ავტორი:

"ვხედავ, ქალბატონი ნინო მიდის ყვავილებით ხელში, სხვა საფლავისკენ და მე დავუძახე..." - იზა ომაძე ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან შეხვედრას იხსენებს

"ვხედავ, ქალბატონი ნინო მიდის ყვავილებით ხელში, სხვა საფლავისკენ და მე დავუძახე..." - იზა ომაძე ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან შეხვედრას იხსენებს

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მისი შვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ბუსა ჟვანიას დედასთან, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან შეხვედრას იხსენებს. ამ თემაზე იზა ომაძემ "კურიერი P.S"-თან ისაუბრა.

"ძალიან უცნაურად მოხდა, სანთელს ვანთებდი, ალბათ 2023 წელი იყო. რაღაცნაირად შევკრთი და მოვბრუნდი იმიტომ, რომ ადამიანებმა გაიარეს აქ და ვხედავ, ქალბატონი ნინო (ქადაგიძე) მიდის ყვავილებით ხელში სხვა საფლავისკენ და მე დავუძახე, ქალბატონო ნინო, მობრძანდით, თქვენ იცით, რომ თქვენი შვილის სახელი ფიგურირებს ამ საქმეში მეთქი? ბუნებრივია, ძალიან განერვიულდა.

მე იმ დროს შვილის საფლავს ვადექი და არ ვიცი, მე უფრო უბედური ვიყავი, თუ ის უფრო უბედური იყო. ამას ძალიან ბევრი ადამიანი შეესწრო. საკმაოდ ხმამაღალი საუბარი იყო, ხმამაღალი, ემოციური, ორი დედის შეხვედრა.

ის დამპირდა, რომ თუკი მისი შვილი იქნებოდა დამნაშავე, თავისი ხელით ჩააბარებდა პროკურატურას", - ამბობს იზა ომაძე.

  • ცნობისთვის, თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.