რამდენიმე თვის წინ, გროზნოელმა ბლოგერმა, ლიმდა იბრაგიმოვამ სოციალურ ქსელებში მილიონიანი აუდიტორია ერთი უცნაური ვიდეოთი მიიზიდა - კადრებში ის საკუთარი ქმრის, იმრან ჟულაგოვის ქორწილში მხიარულად ცეკვავდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ღიმილის მიღმა დიდი ტრაგედია იმალებოდა. 2026 წლის 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლიმდამ საბოლოოდ მიატოვა ქმარი, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კაცს დაშორდა მეორე ცოლიც - ქალი, რომლის ქორწილშიც ლიმდამ იცეკვა.
ლიმდა არ მალავდა, რომ საყვარელი მამაკაცის ღალატის ატანა ძალიან გაუჭირდა, მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ მას მეორე ქალიშვილი შეეძინა. გარკვეული პერიოდი ის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ცუდი არაფერი ხდებოდა, თუმცა ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მანქანაში მწარედ ტირის.
"ეს ვიდეო მათთვისაა, ვინც ამბობდა, რომ ბედნიერი ვცეკვავდი საკუთარი ქმრის ქორწილში. კადრები 2025 წლის 23 ოქტომბრის ღამესაა გადაღებული - მაშინ, როცა მივხვდი, რომ ეს სიზმარი არაა, რეალობაა. მთელი ღამე ვიტირე, დილით კი ავდექი, მაკიაჟი გავიკეთე და ქორწილში წავედი. არა იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი.“

ლიმდას თქმით, ის უბრალოდ ფაქტის წინაშე დააყენეს და არავის უკითხავს, სურდა თუ არა ასეთი ბედი. ის ცდილობდა პრინციპების დავიწყებას მხოლოდ იმ იმედით, რომ მის შვილებს სრულფასოვანი ოჯახი ჰქონოდათ, რაც თავად აკლდა ბავშვობაში.
სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა. როგორც ლიმდას გარემოცვა იტყობინება, ის ფარულად შეხვდა ელინა ხატუევას (ქალს, რომელიც იმრანმა მეორე ცოლად მოიყვანა). საუბრისას ორივე მიხვდა, რომ ისინი მამაკაცის მანიპულაციების მსხვერპლნი გახდნენ.
შედეგად, ელინამ, რომელსაც საზოგადოება ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებდა, ასევე მიატოვა იმრანი. ელინამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"ერთხელ ფინჯანი გამიტეხეს და მას მერე მისი დაწებება სცადეს. მაგრამ ახლა ამ ფინჯნის ხელში დაჭერის მეშინია... საქმე ფინჯანში კი არა, ნდობაშია.“
საზოგადოების რეაქცია და ღალატის ქრონიკა
აღმოჩნდა, რომ იმრანი წლების განმავლობაში, ლიმდას ზურგს უკან, ფარულად ხვდებოდა ელინას. საზოგადოების ნაწილი ელინას მიმართ მკაცრია და მას სხვის უბედურებაზე აგებულ "ბედნიერებაში“ ადანაშაულებს:
"შენ დაამსხვრიე მთელი ნაკრები და არა მხოლოდ ფინჯანი! შეხვედი ოჯახში, სადაც ბედნიერი ცოლი და შვილები იყვნენ.“
"ყველაფერი, რაც ღალატით იწყება, ადრე თუ გვიან ღალატითვე მთავრდება", - წერენ კომენტარებში.
ამჟამად 28 წლის ლიმდა აცხადებს, რომ ირჩევს საკუთარ სიმშვიდეს, ღირსებას და მომავალს, რათა მის შვილებს ფსიქოლოგიურად ჯანსაღი დედა ჰყავდეთ. "გული ბევრს ითმენს, მაგრამ გონებამ ერთხელაც უნდა გაიმარჯვოს", - ამბობს ქალი.
წაიკითხეთ ასევე: