უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკას დედა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში, მატარებლით მგზავრობისას უცნობმა მამაკაცმა მოკლა, დონალდ ტრამპმა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას მიიწვია და სხვა საპატიო სტუმრებს შორის, აშშ-ის პირველი პირის ყველაზე გრძელ გამოსვლას დაასწრო.

მიმართვა, რომელიც 1 საათი და 48 წუთი გრძელდებოდა, ქვეყნის მდგომარეობას ეხებოდა.
მოხსენებას ესწრებოდნენ აშშ-ის მამაკაცთა ჰოკეის ნაკრების წევრები, მადუროს დატყვევების დროს დაჭრილი პილოტი და სხვები.


გამოსვლის დაწყებამდე დემოკრატმა ალ გრინმა კონგრესში პლაკატი გაშალა წარწერით - „შავკანიანები მაიმუნები არ არიან“. ის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

„[ირინას მკვლელი] წამოდგა და სასტიკად დაჭრა გოგონა კისრისა და სხეულის არეში. არავინ დაივიწყებს იმ მატარებელში მყოფ ადამიანებს. არავინ დაივიწყებს ირინას სახეზე არსებულ საშინელ გამომეტყველებას, როდესაც სიცოცხლის ბოლო წამებში თავდამსხმელს უყურებდა. ის მყისიერად გარდაიცვალა. ირინა სასტიკ ომს გაექცა, მაგრამ მოკლა გააფთრებულმა დამნაშავემ. ქალბატონო ზარუცკა, დღეს საღამოს გპირდებით, რომ თქვენი შესანიშნავი ქალიშვილის, ირინასთვის, სამართლიანობას მივაღწევთ“, - თქვა ტრამპმა.
ამის მოსმენისას ირინას დედას, ანა ზარუცკას ცრემლები წასკდა. მის გვერდით იჯდა Turning Point USA-ს დამფუძნებლის, ჩარლი კირკის ქვრივი ერიკა კირკი.
ემოციურ მომენტში ტრამპმა დემოკრატები გააკრიტიკა. მისი თქმით, ფეხზე არ წამოდგნენ ირინა ზარუცკაზე საუბრისას,
„როგორ შეიძლება ასეთ დროს ფეხზე არ დადგე?“ - იკითხა ტრამპმა და დემოკრატებისკენ გაიშვირა თითი.

ირინას მამამ ვერ შეძლო მის დაკრძალვაზე დასწრება, რადგან იმ დროისთვის საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში იმყოფებოდა.
გაირკვა, რომ 34 წლის ბრაუნი 2007 წლიდან სულ მცირე 14-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულებისთვის - მათ შორის ფიზიკური ძალადობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის, ძარცვისა და ქურდობისთვის.
ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ემუქრება.