ავტორი:

მთავრობა ასახელებს პროფესიებს, რომელზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ქვეყანაში - ირაკლი კობახიძის განცხადება

მთავრობა ასახელებს პროფესიებს, რომელზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ქვეყანაში - ირაკლი კობახიძის განცხადება

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა, ჯამში 64 095-ს შეადგენს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელსაც უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებიან.

  • როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა არის საშუალო სკოლის მასწავლებლებსა და გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერებზე.

"ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად. ეს მაჩვენებელი შეადგენს 64 095-ს. აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის, ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც.

რაც შეეხება პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროების მოთხოვნას, აქ ლიდერობს შემდეგი პროფესიები: საშუალო სკოლის მასწავლებლები 6149; გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები 4761; ექთნის დამხმარე სპეციალისტები 2781, ექიმი სპეციალისტები 2701, მშენებლობის მენეჯერები 1710, პროგრამისტები 1691, პროფესიული განათლების მასწავლებლები 1655, მშენებლობის ზედამხედველები 1299, ელექტროტექნიკოსები 1124, მომარაგების და დისტრიბუციის მენეჯერები 1008. ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე“,- განაცხადა კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება.

"თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთვალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რომ ავიღოთ 3 600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გავუწიოთ, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე დღეს არის ჩარიცხულთა რაოდენობა, თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე.

ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა წესით 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50 პროცენტით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: