ექვსი თვის იაპონურ მაკაკას უზარმაზარი მრგვალი თვალებით, გრძელი, გამხდარი ფეხებით და საყვარელი მუცლით, წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი ვოლიერის გარეთ ის მსოფლიო ვარსკვლავია.
5 თებერვალს, ტოკიოდან 20 მილის დაშორებით მდებარე იჩიკავას ზოოპარკმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც პანჩი სასოწარკვეთილი ეჭიდება IKEA-ს სათამაშო ორანგუტანგს. ზოოპარკი წერდა, რომ ის დაბადებისთანავე დედამ მიატოვა, ზრდასრულმა მაკაკებმა კი არ მიიღეს და სრულიად მარტო დარჩენილი, უკანასკნელ ნუგეშს პლუშის სათამაშოსთან პოვებდა.
ფოტო სწრაფად გავრცელდა ვირუსულად და რამდენიმე საათში 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
პირველი პოსტის შემდეგ შაბათ-კვირას, იჩიკავას ზოოპარკში 8000 ადამიანი შეიკრიბა მაიმუნის სანახავად, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის იმავე დროის ვიზიტორთა რაოდენობას.
რეკორდულად გაიზარდა IKEA-ს სათამაშო მაიმუნის გაყიდვები. ზოგიერთ ლოკაციაზე სრულად გაიყიდა კიდეც და დეფიციტური შეიქმნა. ზოგიერთი ერთგული გულშემატკივარი იჩიკავას ზოოპარკს ფინანსურ შემოწირულობებს სთავაზობდა.
მაკაკა გასული წლის 26 ივლისს, ზოოპარკში დაიბადა. 24 წლის ზოოპარკის მომვლელი კოსუკე შიკანო მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ხანგრძლივი და რთული მშობიარობის შემდეგ, პანჩის დედამ უგულებელყო თავისი უმწეო ვაჟი. მომვლელი ცდილობდა მათ დაახლოებას, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო იყო.
გარდა დედისა, მოგვიანებით მომვლელებმა შეამჩნიეს, რომ პანჩი მთელმა მისმა გუნდმა მიატოვა.
„მთის მაიმუნების ჯგუფში ზოგჯერ სხვა დედა მაიმუნები უვლიან ნაშიერებს, ამიტომ ჩვენ მათ შორიდან ვაკვირდებოდით. თუმცა, ასეთი ნიშნები არ დაფიქსირებულა“, - განმარტა მომვლელი სიკანომ.
პანჩის მომვლელებს არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ის ჯგუფიდან გამოეყვანათ და ხელით გაეზარდათ. ეს ნიშნავდა მის გასათბობად საბნებში შეხვევას და ბოთლით კვებას. თუმცა, იყო კიდევ ერთი პრობლემა. მაიმუნები ინსტინქტურად ეკვრიან დედებს, როგორც უსაფრთხოებისთვის, ასევე სასიცოცხლო კუნთების განვითარებისთვის. სწორედ აქედან გაჩნდა სათამაშოს იდეა. პანჩს რამდენიმე სათამაშო მისცეს, მათ შორის ჟირაფი, მაგრამ ის ყველაზე მეტად IKEA-ს ნარინჯისფერმა ორანგუტანმა მიიზიდა.
19 იანვარს, პანჩი, რომელსაც სახელი ცნობილი იაპონელი სატირული კარიკატურისტის, კაზუჰიკო კატოს პატივსაცემად დაერქვა, დააბრუნეს მაიმუნების ვოლიერში, რათა თავის ჯგუფს შეერთებოდა. თუმცა პირველი ორი კვირა რთული აღმოჩნდა.
მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, ერთ-ერთმა ზრდასრულმა მაკაკამ იშვილა ის.
“საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ბედნიერი დასასრული ახლოვდება. პანჩი თანდათან აღრმავებს თავის ურთიერთობას მაიმუნების ჯგუფთან“, - განაცხადა იჩიკავას ზოოპარკმა ცოტა ხნის წინ.
მართლაც, მას შემდეგ გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდა მაიმუნი თავის ჯგუფთან ურთიერთობს, საჭირო დახმარებას იღებს და ხანდაზმულ მაიმუნს ეხუტება კიდეც.
იხილეთ ასევე: