„ვიცავთ ილიაუნის“ - ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს დროშები.
“უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ბაქრაძე უნივერსიტეტის კვოტების შემცირების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.
„არანაირი კავშირი ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არ აქვს, არც უთქვამთ დაახლოებით მაინც, რას მოველით ამ „რეფორმის“ შედეგად, როგორ მდგომარეობაში იქნება ქართული უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები 5-10 წლის შემდეგ, არავითარი გეგმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ამ წუთას რაც არის, ის განადგურდეს - რასაკვირველია, პირველ რიგში, ილიას უნივერსიტეტი განადგურდეს, რადგან ეს მათთვის ითვლება ლიბერალიზმის ბუდედ.
უნდათ თავისუფლების ადგილი განადგურდეს, სადაც ადამიანებს ასწავლიან თავისუფალ აზროვნებას. როგორც დიქტატორებისთვის არის დამახასიათებელი, მათი მიზანი არის, შეიქმნას პროფესორ-მასწავლებლებში ერთგულება პარტიის გენერალური ხაზისადმი, რომ არსად ისმოდეს თავისუფალი ხმა, რასაც ჩვენ ყველგან ვხედავთ. ეს არის იმ დიდი მოზაიკის ნაწილი მხოლოდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მიმდინარეობს თავისუფალი, დემოკრატიული ინსტიტუტების დიდი ნგრევა, იმ ინსტიტუტების, რომლის იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განვითარების მომავალი იქნებოდა. ახლა ამ ყველაფრის ნგრევა და განადგურება მიმდინარეობს“,-განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.
ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე. სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე. ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას. ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.