გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში გუშინ, 21 თებერვალს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. "ჰონდას" მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი მოზარდი იჯდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
დაღუპულია ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ისინი ერთმანეთის დეიდაშვილები არიან, საბა წნორიაშვილი, მერაბ შინჯიკაშვილი და მათი ბიძაშვილი გვანცა.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში საღამოს, 10:00 საათზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები, მაგრამ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მოზარდების გადმოყვანა ვეღარ შეძლეს.
სავარაუდოდ, სიჩქარეა მიზეზი. ზემოთ სამების ეკლესია გვაქვს და იქ წასულან ყველანი ერთად. ერთმანეთის დეიდაშვილები, ბიძაშვილები არიან და ერთი მეზობელი იყო, ისიც არასრულწლოვანი. იქიდან მოდიოდნენ თურმე, როგორც ჩანს, საჭესთან მყოფმა მანქანა ვეღარ დაიჭირა, სისწრაფით არის წამოსული მანქანა, რაღაცას შეეჯახა და მერე მანქანა ამობრუნდა.
საბა წნორიაშვილი და მერაბი შინჯიკაშვილი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ, მათ სახლებს ერთი ღობე ყოფს, ერთად გაზრდილები არიან. ორივე მელაანის საჯარო სკოლაში სწავლობდა. მერაბი იჯდა საჭესთან, მერაბს ორი და ჰყავს, საბასაც ორი და ჰყავს. დაშავებულებს შორის საბას დაც არის - ის მეცხრე კლასელია. მოტეხილობები აქვს და ამჟამად კლინიკაშია. კიდევ დაშავებულია მათი მეზობელი, ისიც კლინიკაშია მოტეხილობებით.
გარდაცვლილ გოგონას გვანცას, შორიდან ვიცნობდი, მას ბებო და პაპა ჰყავს სოფელში და იქ ზაფხულობით მოდიოდა ხოლმე. ჩამკვდარია დღეს ჩვენი სოფელი, გლოვაა, წუხელ სამ საათზე ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საშინელება ტრიალებდა. საბას მამა განწირული ხმით ღრიალებდა, რა ვუთხრა ბიჭო დედაშენსო. დედამისი ავად არის, სიმსივნე აქვს და არ ვიცი ამ ამბავს როგორ გადაიტანს.
ამაზე დიდი ტრაგედია არ ვიცი რა შეიძლება იყოს. განადგურდნენ ოჯახები.
საშიში ადგილია, მიხვეულ-მოხვეული გზებია და ვერ დაიჭირა ეტყობა საჭე. მანქანა უცებ აფეთქებულა, არც არავინ იქნებოდა იქ, ცოტა მიკარგული ადგილია, თუმცა სოფელთან ახლოს კი არის. რომ აფეთქდა უკვე ვერავინ ვერ მოახერხებდა მათ გადარჩენას. მანქანა რომ ამოტრიალდა ორი მოზარდი გამოაგდო ალბათ რაღაც ძალამ, ალბათ კარებთან ისხდნენ ისინი და გადმოცვივდნენ. რომელიც შუაში იჯდა ალბათ შიგ დარჩა. ღმერთმა გაძლება მისცეს მაგათ ოჯახებს.
არ ვიცი სანუგეშოდ რა უნდა უთხრა. ვერ შევძელი მანქანამდე მივსულიყავი, დანახშირებული იყო ყველაფერი", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ადგილობრივი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახის წევრებს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო.