2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა და სოციალური ქსელების ნამდვილი ფენომენი 20 წლის, ამერიკელი ფიგურული მოციგურავე, ალისა ლიუ გახდა, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. სპორტსმენმა, რომელმაც ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა, მაყურებელი არა მხოლოდ ტექნიკური მონაცემებით, არამედ თავისი არასტანდარტული, "არაფორმალური“ იმიჯით, საოცარი ენერგეტიკით და დამოუკიდებელი ხასიათით მოხიბლა.

ალისა ლიუ ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი ქალია, რომელმაც ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო. თუმცა, მის გამარჯვებამდე გზა საკმაოდ რთული და სკანდალებით აღსავსე იყო.]
ალისა 5 წლის ასაკიდან ვარჯიშობდა მამის, არტურ ლიუს მეთვალყურეობის ქვეშ. არტური, რომელიც 1989 წელს ჩინეთიდან საპროტესტო ტალღის ფონზე აშშ-ში გაიქცა და წარმატებული იურისტი გახდა. მისი გადაწყვეტილება ქალიშვილი მოციგურავედ გაეზარდა, შთაგონებული იყო ლეგენდარული მიშელ კვანის წარმატებებით. მიუხედავად იმისა, რომ მან ამ სპორტის შესახებ არაფერი იცოდა, ქალიშვილი ყინულზე მაინც მიიყვანა და წლების განმავლობაში მისი მენეჯერიც იყო.

არტურ ლიუს თქმით, მან ალისას კარიერაში 500 000-დან 1 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. მამამ უარი თქვა ჩინეთის წინადადებაზეც, რომლის მიხედვითაც ალისას ისტორიული სამშობლოს სახელით უნდა ეასპარეზა.
სპორტსმენის პირადი ისტორია საკმაოდ უჩვეულოა. ალისას სამი ტყუპი ძმა და ერთი და ჰყავს. ხუთივე მათგანი სუროგატი დედებისგან, დონორი კვერცხუჯრედების მეშვეობით დაიბადა. ალისამ არ იცის, ვინ არის მისი ბიოლოგიური დედა. მიუხედავად იმისა, რომ არტურს მცირე ხნით ცოლი ჰყავდა, ის საკუთარ თავს ყოველთვის მარტოხელა მამას უწოდებდა.
ალისა ლიუ ბავშვობიდანვე ფენომენალურ შედეგებს აჩვენებდა. 13 წლის ასაკში ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ზრდასრული ჩემპიონი გახდა. თუმცა, 2022 წელს, 16 წლის ასაკში, მან მსოფლიო შოკში ჩააგდო და სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
"13-14 წლის ასაკში ყოველდღე ვციგურაობდი. ეს იყო ძალიან უჩვეულო ბავშვობა. პატარაობისას ბოლომდე ვერ ხვდები, რა მინდოდა. სრიალი უფრო პასუხისმგებლობას ან ტვირთს ჰგავდა, ვიდრე სიამოვნებას", - ამბობდა ის CNN-თან ინტერვიუში. მას უბრალოდ სურდა, ყოფილიყო ჩვეულებრივი თინეიჯერი: ევლო კოლეჯში, ესეირნა მეგობრებთან ერთად და დრო ოჯახთან გაეტარებინა.

წელიწად ნახევრის წინ ალისამ ყინულზე დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა რადიკალური პირობებით: მან მამა მენეჯერის პოზიციიდან გაათავისუფლა და საკუთარი გუნდი შეკრიბა. დღეს ის თავად ადგენს ვარჯიშის განრიგს, ირჩევს მუსიკას, ვარცხნილობასა და კოსტიუმებს.
მისი ცხოვრება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ყინულით. ის კალიფორნიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს, გატაცებულია ვიდეოთამაშებით, მოდით, ხელოვნებით, კარაოკეთი და აქვს არაერთი პირსინგი.
"არავინ გამომფიტავს შიმშილით და არავინ მეტყვის, რა ვჭამო და რა - არა. თუ ვიგრძნობ, რომ ზედმეტად ბევრს ვვარჯიშობ, ტემპს დავაგდებს", - აცხადებს ჩემპიონი.
ოლიმპიური ოქროს შემდეგ ალისას "ინსტაგრამზე" გამომწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. "ზუმერები“ აღფრთოვანებულები არიან მისი "ნამდვილი“ და ცოცხალი გამოსვლებით, რაც რადიკალურად განსხვავდება სხვა სპორტსმენების მკაცრი და ხშირად რობოტული სტილისგან.

მიუხედავად "არაფორმალური“ იმიჯისა, მისი ტექნიკა უბადლოა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე სამმაგი აქსელი შეასრულა (13 წლის ასაკში), ხოლო 2019 წელს პირველი ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც ოთხმაგი ლუტცი დაატრიალა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე ალისა ლიუმ 226,79 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, რითაც უკან ჩამოიტოვა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი ადელია პეტროსიანი, რომელიც მეექვსე ადგილზე გავიდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი იაპონელი მოციგურავე კამორი საკამოტო, რომელიც ვერცხლს დასჯერდა.
იხილეთ ასევე: