც თეატრი დატოვა, უმეტესობა ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, სოლიდარული ვარ მათ მიმართ, ვუთანაგრძნობ და მათ გვერდით ვარ ყოველთვის. არა მარტო მათი, ყველა ჩემი კოლეგის გვერდით ვარ და ყველა ადამიანის, ვინც უსამართლოდ ისჯება. მოქმედი ჩინოვნიკი, ასე დავარქვით ღიად გალახავს პოლიციელს და 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოდის და ამ დროს მზია ამაღლობელი ერთი სილის გამო ზის ციხეში, უკვე ძაან ზედმეტია ბევრ რამეზე საუბარი. ბანერის ჩამოხსნა როგორ შეიძლება. ასეთი ფორმით ასეთი გადაწყვეტილებები არაქართულია და ყველამ ვიცით, რომელ ხასიათში ჯდება და საიდან მოდის. ეს გავლილი აქვს ჩვენს ქვეყანას და ვიცით", - ამბობს ვახო ჩაჩანიძე "ტვ პირველთან" საუბრისას.

ბაჩო ქაჯაია: "მე ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი მეგობრები თავიანთი უსაყვარლესი თეატრის გარეშე არიან, თუმცა ვფიქრობ მათ გადაწყვეტილებას უნდა ვცე პატივის და შეიძლება, ეს გადაწყვეტილება მათი სურვილის წინააღმდეგ შეიძლება ყოფილიყო გაკეთებული, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა შეუძლებელია სოლიდარული არ იყო შენი მეგობრის მიმართ.

გიგა დათიაშვილი: "შემოქმედებითი პროცესის გაჩერების" მიზეზით გაჩერებული და მოკლული თეატრი, რომელიც რუსთავი ორის პავილიონად გადაიქცა-ქართული ოცნების კიდევ ერთი გამარჯვება".

მსახიობების პროტესტს ეხმაურება ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე:

"მადლობა ღირსებისთვის !მადლობა ბრძოლისთვის!მადლობა მეგობრობისთვის მადლობა რომ არსებობთ! სამაგალითო სოლიდარობა! მადლობა სიყვარულისთვის! ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! რა ბედნიერებაა საქართველოს თქვენნაირი ხალხი რომ ჰყავს! ამასაც გავივლით და დარწმუნებული ვარ ზუსტად თქვენ დააყენებთ ფეხზე ქვეყანას. ძალიან დიდი ადამიანები ხართ!".

წაიკითხეთ ასევე: