ავტორი:

როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა? - "ქალი 34 წლის არის.... ბავშვს ტრავმები აღენიშნება თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე..."

როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა? - "ქალი 34 წლის არის.... ბავშვს ტრავმები აღენიშნება თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე..."

ბათუმის კლინიკა "მედინაში“ მომხდარი შემზარავი ფაქტის შემდეგ, ახალშობილის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. ჩვილი, რომელსაც საკუთარმა დედამ სახისა და ყელის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, ამ წუთებშიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ კლინიკის დირექტორ ჯუმბერ უნგიაძესთან, რომლის განცხადებითაც, კონსილიუმი შედგა წამყვან ექიმებთან ერთად და დღესვე ბავშვთა ყბა - სახის ქირურგი, მეორე ოპერაციას გააკეთებს. "დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მაგრამ სიტუაცია უმძიმესია. მძიმე ტრავმით სასიცოცხლო ორგანოებზე, თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე, ქვედა ყბაზე. არის ინფექციაც, რადგან როგორც მოგეხსენებათ საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილის დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში რჩება", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, დანაშაული გუშინ მოხდა - კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, ახალშობილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და პოლიეთილენის პარკში მოათავსა. მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

- ბატონო ჯუმბერ, რამდენი ხანია, რაც ეს ქალბატონი თქვენს კლინიკაში მუშაობს?

- საკმაოდ დიდი ხანია. ქალი 34 წლის არის.

- მის ფსიქიკურ მდგომარეობაში არასოდეს ეჭვი არ შეგიტანიათ?

- არა, ჩემო კარგო, პირიქით - ძალიან ნორმალური ფსიქიკის ადამიანია. ორი ბავშვი ჰყავს, საკმაოდ დიდები უკვე. უმცროსი შვილი... თუ არ ვცდები, 2014-შია დაბადებული. ორივე ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა, ეს იყო მესამე ორსულობა. ქმარi დაღუპული ჰყავს, დაახლოებით, ცხრა წელია და მარტოხელა დედაა. არ შეგვიმჩნევია რომ ბავშვს ელოდებოდა. თვითონაც მალავდა, მეგობრებსაც კი უმალავდა. ყველა დაკითხულია. იცით რა, ძალიან რთულია, რაც მოხდა. არის სპეციალური ნაშრომები არახელსაყრელ ორსულობაზე... მე არ ვიცი, ვინ არის მამა, რა ხდება - ეს ჩემი საქმე არ არის. მაგას გაარკვევენ სამართალდამცავი ორგანოები. ჩემთვის ახლა მთავარია, ეს ბავშვი რაღაცნაირად გადავარჩინოთ. უმძიმესია მისი მდგომარეობა.

- დროული მშობიარობაა?

- მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ სხეულის მასით 2500 გრამია, აი, მომიჯნავეა, ფაქტობრივად, დროული ახალშობილია.

- ვინ ნახა ეს ფაქტი, როგორ მოხდა?

- საპირფარეშოში იყო შესული. როდესაც არ გამოვიდა დიდი ხნის განმავლობაში, ექთანი და სანიტარი დაემუქრნენ კარის შემტვრევით და პოლიციით. მერე რაღაცნაირად გამოაღო კარი, არ იცოდნენ რომ იმშობიარა. ეს ქალი ცალკე წაიყვანეს და მერე ეს ბავშვი აღმოაჩინეს უკვე პარკში ჩაგდებული.