ავტორი:

აშშ-ირანის ომი სულ უფრო რეალური ხდება? - პროცესების განვითარების სცენარები: თუ კონფლიქტი მართლაც დაიწყო, როგორ შეიძლება აისახოს რეგიონსა და საქართველოზე?

აშშ-ირანის ომი სულ უფრო რეალური ხდება? - პროცესების განვითარების სცენარები: თუ კონფლიქტი მართლაც დაიწყო, როგორ შეიძლება აისახოს რეგიონსა და საქართველოზე?

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ახალ საფეხურზე გადადის. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, რომელიც წლებია ბირთვული პროგრამის, სანქციებისა და რეგიონული გავლენისთვის ბრძოლით არის დამძიმებული, დღეს უკვე ღია სამხედრო ესკალაციის რეალურ რისკს შეიცავს. პარალელურად, პროცესში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ისრაელის როლი, რომელიც ირანის ბირთვულ გაძლიერებას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს და მოქმედების თავისუფლებას იტოვებს. ბოლო კვირებში ვაშინგტონმა რეგიონში მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო ყოფნა. სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაში ოპერირებენ ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შედის ავიამზიდი, მართვადი რაკეტების გამანადგურებლები და კრეისერები. მათ გვერდით მოქმედებენ საზღვაო ქვეითთა დანაყოფები და ამფიბიური სადესანტო გემები. რეგიონულ ბაზებზე - განსაკუთრებით კატარში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - გაძლიერებულია საჰაერო კომპონენტი: განთავსებულია სტრატეგიული ბომბდამშენები (B-52 ტიპის), გამანადგურებლები F-15/F-16 და საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot და THAAD. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს გაარჩიოს, ვდგავართ თუ არა მორიგი "მართვადი კრიზისის“ წინაშე, თუ მოვლენები შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის შედეგებიც მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს არ შეეხება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირან–აშშ-ის შესაძლო კონფლიქტს სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე?

ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აღმოსავლეთმცოდნე, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

“ამერიკამ სამხედრო ნაწილები და ტექნიკა გადაისროლა რეგიონში და კიდევ აგრძელებს. ბრძანების შემთხვევაში ირანზე შეტევა დაუყოვნებლივ დაიწყება. აშშ მოითხოვს ირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას და ახლო აღმოსავლეთში ე.წ. პროქსიჯგუფების - “ჰეზბოლას”, “ჰამასის”, ჰუსიტებისა და სხვათა დაფინანსების შეწყვეტას. ირანი ამ პირობებს არ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ეს კაპიტულაციად შეფასდება და შესაძლოა რეჟიმის დამხობაც გამოიწვიოს. აშშ ზრდის სამხედრო ზეწოლას ირანზე და ისრაელიც ემზადება შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის. შეტევის შემთხვევაში ირანი შეეცდება საპასუხო სამხედრო დარტყმები მიაყენოს არა მხოლოდ ისრაელს, არამედ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს და იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა საჰაერო სივრცე დაუთმონ აშშ-ს ან სხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ. არ არის გამორიცხული, ირანმა იერიში მიიტანოს ამ ქვეყნების ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზეც მათი ეკონომიკური დაზარალებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

მისი თქმით, გასული წლის ირან-ისრაელის 12-დღიანი დაპირისპირების დროს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი განადგურდა, თუმცა დაახლოებით 15% რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით აღადგინეს.

"პირველ სამიზნედ სწორედ ეს აღდგენილი სისტემები იქცევა. ამის შემდეგ სამიზნეში შეიძლება ამოღებულ იქნეს ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე ბაზები ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონში აშშ-ის ბაზებსა და მის მოკავშირეებს. ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ირანის ნავთობგადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განადგურება, რადგან აშშ-შიც და ისრაელშიც ფიქრობენ, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ირანს ეკონომიკური აღდგენა დასჭირდება, თუმცა პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში ეს მიდგომა შესაძლოა შეიცვალოს. შარშანდელმა 12-დღიანმა დაპირისპირებამ ბევრი რამ გამოაჩინა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობის მხრივ. საქმე ის არის, რომ ეს სისტემები ირანს რუსული ჰქონდა, რუსული კი თითქმის ყველაფერი უხარისხოა. საზოგადოდაც, ირანის სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული წარმოებისაა. თუ კონფლიქტი აშშ-სთან მართლაც დაიწყო, კვლავ ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდია ტექნოლოგიური სხვაობა დასავლურ და რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს შორის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

კითხვაზე: ორი ვარიანტი რომ ავიღოთ - პირველი: იწყება დაპირისპირება და მალევე ხდება ირანის რეჟიმის შეცვლა; მეორე: ომი ჭიანურდება და რეჟიმი გადარჩენას ახერხებს. როგორ შეიძლება ერთი ან მეორე სცენარის შემთხვევაში შეიცვალოს რეგიონში ვითარება? - რესპონდენტი პასუხობს:

“ჯერ არდაწყებული კონფლიქტის შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა ჰიპოთეზურად თუ დავუშვებთ, რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, პროამერიკული ძალა მოვა. თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, სომხეთი და აზერბაიჯანი დღეს უფრო დასავლეთზე არიან ორიენტირებული, მეტიც, უკვე პროამერიკულ სახელმწიფოებადაც კი განიხილებიან, ასეთ შემთხვევაში საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დარჩება, რაც ანომალიური ვითარებაა. ამიტომაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება და გავლენას მოახდენს. სხვა მხრივ, რთულია იმის თქმა, პროცესები როგორ განვითარდება...

ირანი უზარმაზარი, 90-მილიონიანი ქვეყანაა, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ტერიტორიით, ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგებით, მაგრამ სანქცირებულია, რამაც ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თუ კონფლიქტი გაიწელა და ეკონომიკაც ჩამოექცათ, მაშინ გარდაუვალი იქნება ჰუმანიტარული კრიზისი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ლტოლვილთა ნაკადებს. ამხელა ქვეყანაში 2%-ც რომ იქცეს ლტოლვილად და სადმე წავიდეს, ეს ძალიან დიდი ტალღა იქნება. ისინი ნამდვილად არ წავლენ არც ავღანეთისკენ და არც პაკისტანისკენ, შეიძლება წავიდნენ ჩრდილოეთით - კავკასიისკენ, ან დასავლეთით - თურქეთ-ერაყისკენ. ამხელა მასასთან გამკლავების საშუალება კი ყველა ქვეყანას არ გააჩნია და შესაძლოა ამან დამატებითი ჰუმანიტარული კრიზისები წარმოშვას ირანის მეზობელ ქვეყნებში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.