აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთი ახალი თაობის ბირთვული იარაღის ცდებს ატარებს. ვაშინგტონის განცხადებით, პეკინი საკმაოდ ჩქარა ზრდის ბირთვული არსენალის მოცულობას.
ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ “ვაშინგტონი მშვიდად არ იქნება, ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“.

„ჩინეთმა განზრახ და უკონტროლოდ, მასშტაბურად გააფართოვა თავისი ბირთვული არსენალი ისე, რომ არ არსებობს არანაირი გამჭვირვალობა მისი განზრახვების ან საბოლოო მიზნების შესახებ“, - განაცხადა კრისტოფერ იუმ, ტრამპის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის საკითხებში.

ჩინეთი უარყოფს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს. ქვეყნის ელჩმა, შენ ჯიანმა განაცხადა, რომ პეკინი „მტკიცედ ეწინააღმდეგება გარკვეული ქვეყნების მიერ მისი ბირთვული პოლიტიკის მუდმივ დამახინჯებასა და დისკრედიტაციას. არ არის სამართლიანი, გონივრული ან რეალისტური იმის მოლოდინი, რომ ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს ე.წ. სამმხრივ მოლაპარაკებებში".
აშშ-ის ინფორმაციით, ჩინეთმა 2020 წლის ივნისში მიწისქვეშ 2.75 მაგნიტუდის აფეთქება განახორციელა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ბოლოდროინდელ ანგარიშში აფეთქების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ფოტო: The Times