22 თებერვალს მსოფლიო მედიის ყურადღება მექსიკისკენ იყო მიმართული, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რასაც ქვეყანაში დიდი არეულობა მოჰყვა. გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ხალისკოსა და სხვა ქალაქების ქუჩებში შეიარაღებული პირების ყოფნის შესახებ. ხალისკოს გუბერნატორმა, პაბლო ლემუს ნავარომ, სოციალურ მედიაში შტატის მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერაცია ქვეყნის სპეციალურმა ძალებმა დაგეგმეს და განახორციელეს. მასში მონაწილეობისთვის მზადყოფნაში მოიყვანეს მექსიკის საჰაერო ძალების და ეროვნული გვარდიის თვითმფრინავები.
მექსიკის უდიდესი ნარკოკარტელის "ხალისკოს ახალი თაობის“ (CJNG) ლიდერი ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც "ელ მენჩოს“ სახელით იყო ცნობილი, დაკავების ოპერაციის დროს დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი მექსიკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
59 წლის ყოფილი პოლიციელი ელ მენჩო ხელმძღვანელობდა უზარმაზარ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში კოკაინის, მეტამფეტამინის და ფენტანილის მასშტაბურ გადაზიდვებზე იყო პასუხისმგებელი

CJNG-მა ოპერაციას ავტომობილების ცეცხლის წაკიდებით, საგზაო ბლოკპოსტების აგებით და რვა შტატში უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმით უპასუხა.
მექსიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მექსიკას აწვდიდა ინფორმაციას, რამაც ოპერაციის ჩატარებას ხელი შეუწყო. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ელ მენჩოს დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს სახით 15 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.
ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობის შემდეგ არეულობებმა მინიმუმ ცხრა შტატი მოიცვა - ხალისკოდან ვერაკრუსამდე. დანაშაულებრივი დაჯგუფებების შეიარაღებული მებრძოლები ქუჩაში გამოვიდნენ და უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე დაჯგუფებამ თითო სამართალდამცავის მკვლელობისთვის 1200 დოლარის ჯილდო დააწესა.
მათ აღებული აქვთ რამდენიმე აეროპორტი, იწვის სამგზავრო თვითმფრინავები. რამდენიმე ქალაქში ქაოსია.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი, დააკავეს 22. დაახლოებით 50 ბანკის ფილიალი დამწვარი ან გაძარცულია. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ "ქვეყნის უმეტეს ნაწილში ვითარება ნორმალური რჩება“.
ინდოეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთის და კანადის საელჩოებმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. აშშ-მა კი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხო თავშესაფრები მოძებნონ.
ნარკოკარტელებთან ბრძოლაში ჩართული არიან: მექსიკის სპეცრაზმი, სამხედრო მოსამსახურეები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები.
მექსიკის თავდაცვის უწყების ცნობით, აშშ მექსიკას აწვდიდა ინფორმაციას, რამაც ოპერაციის ჩატარებას ხელი შეუწყო.


რუბენ "ნემესიო“ ოსეგერა სერვანტესი, ცნობილი როგორც "ელ მენჩო“, მექსიკის ხალისკოს ახალი თაობის (CJNG) კარტელის გავლენიანი ლიდერი იყო, რომელიც კონკურენტი სინალოას კარტელის ყოფილი ხელმძღვანელის, ხოაკინ "ელ ჩაპო“ გუსმანის დაცემის შემდეგ დაწინაურდა.
მან აგრესიულად გააფართოვა თავისი გავლენები მთელ მექსიკაში, იბრძოდა შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებით ვაჭრობის ძირითადი დერეფნების კონტროლისთვის და განიმტკიცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სტატუსი.
59 წლის ყოფილი პოლიციელი ელ მენჩო ხელმძღვანელობდა უზარმაზარ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში კოკაინის, მეტამფეტამინის და ფენტანილის დიდი რაოდენობით ტრეფიკინგზე იყო პასუხისმგებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ-ის ხელისუფლებას მის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდო - 15 მილიონ დოლარამდე ჰქონდა დაწესებული. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მის პოვნას, რამაც ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძნელად საპოვნ პირად აქცია.