ავტორი:

"რა გასაკვირია, თუ ისტორია მეორდება? 9 აპრილსაც იქ იდგნენ, სადაც უნდა მდგარიყვნენ ქართველი მსახიობები... ბოლო წლებში მათ დაწერეს ქართული თეატრის ისტორიის ახალი თავი" - დათა თავაძე

"რა გასაკვირია, თუ ისტორია მეორდება? 9 აპრილსაც იქ იდგნენ, სადაც უნდა მდგარიყვნენ ქართველი მსახიობები... ბოლო წლებში მათ დაწერეს ქართული თეატრის ისტორიის ახალი თავი" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე ეხმაურება მსახიობების გადაწყვეტილებას ვასო აბაშიძის თეატრიდან წასვლასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"როცა “თეატრს ვსწავლობდით”, მსახიობების ყველაზე დიდი თავგანწირვა, რაზეც მოგიყვებოდნენ ის იყო, უკეთეს შემთხვევაში, სიცხიანები რომ თამაშობდნენ სპექტაკლებს… დიდად არავინ მოგიყვანდათ მაგალითად არც ოციანი და არც უახლოესი წლების წინააღმდეგობებს - არ გეტყოდათ მსახიობებზე, სასწორზე რომ დადეს ყველაზე ძვირფასი და 9 აპრილს იქ იდგნენ, სადაც უნდა მდგარიყო ქართველი მსახიობი. ბოლოს, მათაც დატოვეს [გააგდეს?] თავისი თეატრი.

რა გასაკვირია, თუ ისტორია მეორდება? იგივე ხალხს უჭირავს ძალა და ბებიების ბრძოლებს შვილიშვილები აგრძელებენ… [ახლა რამ გამახსენა იზა გიგოშვილი? მერე რა, თუ ოთხი დღის წინ 90 შეუსრულდებოდა, არც გახსენებია ვინმეს - (არც სამინისტროს, არც მის თეატრს… რა კარგია, რომ ჯერ კიდევ სახიფათოა!) - მადლობა ღმერთს!]დღეს, გუშინ და ბოლო წლების განმავლობაში, ქართველმა მსახიობებმა დაწერეს ქართული თეატრის ისტორიის ახალი თავი.

გილოცავთ, რადგან ახალი თაობის მსახიობებს თქვენ მოუყვებით, რომ მსახიობი ის არის, ვინც არასოდეს არ შეეგუა უსამართლობას, ყველაფერი დათმო: პატიმრობას, ძალადობას, დაცინვას, მუქარას გაუძლო და ხალხის ფარად, თეატრის ფარად დადგა - ისეთ მსახიობებზე ვეტყვით, ვინც თავის მაყურებელთან ერთად იყო ქუჩაშიც და ციხეშიც, ვინც თეატრი მოძრაობად გადააქცია, წინააღმდეგობის გულისცემად და სოლიდარობის ცოცხალ სხეულად; ვინც საფუძველი ჩაუყარა ისეთ თეატრს, ან გნებავთ ისეთი თეატრის იმედს, რომელიც მოქმედებს, მაშასადამე გრძნობს! რეაგირებს, მაშასადამე ცოცხალია! გახლეჩილობის ნაპრალებს ავსებს და უსამართლობის ჭრილობებს კურნავს, არღვევს უთანასწორობის საზღვრებს და გამბედაობის საყოველთაო მაგალითად დგება!

ისეთ თეატრს, რომელიც უსამართლობით გაჟღენთილი ჰაერით გაივსებს ფილტვებს და ამოიძახებს ერთი მოქალაქის, ანუ ყველა მოქალაქის, ღირსების დასაცავად!მოუყვებით, ისეთ მსახიობებზე, ვინც თეატრი დაუბრუნა ქუჩებს, მოედნებს, ანუ ხალხს, რომელსაც იგი წაართვეს!ხალხს დაუდგა თანამოაზრედ, თანამზრახველად, თანამებრძოლად, მეგობრად და არა დამრიგებლად, ან ცრუ-მქადაგებლად…!მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე! იზეიმე, საქართველო, არავინ გთმობს!“ ქურუმთა ხარხარი და მწუხარება კეთროვან ბალდახინზე პანთეონისაკენ…ქართული თეატრი შლამიდან ამოტივტივებული!" - წერს თავაძე.

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა.

თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე, კახა კინწურაშვილი, ეკა დემეტრაძე, გივიკო ბარათაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: