Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს" სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ანა:
- ქალბატონო ნანა, რეჟისორობა ვინმეს რჩევით გადაწყვიტეთ? რატომ და როდის გაგიჩნდათ ეს სურვილი - ყოფილიყავით რეჟისორი?
- რეჟისორობა ნამდვილად არ იყო ჩემი სურვილი. თავში აზრად არც მომივიდოდა, რეჟისორი გავმხდარიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაბარებას სულ სხვა ადგილას ვაპირებდი, მაგრამ იმ დროს თბილისში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი გაიხსნა. ეს მაშინდელ საბჭოთა კავშირში საოცარი შემთხვევა იყო იმიტომ, რომ მხოლოდ მოსკოვში იყო საკავშირო კინოინსტიტუტი - „ვგიკი“ და თუ ადამიანს კინორეჟისორობა უნდოდა, აუცილებლად მოსკოვში უნდა წასულიყო. ჩვენი უდიდესი რეჟისორების პლეადას განათლება მოსკოვში, სწორედ „ვგიკში“ აქვთ მიღებული. მოკლედ, თბილისშიც გაიხსნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მაგრამ მსგავსი არცერთ სხვა რესპუბლიკაში არ მომხდარა, ამის უფლება არ ჰქონდათ. ეს უფლება კაკო დვალიშვილმა და რეზო ჩხეიძემ მოიპოვეს. ეს ძალიან დიდი გარღვევა იყო იმიტომ, რომ ქართველებს შეეძლოთ, კინორეჟისურა საქართველოში ქართულ ენაზე ესწავლათ. პირველი ჯგუფი ორმა დიდმა რეჟისორმა - თენგიზ აბულაძემ და ლანა ღოღობერიძემ აიყვანეს. მათი ასისტენტები იყვნენ - ირაკლი კვირიკაძე და ომარ გვასალია. ამ ინსტიტუტის გახსნა ისეთი საინტერესო კულტურული მოვლენა იყო, რომ მშობლებმა მირჩიეს (18 წლის ვიყავი), იქნებ მოსინჯო და ჩააბარო, ძალიან საინტერესო ლექტორები არიან, თან ინსტიტუტი რუსთაველის ქუჩაზე იყო... ასე სრულიად გაურკვევლად, რომ არ ვიცოდი, რა იყო კინორეჟისურა, არც მაინტერესებდა, შევიტანე საბუთები...
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/iYAiSJi7cRw?si=iCnD8sTPJHDv00KD" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
როდესაც ვაბარებდი, უმთავრესად იყვნენ უკვე ინსტიტუტდამთავრებულები, ჰქონდათ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და სათქმელი, ამიტომ სრულიად უიმედოდ მივდიოდი... ვფიქრობდი, ასეთ ადამიანებთან ერთად როგორ უნდა მესწავლა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მერე როდესაც იმ საკონკურსო სრბოლაში ჩავები, ეტყობა, რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა. მოკლედ, აღმოვჩნდი თენგიზ აბულაძის ჯგუფში. მე ვიყავი ერთადერთი ყველაზე პატარა, ახალ სკოლა დამთავრებული არაჩვეულებრივად ჭკვიანი ადამიანების გუნდში. ესენი იყვნენ - თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, გია მატარაძე, რამაზ გიორგობიანი, ზურა ინაშვილი, გოგიტა ჭყონია... თუმცა ერთი წელი რომ გავიდა, საკუთარ თავში დიდი იმედების გაცრუება მქონდა, ვიფიქრე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და ბატონ თენგიზს დიდი რომანტიკული, გრძნობებით სავსე წერილი მივწერე. არ შემიძლია აქ ყოფნა, უნდა წავიდე. ბატონმა თენგიზმა კი შემომთავაზა, მუშაობას ვიწყებ „ნატვრის ხეზე“ და იქნებ ჩემთან ასისტენტად იმუშაოთ კურსმა. ნახე, თუ მოგეწონება, ხომ კარგი, თუ არა და სადაც გინდა, იქ ჩააბარებ... "ნატვრის ხე" აღმოჩნდა ალბათ ის დიდი საცდური, სატყუარა, რომელმაც მაიძულა, ამ პროფესიაში დავრჩენილიყავი.
თემური:
- უმნიშვნელოვანესი ფილმის „მონანიება“ მეორე რეჟისორი ხართ თენგიზ აბულაძესთან ერთად, ამასთან, სცენარის ავტორი. როგორ დაიწყეთ ამ ფილმისთვის სცენარის წერა? რამ გიბიძგათ ამისკენ?
- "ნატვრის ხის" შემდეგ ბატონ თენგიზს ბევრი მიწვევა ჰქონდა უცხოეთში და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იქიდან დისიდენტური ლიტერატურა ჩამოჰქონდა. ის, რაც იბეჭდებოდა საზღვარგარეთ და რაც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ბატონმა თენგიზმა ჩამოიტანა ნადეჟდა მანდელშტამის (რეპრესირებული პოეტის ოსიპ მანდერშტამის მეუღლე) მოგონებები, რომელიც საბჭოთა კავშირის რეალობას სრულიად სხვა მხარეს აღწერდა - როგორ ცხოვრობდნენ მოქალაქეები 30-იან წლებში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შთაბეჭდილება იყო, ძლიერი შოკი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველ კურსზე ჩუმად მქონდა წაკითხული სოლჟენიცინის „არქიპელაგ გულაგი“... ზუსტად მაშინ ბატონი თენგიზი ახალ სცენარზე ფიქრობდა და კაკო ბაქრაძემ საინტერესო ფაქტი მოუყვა.
დასავლეთ საქართველოში ასეთი უცნაური რამ მოხდა: ამოთხარეს ახალ დამარხული მიცვალებული და ჭირისუფალს ღობესთან მიუყუდეს. ეს იყო ახალგაზრდა კაცის შურისძიება იმ გარდაცვლილის მიმართ, რომელიც, თავის დროზე, „კაგებე“-ს ოფიცერი იყო. მან მამა გადაუსახლა, დედამისი საყვარლად გაიხადა, რომელმაც მერე თავი მოიკლა. ეს ახალგაზრდა ბიჭი მაშინ პატარა იყო და ისიც გადაასახლეს. ბევრი წლის შემდეგ რომ დაბრუნდა, ამ ადამიანზე შური ასე იძია... ეს აღმოჩნდა „მონანიების“ ფაქტობრივად მთავარი ისტორია... ასე დავიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა. მახსოვს მაშინ, ბატონმა კაკომ თენგიზს უთხრა, ამაზე ნოდარ წულეისკირი მუშაობს, იქნებ შეხვდე და დაელაპარაკო... ნოდარ წულეისკირთან ერთად ცოტა ხანს ვიმუშავეთ. იმის გამო, რომ მთელი მასალა შესაგროვებელი იყო, ახალგაზრდა ვიყავი და ამას დიდი ხალისით ვაკეთებდი, ვწერდი, რასაც მერე უფროსები უყურებდნენ. ბატონმა ნოდარმა რაღაც მომენტში თქვა, რომ თენგიზ, მე უკვე არ გჭირდებით, თქვენ გააგრძელეთ. ასე ვთქვათ, დაგვლოცა და მუშაობა გავაგრძელეთ. ყველა ნამდვილი ქართული ისტორია გახლდათ. მანამდე, იმ წლების შესახებ, ცოცხალი ადამიანების მოყოლილი ნამდვილი ამბები არ ჩაწერილა.
რუსო:
- მუსიკალური გაფორმება ფილმს "მონანიება" თქვენ რატომ გაუკეთეთ?
- თვითონ სცენარის წერის დროს მთელი ეს მუსიკალური ქარგა ფაქტობრივად სცენარში იყო ჩადებული. ის ეპიზოდები, როდესაც ვარლამი მანრიკო სტრეტას მღერის, ხოლო მისი ორი მეგობარი, ქვეშებდომები - რიგტაფელოვი და დოქსოპოლო თითქოს ორკესტრის პარტიას ასრულებენ, რაღაც გარკვეული სარკაზმია და ძალიან სასაცილო. სარკაზმი იმის მიმართ, რასაც ვარლამი აკეთებდა... სულ მეკითხებიან, რა მუსიკა ისმის ბოლოში, როდესაც ვერიკოს გმირი ტაძრისკენ - იმ გრძელ გზაზე მიდის. ეს არის ჰუნოს ორატორია სიკვდილი და სიცოცხლე. არაჩვეულებრივი ნაწარმოებია... სხვათა შორის, მორების ეპიზოდში არის მუსიკა, რომელსაც ასეთი ამბავი უძღოდა წინ: ფილმს რომ ვამონტაჟებდით, გვერდით ელდარ შენგელაიას ფილმს მუსიკას გია ყანჩელი ადებდა. თენგიზმა მას რაღაცები აჩვენა, მათ შორის, მორების ეპიზოდი... ბატონმა გიამ მკითხა, - აქ რას აპირებ? ბუნებრივ ხმებს-მეთქი - ხერხის, ნახერხის, რომელიც იბნევა, ტლაპოს ჭყაპა-ჭყუპის, ძაღლების ყეფის - ალბათ საკმარისია. გვითხრა, რომ მოგიტანდა არვო პიარტის ძალიან საინტერესო მუსიკას და აი ზუსტად ის მუსიკალური ფრაგმენტი დაედო მაგ ეპიზოდს. მაშინ არ ვიცნობდით ამ კომპოზიტორს და ვკითხეთ, თანახმა იქნება, მისი მუსიკა რომ გამოვიყენოთ? წასულია საბჭოთა კავშირიდან და ბედნიერი იქნება, რომ ასეთ ფილმში მისი მუსიკა გაჟღერდეს. შეიძლება ითქვას, არვო პიარტმა და გია ყანჩელმა გვაჩუქეს ეს საოცარი ფრაგმენტი, რომელიც მორიბის ეპიზოდს დაედო...
ნინო:
- "მონანიება“ 1983 წელს კი გადაიღეთ, თუმცა "თვითმფრინავის ბიჭების" უსასტიკეს დასჯას იმავე 1983 წელს წინ ვერაფერი აღუდგა... რას იტყვით ამაზე?
- ეს იყო ფაქტობრივად ურჩხულის კუდის ბოლო მოქნევა... ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა ფილმი, გეგა კობახიძე იყო მთავარი გმირი, ის იყო ამ მთავარი იდეის მატარებელი. საოცრებაა, ფილმის სცენაში გეგა ხომ უნდა დაღუპულიყო და თითქოს ეს რაღაც საზარელი აქტი მის რეალურ ცხოვრებაზე გადავიდა. ხანდახან ისეთი უცნაური რამ ხდება ხელოვნებაში, რომ იმდენად ძლიერი რაღაც ენერგია წარმოიშობა, რომ ის ხანდახან ნამდვილ ცხოვრებასაც ეხება ან პირიქით. შეიძლება გეგას ბედი წინასწარ იყო განჭვრეტილი და ეს ფილმში აისახა. უცნაური, მაგიური კავშირებია ხოლმე რეალობასა და ფილმის რეალობას შორის… ეს იყო ამ საზარელი ურჩხულის კუდის უკანასკნელი მოქნევა...
ელზა:
- ფილმის დახურულ ჩვენებაზე რა მოსაზრებები გამოითქვა, - მოწინააღმდეგეები გამოჩნდნენ?
- ფილმის დახურულ ჩვენებას პრინციპულად არ დავესწარი. ფილმი ედუარდ შევარდნაძეს უნდა ენახა, რომელიც დიდი მხარდამჭერი იყო. ახლა ვნანობ იმას, რომ არ წავედი... ედუარდ შევარდნაძე მთელი თავისი გუნდით - ალბათ ცეკა-ს ბიუროს წევრებით იმყოფებოდა იქ. როდესაც ფილმი დასრულდა, სამარისებური სიჩუმე იყო. სანამ ბატონი ედუარდი რამეს არ იტყოდა, ხმას ვერავინ ამოიღებდა, რადგან იმ საზოგადოებაში მისი პირველი შეფასება ყველაზე ღირებული იყო. შევარდნაძემ თქვა - „ეტაპური ფილმი გადაიღე, თენგიზ შენ“ (შენობით იყო ყველასთან) და დარბაზმა ამოისუნთქა. იქვე ჯანსუღ ჩარკვიანის ფრაზა გაისმა - „მთავარია, თენგიზ, ახლა შენ ეტაპით არ გაგიშვან იქ“, ანუ ციმბირში... ამის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ შეიძლებოდა ფილმი მოსწონებოდათ და თენგიზს ყველამ მიულოცა... ოღონდ, შევარდნაძეს ბატონი თენგიზის მიმართ თხოვნა ჰქონდა. ბოლო ფრაზა, როდესაც ვერიკოს გმირი ეკითხება ზეიკო ბოცვაძის გმირს, ანუ ბარათელს - "ეს გზა ტაძრისკენ მიმიყვანს“? პასუხი იყო, რომ - "არა, ეს გზა ტაძრისკენ არ მიგიყვანს“.
შევარდნაძემ სთხოვა, იქნებ ასე ვთქვათ: "არა, ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძრისკენ არ მიგიყვანს". "ვარლამის ქუჩა" ნიშნავდა, რომ ეს ყველაფერი ისევ ძალაშია. საზარელი ორგანიზაცია, ინსტიტუცია „კაგებე“ ისევ თავის ძალმოსილებაშია და ეს ისევ ვარლამის ქუჩაა და არასოდეს მიგიყვანს ტაძრისკენ... რადგან ფინალი კიდევ უფრო გამწვავდა, ამ ბოლო ეპიზოდის გასაკეთებლად სამი თვე დაგვჭირდა. უნდა გადაგვეღო, დაგვეჭრა, ლაბორატორიაში გაგვემჟღავნებინა (ყველაფერი ფირზე ხდებოდა). ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო. ამ პერიოდში შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს და ფილმი საქართველოში ყველაფერს სრულიად მოწყვეტილი დარჩა. ორი წლის განმავლობაში ფილმი დაპატიმრებული იყო. შემდეგ რეზო ჩხეიძემ ლენინის პრემია მიიღო ფილმისთვის „მშობლიურო ჩემო მიწავ“. საკავშირო კინემატოგრაფისტებში დიდი რევოლუცია მოხდა - ახალი თავმჯდომარე - ელემ კლიმოვი მოვიდა, რომელმაც გადაწყვიტა, „დაპატიმრებული“ ფილმები ენახა და მათთვის ახალი სიცოცხლე მიეცა...
ცნობილმა რუსმა პოეტმა ევგენი ევტუშენკომ გაიგო, რომ საქართველოში თენგიზ აბულაძეს რაღაც ასეთი უცნაური ფილმი ჰქონდა. მან ჩემთან სახლში ნახა ეს ფილმი და მოსკოვში ამბავი წაიღო, რომ აუცილებლად უნდა მოხერხდეს ამ ფილმის გათავისუფლება, - მისი მოსკოვში გაგზავნა. როდესაც რეზო ჩხეიძე მოსკოვში თავისი ფილმით მიდიოდა, რომ პრემია მიეღო. ფილმი კოლოფებში, რკინის "იაუფებში“ ჩაალაგა „მონანიება“ და ასე კონტრაბანდით მოსკოვში გაიტანა. მიუტანა პირდაპირ კლიმოვს დარბაზში, სადაც ისინი ჩაკეტილები იყვნენ და „დაპატიმრებულ“ ფილმებს უყურებდნენ. ელემ კლიმომა ფილმი თავის კომისიასთან ერთად ნახა. ძალიან ცნობილი და დიდი რეჟისორი იყო და სრულიად გულწრფელად თქვა, რომ მე ჩემს სიცოცხლის დავდებ, ოღონდ, ეს ფილმი გადავარჩინო, ამან უნდა ნახოს მაყურებელი და დაიწყო მუშაობა, რაც წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. დადიოდა ცეკა-ს სხვადასხვა მდივანთან, აჩვენებდა (გორბაჩოვი უკვე მოსული იყო). ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვამცნობთ მსოფლიოს, რომ რაღაც შეიცვალა, რომ აღარ არის რკინის ფარდა. უნდა შევცვალოთ მსოფლიო რუკა, რომ აღარ არის სოციალისტური და კაპიტალისტური ბანაკი და ეს ფილმი უნდა გავუშვათ. ეს იქნება სასიგნალო რაკეტა... მან მიზანს საბოლოოდ მიაღწია. რასაკვირველია სხვადასხვა ძალები მუშაობდნენ და ფაქტობრივად ყველა ცდილობდა, ამ ფილმისთვის გზა გაეკაფათ. ასე რომ საბოლოოდ „მონანიება“ ეკრანებზე გავიდა. წავიდა კანის ფესტივალზეც და იქ სამი სხვადასხვა პრიზი მიიღო.
დავითი:
- გაიხსენეთ ფილმის "იავნანა" გადაღების პროცესი, რომელიც ეკრანებზე მძიე 90-იან წლებში გამოვიდა...
- ეს ფილმი დაიწყო ერთ სახელმწიფოში და შემდეგ, მგონი, სამი სახელმწიფოფორმაცია და წყობილება გამოიარა. საბჭოთა კავშირში დავიწყე და მისი დასრულება საშინელ თარიღს, 1993 წლის 27 სექტემბერს დაემთხვა - სოხუმის დაცემის დღეს. 1994 წლის 6 იანვარს იყო ფილმის პრემიერა. ამ ფილმს ომის დროს ვიღებდით. ძალიან ახლობლები მეუბნებოდნენ, რომ რა დროს „იავნანაა“?! ვის სჭირდება ეს შენი „იავნანა,“ ქვეყანა ინგრევა, ომია... კი, ნამდვილი ომი იყო... ჩვენი გმირი - ლევან აბაშიძე უნდა ყოფილიყო, ომში წავიდა და იქ დაიღუპა... მოკლედ, მარწმუნებდნენ, რომ ფილმის გადაღებას აზრი არ ჰქონდა. მე რატომღაც ჯიუტად ვიღებდი, ეს იყო ერთგვარი პასუხი იმაზე, რაც ხდებოდა. მახსოვს, როდესაც მივდიოდით გადაღებებზე, ....
ყვიროდა ნანა არ გაუშვათ გადაღებაზე, მანქანებს იტაცებდნენ. თოფიანი ხალხი დაძრწოდა და მაინც გავდიოდით... ეს ყველაფერი რომ დასრულდა, ზუსტად მაშინ გამოვიდა ფილმი. აღმოჩნდა, რომ ომგამოვლილ, სრულიად სისხლდაცლილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს თურმე როცა ძალიან სჭირდებოდათ, მაშინ გამოვიდა. „იავნანამ“ დიდი სიყვარული დაიმსახურა, ხალხი აღფრთოვანებული მირეკავდა... ფილმმა ადამიანებში იმედი ისევ გააღვიძა, რომ ჩვენ ვართ მშვენიერები, ლამაზები, კეთილშობილები... დარწმუნებული ვარ, ისეთი მძიმე დრო რომ არ ყოფილიყო, ალბათ „იავნანას“ ასეთი წარმატება არ ექნებოდა. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჯანო და ვატო კახიძეების საოცარი მუსიკა, რომელიც პირდაპირ მალამოსავით მოედო გულს. მეუბნებოდნენ, იავნანა რატომ უნდა დაიწეროს, როდესაც ამდენი ხალხური იავნანა არსებობსო. ვამბობდი, უნდა დაიწეროს, ისევე როგორც შობის საგალობელი. საერთოდ მაშინ არ იწერებოდა საშობაო სიმღერები და ეს იყო პირველი ნამდვილი საშობაო სიმღერა, რომელიც ბატონმა ჯანო კახიძემ შქმნა და საოცარმა გუნდმა - ვატო კახიძემ, თამრიკო ჭოხონელიძემ და თამუნა ჟვანიამ იმღერეს. ამანაც დიდი სიყვარული დაიმსახურა, ისევე როგორც „იავნანამ“. ასე დაიბადა ეს ყველაფერი.
ანანო:
- დიდი რეჟისორის ოჯახის წევრი ხართ. როგორი იყო ბატონი თენგიზის ცხოვრების ბოლო წლები?
- მას უნდოდა, გადაეღო ფილმი, რომელიც ილიას მკვლელობით დაიწყებოდა და გალაკტიონის თვითმკვლელობით დამთავრდებოდა. ერთად უნდა გვემუშავა, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა, ავად გახდა. რაღაცნაირად ვერ მოესწრო. ვერ მოვასწარით სერიოზული შეკრება და ამ პროექტის ირგვლივ საუბარი. ძალიან განიცდიდა იმას, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა და საერთოდ, ჩვენ ხომ მუდმივ კრიზისში ვართ. არადა, უნდოდა, რომ ამ ორი ძალიან მძიმე მოვლენით რაღაც დიდი ზნეობრივი მოვლენა დაეხასიათებინა, რაც საქართველოში ხდებოდა. ასე რომ, ეს ფილმი არ შედგა და ბატონი თენგიზი გარდაიცვალა.

გიო:
- როგორ ფიქრობთ, დრო ქმნის გმირებს - თუ კონკრეტული სიტუაცია?
- დრო არის კონკრეტული სიტუაცია. ამიტომ დრო და კონკრეტული სიტუაცია ქმნის გმირს, რომელსაც სრულიად არ ელოდები და უცებ აღმოჩნდება, რომ ის რაღაც ყლორტივით ამოხეთქავს ბეტონს და ხდება გმირი... ჩვენ ახლა ყველანი ამის მომსწრენი ვართ. აი, თუნდაც ის ადამიანები, ახლგაზრდა პატიმრები, რომლებიც ციხეში სხედან და საოცარ ზნეობრივ მაგალითს გვიჩვენებენ, გამძლევების, სიმტკიცის, სამშობლოს სიყვარულის, რწმენის. ესენი არიან ჩვენთვის უცნობი გმირები. არის გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა „უსახელო უფლისციხელი“. აი, უსახელო უფლისციხელები არიან, რომლებიც უშურველად თავის თავს სამშობლოს სწიდავენ. მათ ამის მაგალითი გვაჩვენეს. მგონი, ეს მაგალითები გვასაზრდოებს და სულიერ სიმტკიცეს გვმატებს. ამიტომ ვფიქრობ, ისინი არაფრიდან მოსული გმირები არიან - მათ ჩვენ არ ვიცნობდით.
ნიკოლოზი:
- რას იტყვით ქალურ და მამაკაცურ კინოზე - ასეთი რამ არსებობს (რეჟისურას ვგულისხმობ)?
- ჩემი აზრით, არსებობს უნიჭო და ნიჭიერი კინო - მთავარი ეს არის და დანარჩენი არ არსებობს. კინო ნიჭიერმა ადამიანმა უნდა გადაიღოს.
ლიკო:
- ახლა რაზე მუშაობთ?
- ვმუშაობ პატარა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მნიშვნელოვან ადამიანზეა. ეს არის გუჯი ამაშუკელი - ქართველი კაცი, რომელიც 40 წლის წინ საფრანგეთში წავიდა და იქ დიდი ოქრომჭედელი და მოქანდაკე გახდა. მან შექმნა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის ლიტურგიული ჭურჭელი, შარტრის საკათედრო ტაძარისთვის ლიტურგიული ნივთები და ასევე დიდი ღვაწლი აქვს გაწეული ევროპის ბევრი ტაძრისთვის. იქ აღიარებული ხელოვანია...
დოდო:
- როგორ ფიქრობთ, „ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს“? ან რომელ გზას მიჰყავს ადამიანი ტაძრამდე?
- ადამიანი ალბათ თვითონ უნდა იკვლევდეს გზას ტაძრისკენ. ეს არ არის მასობრივი გზა, ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევს და დიდი სიძნელეებით მიდის ამ გზისკენ. თუ ეს გააკეთა ერმა, ქვეყანამ და სახელმწიფომ, არაჩვეულებრივია, მაგრამ ძალიან რთულია. ამიტომ ყოველი ჩვენგანის ვალია, ვიაროთ და ვიპოვოთ ეს გზა. და თუ ამას მოვახერხებთ, სხვებიც ვაზიაროთ ამას. ამიტომ ამ გზაზე დადგომას უნდა ვეცადოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ყოველი ჩვენგანი ტაძრისკენ მიმავალ გზას დაადგება.