ჩვენთვის ლურჯი ცა ბუნებრივი და მუდმივი მოცემულობაა, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტის ევოლუციის პროცესში მისი ფერი არაერთხელ შეცვლილა და მომავალშიც შეიცვლება. გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის მკვლევარი, ფინ ბერიჯი განმარტავს, თუ რაზეა დამოკიდებული ცის ფერი და რას უნდა ველოდოთ მილიარდობით წლის შემდეგ.
დღისით ცის ლურჯ ფერს ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს: მზე და ატმოსფეროს შემადგენლობა.
მზის სინათლე: მიუხედავად იმისა, რომ ის თეთრი გვეჩვენება, სინამდვილეში ცისარტყელას ყველა ფერს შეიცავს.
ატმოსფერული ნაწილაკები: აზოტის, ჟანგბადისა და წყლის ორთქლის მოლეკულები მზის სინათლეს ყველა მიმართულებით ფანტავენ.

ლურჯ ფერს სხვა ფერებთან შედარებით მოკლე ტალღის სიგრძე აქვს, რის გამოც ის ყველაზე მეტად იფანტება და ცას ამ შეფერილობას აძლევს. ამ პროცესს რეილის გაფანტვა ეწოდება. რაც შეეხება აისსა და დაისს, ამ დროს მზე ჰორიზონტზე დაბლაა, სინათლეს ატმოსფეროს სქელი ფენის გავლა უწევს, ლურჯი ფერი იფანტება, ჩვენამდე კი მხოლოდ წითელი და ნარინჯისფერი ტალღები აღწევს.
დედამიწის კაშკაშა ლურჯი ცა მზის სისტემაში უნიკალურია. მაგალითად, იუპიტერს მკრთალი ლურჯი ატმოსფერო აქვს, თუმცა მზისგან შორს ყოფნის გამო ის ისეთი კაშკაშა არ არის, როგორც ჩვენთან.
რადიკალურად განსხვავებული სურათია მარსზე. იქ ატმოსფერო თხელია, მტვრის ნაწილაკები კი დიდია. შედეგად, დღისით მარსის ცა კარამელისფერ-ყვითელია, მზის ჩასვლისას კი ჰორიზონტი ლურჯ ფერს იღებს.
მეცნიერების ვარაუდით, დედამიწაზე ცა მუდამ ეს ფერი არ ყოფილა:
4.5 მილიარდი წლის წინ: ატმოსფერო ძირითადად ვულკანური აირებისგან (ნახშირორჟანგი, აზოტი, მეთანი) შედგებოდა.
როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა, ბაქტერიებმა ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანი გამოყვეს. მზის სინათლის ზემოქმედებით ის ნარინჯისფერ ნისლად იქცეოდა, რაც ცას სმოგისებრ შეფერილობას აძლევდა.

დაახლოებით 2.4 მილიარდი წლის წინ, ციანობაქტერიებმა ფოტოსინთეზის შედეგად ჟანგბადის გამოყოფა დაიწყეს. ამან ატმოსფერო მეთანისგან გაწმინდა და ცამ ის ლურჯი ფერი მიიღო, რასაც დღეს ვხედავთ.
მოკლევადიან პერსპექტივაში ლურჯ ფერს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაბინძურებამ, ტყის ხანძრებმა და ვულკანურმა ამოფრქვევებმა შეიძლება ფერი დროებით შეცვალოს. მაგალითად, 1883 წელს კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, მსოფლიოში მწვანე მზის ჩასვლებსა და ლურჯ მთვარეს აკვირდებოდნენ.
მეტეოროლოგი კლერ რაიდერი ვარაუდობს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, ატმოსფეროში წყლის ორთქლის რაოდენობა გაიზრდება, რაც ცის "გათეთრებას“ გამოიწვევს. თუმცა, თუ ჰაერის დაბინძურება შემცირდება, ცა უფრო მუქი ლურჯი გახდება.
ასტრონომიული მასშტაბით, ცის ფერი რადიკალურად შეიცვლება:
1 მილიარდი წლის შემდეგ: მზე 10%-ით უფრო კაშკაშა გახდება, რაც ოკეანეების აორთქლებას გამოიწვევს. ატმოსფერო ჟანგბადით გადაიტვირთება, რაც ცას მცირე ხნით კიდევ უფრო მკვეთრ ლურჯად აქცევს, შემდეგ კი ის გათეთრდება და გაყვითლდება (ვენერას მსგავსად).

5 მილიარდი წლის შემდეგ: მზე "წითელ გიგანტად“ გადაიქცევა. ნებისმიერი ატმოსფერო, რაც კი იმ დროისთვის დედამიწას შერჩება, ბოლოს მეწამულ შეფერილობას მიიღებს.
"იმედია, იმ დროისთვის კაცობრიობა ვარსკვლავებს შორის სხვა ლურჯ ცას იპოვის“, - ამბობს ფინ ბერიჯი.