ავტორი:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა - როგორია მხარეების დანაკარგი და უკრაინის ტერიტორიის რამდენ პროცენტს აკონტროლებს რუსეთი ამჟამად

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა - როგორია მხარეების დანაკარგი და უკრაინის ტერიტორიის რამდენ პროცენტს აკონტროლებს რუსეთი ამჟამად

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325 000-ია. იმავე პერიოდში, უკრაინის მხრიდან 500 000-600 000 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 140 000-ია.

  • გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემები, სავარაუდოდ, არასაკმარისად შეფასებულია და რეალური რაოდენობა მეტია.

"ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს, 2022 წლის თებერვლამდე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კი ის უკრაინის თითქმის 7%-ს აკონტროლებდა

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.79% დაიკავეს.

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ 5.9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა თავისი ქვეყანა. მათმა დიდმა უმრავლესობამ ევროპას შეაფარა თავი. ამასთან, 3.7 მილიონი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე, კიევში ჩავიდნენ.

"კიევში ომის დაწყებიდან მეათედ. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ევროპა ურყევად დგას უკრაინის გვერდით, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და ამ მკაცრი ზამთრის განმავლობაში. იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სამართლიანი ბრძოლის მიმართ და ასევე, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე აგრესორს: ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ მშვიდობა არ აღდგება. მშვიდობა უკრაინის პირობებით“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

კიევში ჩასვლის შესახებ წერს ანტონიო კოშტაც.

"უსამართლო აგრესიული ომის ოთხი წელი. ურყევი უკრაინული გამბედაობის ოთხი წელი. ურყევი ევროპული მხარდაჭერის ოთხი წელი. ერთი საერთო გადაწყვეტილება: უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, კიევში“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.