“ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნებოდა კონკრეტულად სასტუმროში. რაც შეეხება ფერეიდნის საკითხს, ეს იყო იძულებითი ემიგრაცია და ჩვენთვის საზეიმო მოვლენა ნამდვილად არ არის ფერეიდანში ქართველების გადასახლება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ანძის ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათებისა და საზეიმო ღონისძიებაზე დასწრების საკითხს.
„ძალიან მარტივია გზავნილი - ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, როდესაც ტარდება მიღება, ყოველთვის მიდის მიღებაზე სახელმწიფოს წარმომადგენელი და როდესაც შემოდის თხოვნა ანძის განათებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ნათდება ანძა. სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ყველგან არის შესაბამისი პროტოკოლი დაცული“, - განაცხადა კობახიძემ.
„არ ვიცი კონკრეტული შემთხვევა, შეიძლება არ დაგვიძახეს, ვერ გეტყვით! სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის, საქმე ეხება ლიეტუვასაც, ესტონეთსაც, სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც დასანქცირებული ჰყავთ თუნდაც ჩვენი ხელისუფლება, იქაც ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა მივიდეს და უნდა მისულიყო.
ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნებოდა კონკრეტულად სასტუმროში, რაც შეეხება ფერეიდნის საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ ვაფასებთ ამ მოვლენას, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული შეფასება. ეს იყო იძულებითი ემიგრაცია და შესაბამისად, ჩვენთვის საზეიმო მოვლენა ნამდვილად არ არის ფერეიდანში ქართველების გადასახლება. ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ეროვნულ დღესასწაულს და არა ფერეიდნის საკითხს,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 11 თებერვალს, საღამოს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა. ამასთან, მედიაში გავრცელდა აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეებისთვის გაგზავნილი მოსაწვევი, რომელსაც ეწერა: „ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“.