ავტორი:

ერთ დროს პოპულარული სახელები, რომლებსაც ახალშობილებს თითქმის აღარ არქმევენ

ერთ დროს პოპულარული სახელები, რომლებსაც ახალშობილებს თითქმის აღარ არქმევენ

ჩვილისთვის სახელის დარქმევა, ოდითგანვე ერთ-ერთი სერიოზული საფიქრალი იყო მშობლებისთვის. თუმცა შვილებს უმეტესად, ტრადიციულად ბებია-ბაბუების, წინაპრების პატივსაცემად მათ სახელებს არქმევდნენ, ასევე ირჩევდნენ საკუთარ სახელებსაც, რაც იმ დროისთვის ყველაზე გავრცელებული იყო, ასე ვთქვათ, მოდური.

ახლაც თითქმის ასეა - წინაპრების სახელებს ისევ არქმევენ, ოღონდ, უფრო ნაკლებად, თუმცა უპირატესობას მაინც მოდურ, ანუ ამ დროში მეტად გავრცელებულ სახლებს ანიჭებენ.

  • შესაბამისად სახელები, რომლებიც გასულ საუკუნეში იყო პოპულარული, მივიწყებას ეძლევა. შესაძლოა, მომავალში ისევ „გაცოცხლდნენ“. ახლა ჯერჯერობით მხოლოდ ლექსიკონების, ლიტერატურის და ისტორიის კუთვნილებაა.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ქალის სახელს და მის მცირე ისტორიას. მათ დღეს თითქმის აღარ არქმევენ, მივიწყებულია.

ტექსტი მომზადებულია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნს - „რა გქვია შენ?!“

ჟუჟუნა (ქართული) - ნიშნავს „თვალციმციმას“. არსებობს ამ სახელიდან წარმოქმნილი გვარებიც: ჟუჟუნაშვილი, ჟუჟუნაძე.

ფოტინე (ბერძნული) – „ნათელი,“ „ბრწყინვალე".

შუშანიკ, შუშანა - სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და „წყლის შროშანს“ ნიშნავს. ცნობილია სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი, რომლის წამებაც აღწერა იაკობ ცურტაველმა V საუკუნეში. ერქვა ასევე რამდენიმე მოწამეს.

ჩიტო (ქართული) - მისი კნინობითია: ჩიტუნა, ჩიტუნია, ჩიტოლია. გვხვდება ვაჟის სახელადაც. მისგანაა წარმოქმნილი გვარები: ჩიტიშვილი, ჩიტაშვილი, ჩიტაიშვილი, ჩიტეიშვილი, ჩიტიაშვილი, ჩიტუაშვილი, ჩიტუკაშვილი, ჩიტოშვილი, ჩიტაძე, ჩიტაია, ჩიტია, ჩიტაური, ჩიტიანი.

ცირა (ქართული) - მეგრულად ნიშნავს „ქალიშვილს“ (შეადარეთ აგრეთვე გურული ციცა, ცა). მისივე ვარიანტია ცირუ.

ჯანიკო - სპარსულ სახელს „ჯან“ („სული“, „საყვარელი“) დართული აქვს ქართული სუფიქსი „იკ“-ო. ამრიგად, ჯანიკო იგივეა, რაც „სულიკო“ ან „საყვარელა“.

ჯულიეტა - იულიას იტალიური ფორმაა (იულია იტალიურად გამოითქმის როგორც ჯულია, ფრანგულად ჟიული. ამ უკანასკნელის საალერსეო ფორმაა ჟულიეტ).

აგრაფინა (ლათინური) - „აგრიპას კუთვნილი“, „აგრიპასი“. აგრიპა რომაული საგვარეულო სახელია, თავის მხრივ უკავშირდება ბერძნულს და ნიშნავს „ფეხებით წინ დაბადებულს“. ამ სახელს დაერთვის „ინ“ სუფიქსი, რომელიც მნიშვნელობით უახლოვდება ქართულ იან-ს (დავითიანი, ვაჩნაძიანი და სხვ.).

ანგელინა - ამ სახელის ფუძე ბერძნულია: ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა „ამბის მომტანს“, „მოამბეს“, შემდეგ მნიშვნელობა დაუვიწროვდა და ნიშნავდა მხოლოდ „ღვთის მოამბეს“, „ღვთის მახარობელს“ (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს „ინ“ სუფიქსი (იხ. ზემოთ – აგრაფინა) და ამ გზით მიღებულია საკუთარი სახელი ანგელინა.

ასმათ (არაბული) – „უმწიკვლო“, „უმანკო“, „პატიოსანი“. არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად „ვეფხისტყაოსანში“ გვხვდება და მისი მეშვეობით შემდგომში ფართოდ გავრცელდა.

გულიკო (ქართული) - ნაწარმოებია გულ სიტყვისაგან საალერსო „იკო“ სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა.

დესპინე (ბერძული) – „ქალბატონი“. მოფერებითი ფორმაა დესი. ეს სახელი ჰქვია ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მთავარ გმირ ქალს.

დოდო (ქართული) - მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, როგორც მას გამოთქვამენ ჩვილი ბავშვები. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და „ღვთის მეგობარს“ ნიშნავს).

ვენერა (ლათინური) - ანტიკურ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელია. იგივე სახელი ჰქვია პლანეტას (შეადარეთ ამ პლანეტის ქართული სახელწოდება ცისკარი და მისგან ნაწარმოები სახელი ცისკარა).

ზაირა - თურქული სახელია, მომდინარეობს არაბული ზეჰრა-საგან; „ყვავილს“ ნიშნავს.

ზინა, ზინაიდა (ბერძნული) - ნაწარმოებია ძველ ბერძენთა უზენაესი ღვთაების, ზევსის სახელისგან და ნიშნავს „ზევსისა“, „ღვთისა“ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული ღვთისია, ღვთისავარი). ზინა წინათ იხმარებოდა კაცის სახლად, მისგან კი ნაწარმოები იყო ქალის სახელი ზინაიდა. ამჟამად ორივე მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება და ზინა ითვლება ზინაიდა-ს შემოკლებულ ფორმად.

ირმა - ქართული სახელია. გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და „ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს“ ნიშნავს.

ლამარა - ქართული სახელია. სვანეთში, უშგულის თემში, არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, რომელსაც ლამარა ჰქვია ( „მარიამისა“). აქედან არის მიღებული ლამარა. პირველად გვხვდება გრ. რობაქიძის ამავე სახელწოდების პიესაში.

ლუიზა - ფრანგული სახელია, ნაწარმოები მამაკაცის სახელისაგან: ძველი ფრანგული „ხლოდვიკ“ ნიშნავს სახელოვან მეომარს“. აქედან მომდინარეობს ვაჟის სახელი ლიუდვიგ (ლიუდვიკ), რომლისგანაც მივიღეთ ლუი, ამ უკანასკნელისაგან კი – ქალის სახელი ლუიზა.

მერი - მარიამ-ის ინგლისური ფორმაა, რომელიც ქართულში გვიან შემოსულია. ეს სახელი ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ოცნების ქალიშვილს, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი ლექსი.

ნარგიზა (ბერძნული) - პარალელური ფორმაა ნარგიზი. ანტიკური მითის მიხედვით, ნარკისი ანუ ნარცისი ერქვა თავის თავზე შეყვარებულ ლამაზ ჭაბუკს, რომელიც თავისი სილამაზის საჭვრეტად სულ ერთთავად წყალში იყურებოდა და ღმერთებმა ყვავილად აქციეს. ამ ყვავილის სახელი ქართულად გადმოიცემა ნარგიზის ფორმით და იგი ქალის სახელად გამოიყენება. ის საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებულია ქალის სახელად, თვით ბერძნულში კი ნარკისი ანუ ნარცისი ვაჟის სახელია, ნარკისა – ქალისა. სახელის ფუძეა ბერძნული ზმნა ნარკაო - „ვაშეშებ“ (შეადარეთ სიტყვა ნარკოზი).

ნესტან - ნესტან-დარეჯან-ის პირველი ნაწილია, ქცეული ცალკე სახელად. ნესტან-დარეჯან მომდინარეობს სპარსული გამოთქმისაგან: ნესთ ანდარე ჯაჰან - „სწორუპოვარი“, უფრო ზუსტად: „არ არის ქვეყნად (მისი ტოლი)“. ეს სახელი ჰქვია „ვეფხისტყაოსნის“ მთავარ გმირ ქალს. სრული (კომპოზიტიური) ფორმა, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, დადასტურებულია ისტორიულ ძეგლებში (იხ. საქართველოს სიძველენი, III, 140). ამჟამად როგორც ნესტანი, ისე დარეჯანი გვხვდება ცალ-ცალკე სახელებად (იხ. დარეჯან).

პელაგია (ბერძნული) – „ზღვისა“. შემოკლებული ფორმაა პელო. შეადარეთ გეოგრაფიული ტერმინი არქიპელაგი („ერთმანეთის ახლოს მდებარე კუნძულთა ჯგუფი“). მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მარინე. პელაგია ერქვა რამდენიმე მოწამეს.