ავტორი:

"დასავლელმა მოხალისეებმა რთულ პირობებს ვერ გაუძლეს... ქართველები აგრძელებენ ბრძოლას" - რა ხდება უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ: მამუკა მამულაშვილის ინტერვიუ

"დასავლელმა მოხალისეებმა რთულ პირობებს ვერ გაუძლეს... ქართველები აგრძელებენ ბრძოლას" - რა ხდება უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ: მამუკა მამულაშვილის ინტერვიუ

დღეს ოთხი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ეს არის თარიღი, რომელმაც არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ ათასობით ადამიანის ბედი და მთელი რეგიონის პოლიტიკური რეალობა შეცვალა. ამ ოთხმა წელმა ომის ქრონიკა აქცია ყოველდღიურობად, სადაც ფრონტის ხაზი მხოლოდ გეოგრაფიული ზოლი აღარ არის და ის ადამიანების პირად ისტორიებზე, დანაკარგებსა და გამძლეობაზე გადის.

უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის ეს ბრძოლა მხოლოდ სხვა ქვეყნის დაცვის მცდელობა არ არის, ისინი მას საკუთარი გამოცდილების, ისტორიული მეხსიერებისა და უსაფრთხოების განცდის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქვამენ.

- რა შეიცვალა ოთხი წლის განმავლობაში ფრონტზე, როგორია მებრძოლების დღევანდელი განწყობა და რა გაკვეთილებს აძლევს ეს ომი საქართველოს, ამ საკითხებზე "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ვესაუბრებით:

- უკრაინა ამ ოთხი წლის განმავლობაში ფაქტობრივად თავდაცვით რეჟიმში იბრძოდა, რადგან არ ჰქონდა იმ რაოდენობის იარაღი, რაც მისცემდა შესაძლებლობას უფრო მასშტაბურად წასულიყო წინ, გაეთავისუფლებინა ოკუპირებული ტერიტორიები და მშვიდობა დაემყარებინა. სამწუხაროდ, პარტნიორმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს საჭირო დახმარების სრულად უზრუნველყოფა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება და უკრაინა ევროპასთან ერთად შეძლებს სამხედრო წარმოების გაძლიერებას.

- ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ჟურნალისტი საიმონ ტისდალი ამერიკის პოლიტიკას უკრაინის მიმართ "ყველაზე დიდ ღალატად" აფასებს და პასუხისმგებლობას როგორც დონალდ ტრამპს, ისე მის წინამორბედებს აკისრებს, ევროპას კი უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ასეთი მკვეთრი შეფასებები და ასახავს თუ არა ეს დასავლეთის რეალურ პოლიტიკას უკრაინის მიმართ?'

- დღევანდელი ამერიკული პოლიტიკა მართლაც ბევრ კითხვას აჩენს. შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო, ან არ ისურვა, სრულფასოვნად დაეჭირა მხარი. ვხედავთ ტრამპის ადმინისტრაციის რბილ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, რაც დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფად აღიქმება. ამერიკა უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, თუმცა მხარდაჭერა არც პოლიტიკურ და არც სამხედრო დონეზე საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს ევროპული ქვეყნები ყიდულობენ ამერიკისგან იარაღს, რომ უკრაინას დაეხმარონ. აი, ეს არის სიმართლე.

- თუმცა ამერიკის ინიციატივით და ჩართულობით, რუსეთ-უკრაინის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ აქტიურად განიხილება და საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. როგორ აფასებთ ამ პროცესის მიმდინარე ეტაპს და რამდენად რეალურია, რომ მოლაპარაკებებმა სამართლიან და მდგრად მშვიდობამდე მიიყვანოს მხარეები?

- ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ რუსეთს ან აშშ-ს სამართლიანი მშვიდობა სურდეთ. ასევე არ ჩანს რეალური მზადყოფნა, რომ ომი მალე დასრულდეს.

- გაჭიანურებული ომისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გარკვეული იმედგაცრუების ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა უკრაინული საზოგადოების განწყობა...

- მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოებაში მობილიზაცია გაიზარდა. ბევრმა გააცნობიერა, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა პირველ რიგში თავად უკრაინელებზეა დამოკიდებული. მორალური მზადყოფნა ბრძოლისთვის არ შემცირებულა.

- ომის პირველ დღეებში, ქართული ლეგიონი უკრაინაში ერთ-ერთი პირველი შეხვდა მტერს. როგორ შეაფასებთ მის როლს თავდაცვის ამ ეტაპზე და რა მნიშვნელობა ჰქონდა მისი მონაწილეობის შედეგებზე უკრაინის წინააღმდეგობისთვის?

- ეს იყო 24 თებერვლის დილის 8 საათი, ჰოსტომელის აეროპორტში. „ქართული ლეგიონი“ ომის დაწყების პირველივე წუთებიდან ჩაერთო ბრძოლაში. როდესაც Ka-52-ის ვერტმფრენები გამოჩნდა, მივხვდით, რომ სრულმასშტაბიანი ომის იწყებოდა. უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდით, რამდენად გადამწყვეტი იქნებოდა ეს ბრძოლა. ყველაფერი სწრაფად და ქაოსურად ვითარდებოდა, და ჩვენ უბრალოდ ვმოქმედებდით არსებული ვითარების შესაბამისად. რა თქმა უნდა, ძირითადი ტვირთი უკრაინელებზე მოდიოდა, ისინი იბრძოდნენ საკუთარ მიწაზე, საკუთარ ოჯახებზე ფიქრობდნენ, ჩვენ კი მათ მაქსიმალურად ვეხმარებოდით. უკრაინელებმა დააფასეს კიდეც ჩვენი მათდამი მხარდაჭერა და ეს აისახა კიევის ერთ-ერთ მთავარ სკვერში „ქართული ლეგიონისთვის“ მემორიალის დადგმაში. ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ „ქართული ლეგიონის“ სკვერი დაიდგმება ჰოსტომელის აეროპორტშიც და კიდევ ერთ ადგილზე, რომლის ადგილმდებარეობას ჯერ არ ვამბობთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედრო ფორმირებას ძეგლი დაუდგეს და ეს ჩვენთვის უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე ნებისმიერ მედალი და ჯილდო, რადგან რეალურად ეს მემორიალები აღიქმება ხალხის მხრიდან ჩვენს სიყვარულად და ხაზს უსვამს ერთიანობას, გაერთიანებულ ბრძოლას.

- ამ ოთხი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ფრონტის რეალობა, ბრძოლის ტაქტიკა, ტექნოლოგიები და თავად მებრძოლების ყოველდღიურობა?

- ეს ომი მთლიანად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე გვქონია ნანახი. ტექნოლოგიების განვითარებამ ტაქტიკას სრულიად ახალი ფორმები შესძინა - დრონები, რეალური დროში დაზვერვის სისტემები, მუდმივი კოორდინაცია. მებრძოლების ყოველდღიურობა გახდა უფრო დატვირთული, მაღალი პასუხისმგებლობით და საჭიროებს მუდმივ ყურადღებას. ჩვენ მუდმივად ვეცნობით და ვსწავლობთ ახალ მეთოდებს, რომ ჩვენი ბრძოლა მაქსიმალურად ეფექტური და შედეგიანი იყოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგია მხოლოდ ხელს უწყობს, ძირითადი ძალა მაინც ადამიანური რესურსია - მებრძოლები, მათი გამოცდილება და სწრაფი რეაგირება.

- დღეს ფრონტზე რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა - მებრძოლების ფიზიკური დაღლა, ადამიანური დანაკარგები თუ გაურკვეველი მოლოდინი ომის დასრულებაზე?

- ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მძიმე მაინც ადამიანის სიცოცხლეა. ყოველდღიური დანაკარგები, ახლობლების დაკარგვა და მუდმივი სტრესი ქმნის დიდ ფსიქოლოგიურ ტვირთს.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ომის პერსპექტივაზე, რა ეტაპზეა დღეს ეს დაპირისპირება და რა განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებას ?

- ეს ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ბოლო 13 წლის განმავლობაში, როგორც უკრაინისთვის, ისე ჩვენთვის. ელექტროენერგია ხშირად არ მუშაობდა, ლოჯისტიკა პრობლემური იყო და ბევრი აუცილებელი საშუალება ვერ ფუნქციონირებდა. ამან ფრონტის მუშაობას და ეფექტურობას ბევრი გამოწვევა შეუქმნა. მიუხედავად ამისა, რუსებს მნიშვნელოვანი დარტყმები მივაყენეთ, თავდაცვის ახალი მინისტრის დამსახურებით. მის მიერ შემუშავებულმა ახალმა სტრატეგიამ რუსები აიძულა დაეთმოთ არაერთი ოკუპირებული ტერიტორია. სტარლინკის სისტემების დროებითი გათიშვა რუსებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენი მალევე, დაახლოებით 20 საათში მოვახერხეთ ლინკების თავიდან დარეგისტრირება. ეს არის ახალი თავდაცვის მინისტრის დამსახურებაა.

- შეიძლება უახლოეს მომავალში ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან გარდატეხას ველოდოთ?

- გარდატეხა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა საკმარის რაოდენობის იარაღს მიიღებს. უკრაინა უკვე ცდილობს საკუთარი წარმოება განავითაროს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, თუმცა ეს ჯერ სრულად ვერ აკმაყოფილებს არმიის საჭიროებებს.

- ადამიანური რესურსის თვალსაზრისით რა ვითარება, გართულებულია თუ არა მობილიზაციის პროცესი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბევრმა უცხოელმა მოხალისემ უკვე დატოვა ფრონტის ხაზი?

- ფრონტის ხაზი ძირითადად დასავლელმა მოხალისეებმა დატოვეს, რადგან რთულ პირობებს ვერ გაუძლეს. "ქართული ლეგიონიდანაც" მხოლოდ ამერიკელები და ბრიტანელები წავიდნენ, ქართველი მებრძოლები რჩებიან ადგილზე და აგრძელებენ ბრძოლას. რაც შეეხება მობილიზაციას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია პროპაგანდა (კარგი გაგებით) მნიშვნელოვანია, დაარწმუნო ადამიანი, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი სამშობლოს დაცვა, ოკუპანტის აგრესიისგან.

- ამ 4 წლის მანძილზე, "ქართულ ლეგიონმა" არაერთი მებრძოლი დაკარგა, რას იტყვით მათ შესახებ?

- "ქართულმა ლეგიონმა“ ამ 4 წლის განმავლობაში კი არა, 12 წლის განმავლობაში დაკარგა არაერთი ძალიან მამაცი მებრძოლი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკრაინაში 2014 წლიდან ვიბრძვით. ჩვენმა ბიჭებმა საქართველო ასახელეს. მათ თავიანთი საქციელით აჩვენეს თავდადება, ერთგულება და სიძლიერე, რაც ყოველთვის იქნება მაგალითი მომავალ თაობებისთვის.

- ამ ყველაფრის შემდეგ გაძლევთ ძალას გააგრძელოთ ბრძოლა და რა გზავნილს უგზავნიდით უკრაინულ და ქართულ საზოგადოებას?

- რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალდებულებაა. გარდა იმისა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრის დასუსტებაში ჩვენი როლი შეგვაქვს, ჩვენ ვაგროვებთ გამოცდილებას, რაც შემდგომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც შეუძლია გამოიყენოს. რაც შეეხება საზოგადოებას, როგორც უკრაინულს, ისე ქართულს - უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ბრძოლით მიიღწევა და მისი დაცვა მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს.

წაიკითხეთ ასევე: