თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული პროცესი სრულად დახურა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე განმარტებით, დარბაზში მყოფი პირები წესრიგს არ იცავდნენ, ეს კი სხდომის მიმდინარეობას უშლიდა ხელს.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წესრიგისა და სიწყნარის დასამყარებლად მოსამართლემ ჩაქუჩი არაერთხელ გამოიყენა, რასაც ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას უკმაყოფილება მოჰყვა. ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, ჩაქუჩი არ გამოეყენებინა.
„ქალბატონო თამარ, წეღანაც აკაკუნეთ! ნუ დააბრახუნებთ, კარგი?! ერთმანეთს ვცეთ პატივი“, - მიმართა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს.
თავის მხრივ, მისამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატს გაჩუმებისკენ მოუწოდა.
„მოსამართლე როცა ლაპარაკობს, გაჩუმდით! თქვენ მოსამართლეს მითითებებს ნუ აძლევთ, სასამართლოს პატივი ეცით, შენიშვნას გიცხადებთ. სხვა შემთხვევაში გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან. მუქარა არ არის, ეს არის გაფრთხილება“, - მიმართა თამარ მახარობლიძემ ბექა ბასილაიას.
ბასილაიამ მოსამართლეს უპასუხა, რომ ის არც მას და არც სასამართლოს შეურაცხყოფას არ აყენებდა.
„ახლა მე გაყენებთ შეურაცხყოფას, თუ თქვენ აყენებთ თქვენს თავს საკუთარი ქცევით? მე არ ვაბრახუნებ, ქალბატონო თამარ. შეურაცხყოფილად იგრძენით თავი ამიტომ?“ - აღნიშნა ბასილაიამ.
ჩაქუჩის ხშირად გამოყენებას გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა გვარამია.
„აბრახუნეთ, მე არ მაქვს პრობლემა“, - მიმართა მან მოსამართლეს.